რომან რურუა: ამ დღეში ვიქნებით მომავალ ოლიმპიადაზეც და იმის შემდეგაც!

AutoSharing Option
რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა წარუმატებელ გამოსვლაზე კომენტარი ოლიმპიურმა და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა რომან რურუამ გააკეთა.

- ისევ უმედლოდ: ნაკრები ოლიმპიადისთვის მზად არაა!

"რაც გვჭირს, ეს არც დღევანდელი ამბავია, არც გუშინდელი და გუშინწინდელი, ეს ჩვენი უსუსური სისტემის ბრალია. სისტემაშია მიზეზი საძიებელი, თორემ ნიჭიერი ახალგაზრდები ყოველთვის გვყავდა, გვყავს და გვეყოლება, მაგრამ მუშაობას არ გარდავქმნით, არ შეიცვლება ახალგაზრდების ფიზიკური აღზრდა, შედეგი მაინც ის იქნება, რაც დღეს გვაქვს.

ამას დასჭირდება დაწყებიდან, მინიმუმ, 7-10 წელიწადი. ეს ასე
უცებ არ ხდება. ჩვენ ამ დღეში ვიქნებით მომავალ ოლიმპიადაზეც და იმის შემდეგაც.

უნდა მოხდეს საზოგადოების ფიზიკური აღზრდა, ამაღლდეს გამძლეობა. როცა ფიზიკურად ძლიერი ხარ, კარგად აზროვნებ, ესენი კი ვერ აზროვნებენ ხალიჩაზე, რადგან სულ უჭირთ სუნთქვა. ეს ქართველების მარადიული პრობლემაა - 15 წუთი იყო ჭიდაობა, 12, 10 თუ 9, სულ უჭირდათ. 6-ზე დაიყვანეს და კიდევ უჭირთ. ეს პრობლემა ქვეყანაში სერიოზულად დგას და ამ მხრივ ღრმა ანალიზია გასაკეთებელი, ამაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს.

სისტემური ცვლილებების აუცილებლობაზე რამდენჯერმე მქონდა ლაპარაკი ხელმძღვანელობასთან - ოლიმპიური კომიტეტის, სპორტის სამინისტროს, ქვეყნის მაშინდელ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთანაც. დიდი სპორტი უნდა გადაეცეს ოლიმპიურ კომიტეტს, სპორტულ აღზრდას კი უნდა მიხედოს სამინისტრომ, სახელმწიფომ. საბავშვო ბაღში, სკოლაში, უმაღლეს სასწავლებელში, ანუ განათლების სისტემაში, ჯარში რა მდგომარეობაა ამ მხრივ, ამ ყველაფერს უნდა აკონტროლებდეს სპორტის სამინისტრო. მათ შორის - ჯანდაცვის სამინისტროც, რომელსაც ევალება ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

კონკრეტულად დღევანდელ ჭიდაობას რაც შეეხება, სპორტსმენებს შეჯიბრების წინ დიდი დატვირთვა არ სჭირდებათ, ჩვენთან კი ეს ბოლო დღემდე გრძელდება. სამწუხაროდ, არ ხდება ინდივიდუალური გეგმის შედგენა. მეტიც - დავით დავითაიას გარდა, ერთ კაცს ვერ ნახავ, ასეთი გეგმა რომ ჰქონდეს. აი, ის დავით ჩაკვეტაძე აქ რომ დარჩენილიყო, იგივე შედეგი ექნებოდა, რაც - კობლიაშვილს.

შესანიშნავი ბიჭია ზურაბ დათუნაშვილი, ბრწყინვალე მონაცემები აქვს, მაგრამ მას მომზადება უნდა. ვფიქრობ, მათ დასვენება არ ჰყოფნით, ფსიქოლოგიურად არ არიან მზად. თან განწყობას ვერ უქმნიან ბიჭებს. სპორტსმენისთვის ნერვები იგივეა, რაც - აკუმულატორი. როცა ის ახალია, კარგად იქოქება, მაგრამ თუ გაცვდება, აკლდება ძალა. ჩვენი ბიჭებიც ასე არიან, განწყობას ვერ უქმნიან.

არადა, ემოცია - ეს სპორტსმენის დოპინგია, რომელიც რაც უფრო მაღალია, მით უფრო აგამაღლებს, გამოძრავებს, შემართებას გაძლევს. სამწუხაროდ, ემოციისგან გამოცლილები არიან.

ზოგადად, ჭიდაობაზეც მინდა ვთქვა, რასაც ამ ოლიმპიადაზე ვხედავ: ჭიდაობის ნაცვლად ცხვირს უხოცავენ ერთმანეთს, ისე ძიძგილაობენ ცხვირ-პირით. არ უნდა გეშინოდეს გადაგდების - თუ დაგიხურავენ, უნდა ისწავლო დახურვა, ახლა კი არავინ შედის შეკვრაზე და მიდის ჯიკაობა. მსაჯი რომ ვიყო, ამათ არ ვაჭიდავებ.

დაღუპეს და გაანადგურეს ეს უძველესი ოლიმპიური სახეობა მსოფლიოს ფედერაციის ამ უვიცებმა. მრცხვენია, ბერძნულ-რომაულს რომ ვჭიდაობდი, მაგრამ ასე არ მიჭიდავია! გლახაკები!"

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
რურუას თუ არ დაუჯერებ აბა ვის?
ვახო
09:42 17-08-2016
0
ეს სამარცხვინო ბღლარძუნი უნდა გაუქმდეს საერთოდ და თუ რამე კარგი მოეპოვება,ის უნდა შეერწყას თავისუფალ ჭიდაობას, რომელიც ასევე არასანახაობრივი გახდა,თუმცა ამ საშინელებას ჯობია მაინც.
იქნება თავისუფალი და ძიუდო.
გაგა
09:44 17-08-2016
0

სიახლეები პოპულარული