რიო 2016: ბოლო იმედი - ბოლქვაძისა და ნადარეიშვილის გზები მედლებისკენ

AutoSharing Option
დღეს რიოში, "ბერძენ-რომაელთა" ტურნირში ჩვენი ბოლო ორი მონაწილე ჩაებმება: შმაგი ბოლქვაძე (66 კგ) და რევაზ ნადარეიშვილი (98). ვნახოთ, გვიხსნიან თუ ვერა სირცხვილისგან.

- რიო 2016: ქართველი ოლიმპიელების განრიგი 16 აგვისტოს

66 კგ წონით კატეგორიაში ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონსა და ევროპის წლევანდელ მესამეპრიზიორ შმაგი ბოლქვაძეს თითქოს გაუმართლა წილისყრაში, მაგრამ მაინც ძნელ ჯგუფშია. მას ფინალამდე ასცდნენ რუსი და აზერბაიჯანელი მეტოქეები, მაგრამ ბადეში ახლოს ჰყავს ერთ დროს მრისხანე ირანელი, წინა ოლიმპიადის ფინალში რევაზ ლაშხის მომგები ომიდ ნოროოზი.

ბოლქვაძე საკვალიფიკაციო ეტაპზე თავისუფალია, ანუ ერთ წრეს
გამოტოვებს, მერვედფინალში კი თავის პირველ შეხვედრას ფინელ ტერო სეპო ვალიმაეკისთან გამართავს. მას თუ მოუგებს, აი, შეიძლება მერე შეხვდეს ირანელს, ვინც უკვე 30 წლისაა და შარშანდელი სეზონი ჩააგდო. ლონდონის თამაშების შემდეგ მან მხოლოდ ერთხელ მიაღწია დიდ წარმატებას - 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა, სადაც სერბ დავორ სტეფანეკთან წააგო. ვნახოთ, იქნებ ახალგაზრდა ბოლქვაძემ შეძლოს გამოცდილი ვეტერანის ძლევა.

ბადის ამავე მხარეს არიან იგივე სტეფანეკი, უტიტულო და ახალბედა იაპონელი ტომოჰირო ინუე, კიდევ ერთი მსოფლიოს ჩემპიონი, გერმანელი ფრენკ სტაბლერი და ლიტველი მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი ედგარას ვენკაიტისი. ამათგან მერვეფინალში სტაბლერი ინუეს ხვდება, სტეფანეკი - ვენკაიტისს, ამ კვარტეტიდან უძლიერესი კი ნახევარფინალში ბოლქვაძის ჯგუფზე გადის.

98 კგ წონით კატეგორიაში რევაზ ნადარეიშვილი მერვედფინალიდან იჭიდავებს, ანუ ერთი წრე ისიც დაისვენებს, მისი პირველი მეტოქე კი ბულგარელი ელის გურისა და ალჟირელი ჰამზა ჰალუის შეხვედრაში გაირკვევა. აქ ფავორიტი ელის გურია, ვინც ეროვნებით ალბანელია, ტიტულებით კი - მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის ორგზის ბრინჯაოსმედალოსანი.

ამ ბარიერის დაძლევით ნადარეიშვილი მეოთხედფინალში გავა, სადაც მეტოქედ ბელორუს ევროპის ჩემპიონისა და მსოფლიოს ფინალისტი ტსიმაფეი დზეინიჩენკას, შვედი კარლ ფრედრიკ სტეფან შოენის, უნგრელთა მსოფლიოს ჩემპიონ ბალას კისისა და უკრაინელი ევროპის ვიცე-ჩემპიონის, მსოფლიოს მედალოსან დმიტრი ტიმჩენკოს კვარტეტიდან გასული ეყოლება.

წილისყრამ ფინალამდე ნადარეიშვილსაც ააცილა რუსი და აზერბაიჯანელი ფალავნები, ასევე - თურქი და უძლიერესი სომეხი მეტოქე, თუმცა ნახევარფინალის სავარაუდო კონკურენტთა შორის ირანელი ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს არაერთგზის მედალოსანი გასემ რეზაეი ჰყავს, ოღონდ ჯერ იქამდე უნდა მივიდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული