რიო 2016: ავსტრალია-აშშ 88:98 - "კენგურუები" კინაღამ ამერიკას გადაახტნენ [VIDEO]

AutoSharing Option
- ეს იყო პირველი ნამდვილი მატჩი ჩემი ბიჭებისთვის, - განაცხადა ამერიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაიკ კშიშევსკიმ, - ავსტრალია შესანიშნავი გუნდია, კარგი მატჩი ჩაატარა, თუმცა გამარჯვება დავიმსახურეთ და სასიამოვნოა, რომ ყველაფერი ჩვენ სასარგებლოდ დასრულდა.

ამერიკელთა მწვრთნელის სიტყვებიდან გვექმნება ზოგადი წარმოდგენა მიმდინარე ოლიმპიადის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ შეხვედრაზე, რომელიც ზოგიერთმა სპეციალისტმა წინასწარ ფინალად მონათლა.

საკითხავია, როგორ მოახერხეს ავსტრალიელებმა "ოცნების გუნდის" ანერვიულება? პასუხი "კენგურუების" ცენტრ ენდრიუ ბოგატს აქვს. მან მატჩამდე განაცხადა: ამერიკის ნაკრებთან სათამაშოდ ყველა გუნდი წაგებული გადის, კალათბურთელები მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, მატჩის შემდეგ
NBA-ს ვარსკვლავებს ავტოგრაფი როგორ ჩამოართვანო.

ავსტრალიის ნაკრები სულ სხვა განწყობით გავიდა და პირველი ტაიმი მოიგო კიდეც - 54:49. სწორედ ამ დროს ბევრმა სტატისტიკოსმა ინტერნეტში ამოქექა და აღმოჩნდა, რომ ამერიკელებს ბოლოს 10 წლის წინ ჰქონდათ წაგებული.

ავსტრალიელები ძალიან სწრაფად თამაშობდნენ და მწვრთნელიც ხშირ ცვლილებებს მიმართავდა, რათა ძირითად ხუთეულს ენერგია ბოლომდე შერჩენოდა. პეტი მილსსა და მეტიუ დელავედოვას ფარქვეშიდან კარგად უბამდა მხარს ენდრიუ ბოგატი.

თუმცა მისი მოედნიდან გასვლის შემთხვევაში დიდი პრობლემები იქნებოდა ავსტრალიელთა ფარქვეშ. საბოლოოდ აშშ-ის ნაკრებმა მეტოქის ფარიდან 21 ბურთი მოხსნა. ავსტრალიელები სისწრაფეში შეცდომებსაც უშვებდნენ, საბოლოოდ 17-ზე ავიდნენ...

ეს ყველაფერი არ შეიძლებოდა, შედეგზე არ ასახულიყო. აისახა, ოღონდ უმნიშვნელოდ - "ოცნების გუნდმა" 10 ქულის სხვაობით მოიგო - 98:88. სერბეთისა და საფრანგეთის მძლეველი ავსტრალია კი აშშ-ის ნაკრების შემდეგ შეჯიბრების მეორე ფავორიტად იქცა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
ამავე ჯგუფში სერბეთმა და საფრანგეთმა თანაბრად იბრძოლეს და წინასწარ შეიძლებოდა იმის თქმა, რომ გამარჯვებულის ბედს ბოლო წამები გადაწყვეტდნენ. მოგების შანსი ორივე გუნდს ჰქონდა:

საფინალო სირენამდე 2 წუთით ადრე სერბები 75:70-ს იგებდნენ. თუმცა დარჩენილ დროში ნანდო დე კოლომ და ტონი პარკერმა 6:0 გაქცევა მოაწყვეს და მატჩის დასრულებამდე 31 წამით ადრე ფრანგები 76:75 დააწინაურეს.

ბალკანელებს შეტევისთვის სრული 24 წამი ჰქონდათ, მაგრამ ბოგდანოვიჩს დე კოლომ ჩაუჭრა და როცა ყველას ეგონა, რომ ნანდო გაჩერდებოდა და დროის გასვლას (ან მეტოქის ფოლს) დაელოდებოდა, ბურთი ჩასატენად აუგდო ნიკოლა ბატუმს. მან მიზანში ვერ მოარტყა და სერბეთს თამაშის გადასარჩენად 4 წამი დარჩა.

ბოგდანოვიჩი მეტოქის ნახევარზე სწრაფად გადავიდა, სამქულიანიც სტყორცნა, მაგრამ მიზნამდე და გამარჯვებამდე ცოტა დააკლდა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული