მოგეხსენებათ, საქართველო ბრაზილიაში ოლიმპიურ ფორუმზე აქამდე სარეკორდო გუნდით - 40 მონაწილით წარსდგა და არც შედეგი დაეწუნება - რაოდენობრივად გაიმეორა წინა, ლონდონური თამაშების მიღწევა და 7 მედალი მოიპოვა, რაც ჯერჯერობით სარეკორდოა დამოუკიდებელი ქართული ოლიმპიზმისთვის.
სამაგიეროდ, აუღებელი რჩება ხარისხობრივი სიმაღლე - 3 ოქრო, რაც პეკინის ოლიმპიადაზე მოვიპოვეთ.
არადა, რიო დე ჟანეიროში ძალიან ახლოს ვიყავით ამ რეკორდის გამეორებასთან, რაც ორივე პარამეტრით (ოქრო+მედლების რაოდენობა) ახალი სიმაღლე იქნებოდა ქართული
მოგეხსენებათ, ბრაზილიაში ჩვენებმა 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვეს. ეს 7 ჯილდო სპორტის 3 სახეობაზე მოდის - ძალოსნობაზე, ძიუდოსა და ჭიდაობაზე. განსაკუთრებით შთამბეჭდავად ძალოსნებმა იასპარეზეს: ოლიმპიური ჩემპიონობა, მსოფლიოს რეკორდი და ერთბაშად ორი კაცი ერთი წონის კვარცხლბეკზე - ამ "მძიმე ხალხმა" შედეგიც ასეთივე დიდი და გამორჩეული მოიმკო.
მართლაც საოცრად იასპარეზა მსოფლიოს ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ (+105), ვინც ჩემპიონობას არ დასჯერდა, მსოფლიოს რეკორდს თამამად შეუტია და დაამყარა კიდეც - 473 კილოგრამით პლანეტის ყველაზე ძლიერი მამაკაცი გახდა. ამავე წონაში არანაკლებ ივაჟკაცა ევროპის ჩემპიონმა ირაკლი თურმანიძემ და 31 წლის ასაკში მესამეზე გავიდა.
მეორე ოქრო და პლუს ორი ბრინჯაო საჭიდაო სახეობებზე მოდის: დამსახურებული ჩემპიონი გახდა ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57) თავისუფალ ჭიდაობაში. ამავე სტილში მესამეზე გენო პეტრიაშვილი (125) გავიდა, ხოლო იმავე სინჯის მედალი ბერძნულ-რომაულში შმაგი ბოლქვაძემ (22) მოიპოვა.
დარჩენილი ორი მედალი - ვერცხლი და ბრინჯაო ძიუდოს ნაკრების მონაგარია: ვალერი ლიპარტელიანი (90) მხოლოდ ფინალში დამარცხდა, წინა თამაშების გამარჯვებულმა ლაშა შავდათუაშვილმა (73) კი ამჯერად ახალ წონით კატეგორიაში ბრინჯაო მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ლეგენდარული შოთა ჩოჩიშვილის შემდეგ ის გახდა მეორე ქართველი ძიუდოისტი, ვინც ორი ოლიმპიური მედალი მოიპოვა, თუმცა დამოუკიდებელი ქართული ძიუდოს ისტორიაში ამ მხრივ პირველია.
სამი საინტერესო დამთხვევაც ამ სხვადასხვა თაობის ძიუდოისტთა შორის - ოლიმპიადებზე ორივემ ოქრო და ბრინჯაო მოიპოვა; ორივემ ეს სხვადასხვა წონაში გააკეთა და ორივე გორელია! თუმცა 24 წლის შავდათუაშვილს კიდევ შეუძლია ოლიმპიადებზე გამოსვლა (ცხადია, ლიცენზიას თუ მოიპოვებს).
საინტერესოა, რომ ანალოგიური პერსპექტივა თითქმის ყველა მედალოსანს აქვს: ტალახაძე, პეტრიაშვილი და ბოლქვაძე 22 წლისანი არიან და თუ შიდა სანაკრებო კონკურენცია დაძლიეს, მინიმუმ, 2 ოლიმპიადაზე თავისუფლად შეუძლიათ გამოსვლა. ხინჩეგაშვილი 25 წლისაა, ლიპარტელიანი - 27-ის და მათაც ასევე შეუძლიათ მომდევნო თამაშებზე მოხვედრა. ერთი სიტყვით, ახლანდელი ოლიმპიური გუნდი ძალიან ახალგაზრდულია, რომელმაც სიმწიფის ასაკს ტოკიოში უნდა მიაღწიოს, ეს კი კარგ პერსპექტივას გვიქადის, ოღონდ საჭიროა სწორი მართვა ცალკეულ ფედერაციებში და მთლიანად ქართულ სპორტში.
თან აქ ჩვენ მხოლოდ მედალოსნებზე ვსაუბრობთ, თუმცა ახლანდელ ოლიმპიელთა შორისაც ბევრია ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდა - სპორტული სამყაროს გამაოცებლები, ზაზა ნადირაძე (კანოე), სალომე ფაჟავა (ტანვარჯიში), ცოტნე მაჭავარიანი (ტყვიის სროლა), ბექა ღვინიაშვილი (ძიუდო)... პერსპექტიულები სხვებიც არიან (თუნდაც ძალოსნები გავიხსენოთ), მაგრამ აქ ყურადღება განსაკუთრებით გამორჩეულებზე შევაჩერეთ - დაგვეთანხმებით, სწორი მუშაობის შემთხვევაში ყველა მათგანი ტოკიოში ფავორიტად ჩავა, თუმცა მომდევნო ოლიმპიადებზეც შეუძლიათ გამოსვლა.
საინტერესოა, რომ მედალოსნებიდან 3 წარმომადგენელი გორელია - ხინჩეგაშვილი, შავდათუაშვილი და პეტრიაშვილი. ორი სპორტსმენი ჰყავს აჭარას - ბოლქვაძე და თურმანიძე, ტალახაძე საჩხერელია, ლიპარტელიანი კი თბილისშია დაბადებულ-გაზრდილი, თუმცა, მიზეზთა გამო, შიდა შეჯიბრებებში ისიც აჭარას წარმოადგენს.
რიო დე ჟანეიროში ქართული სპორტი 12 სახეობის 14 დისციპლინით იყო წარმოდგენილი. ამ ფონზე მხოლოდ 3-ის წარმატება არცთუ კარგი შედეგია, მაგრამ ზოგიერთ სახეობაში ძალიან კარგი ახალგაზრდები გამოჩნდნენ, რომელთა იმედი ნამდვილად უნდა გვქონდეს.
ფაჟავას აქამდეც კარგად ვიცნობდით და რომ არა ფეხის ტრავმა, ვინ იცის, ეგებ მეტი მედალიც გვქონოდა. ასაკობრივ ტურნირებში ნადირაძესაც ჰქონდა მედლები, მაგრამ ოლიმპიადაზე მის ასეთ "გამოვარდნას" ვერავინ წარმოიდგენდა და რომ არა გამოუცდელობა, ბრინჯაოს მედალი სავსებით რეალური იყო. ძალოსნობაც კარგ რელსებზე დადგა და მომავალში სერიოზული წინსვლაა მოსალოდნელი, მაგრამ სპორტის გუნდურ სახეობებში, ხოლო ინდივიდუალურებიდან ისეთ მასობრივებში, როგორიც მძლეოსნობა და ცურვაა, კვლავაც არასახარბიელო ვითარებაა - ჯერჯერობით აქ მედლის არანაირი პერსპექტივა არ გვიჩანს.
ამ 7 მედლით საქართველო საერთო გუნდურ ჩათვლაში 38-ე ადგილზე გავიდა, ოღონდ ეს დათვლის სისტემა მრავალგვარია და პირობითი. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი გადამწყვეტ მნიშვნელობას ოქროების რაოდენობას აძლევს და არა მთლიანად მედლებისას. სწორედ ამიტომ რეიტინგში გვისწრებენ, მაგალითად, ასევე 7-მედლიანი შვეიცარია (24-ე ადგილი), 6-იანი საბერძნეთი (26) და 4-იანი არგენტინაც (27), რადგან მათ 3-3 ოქრო აქვთ. კიდევ ერთი ოქროს მედალი (ანუ მერვე ჯილდოს მოპოვების შემთხვევაში) 25-ე ადგილს გაგვაყოფინებდა ირანთან ერთად.
თუმცა სოკ-ი მედლების საერთო რაოდენობითაც რომ ადგენდეს რეიტინგს, ჩვენ დაახლოებით ამავე პოზიციაზე ვიქნებოდით. ახლა სწორედ ოქროების რაოდენობით გავასწარით მედლების რაოდენობით ჩვენზე წარმატებულ ქვეყნებს: აზერბაიჯანს (18 მედალი), ბელარუსს (9), თურქეთს, ეთიოპიას (8-8), ჩეხეთს (10), რომლებსაც თითო ოქრო აქვთ. ამათგან ყველაზე შესაცოდი აზერბაიჯანია - 18 ჯილდო და მხოლოდ 1 ოქრო! იქაურებმა 7 ვერცხლი მოიპოვეს. აქედან 2-2 ფინალი ძიუდოსა და თავისუფალ ჭიდაობაში წააგეს, თითო - ქალთა ჭიდაობასა და კრივში, ერთი ვერცხლი კი კანოეში ირგუნეს.
კავკასიის რეგიონს თუ გადავხედავთ, მედლების ოდენობით აზერბაიჯანი ლიდერობს - 18 (1 ოქრო, 7 ვერცხლი და 10 - ბრინჯაო), თუმცა სოკ-სეული დათვლის სისტემით, ჩვენ ვუსწრებთ ამ 7 მედლით. სომხეთი ყველა პარამეტრით მესამეა - 4 მედალი (1 ოქრო და 3 - ვერცხლი).
ევროპის ქვეყნებს შორის საქართველო ახლანდელი რეიტინგით მე-19 ადგილზეა, თუმცა ჩვენ წინ მყოფთაგან რამდენიმეს რაოდენობრივად ნაკლები მედალი აქვს: საბერძნეთს და ბელგიას 6-6 აქვთ, სლოვაკეთს - 4. 7 ჯილდო აქვს შვეიცარიასაც, მაგრამ ისინი ოქროებით გვისწრებენ.
ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს თუ შევედრებით, ახლანდელი დათვლის სისტემით, ანუ როცა ოქროს მედლებს ენიჭება უპირატესობა, გაგიკვიდებათ და მეხუთეზე ვართ რუსეთის (56 მედალი: 19, 18, 19), უზბეკეთის (13: 4, 2, 7), ყაზახეთის (17: 3, 5, 9) და უკრაინის (11:2, 5, 4) შემდეგ. მედლების საერთო რაოდენობით თუ დავითვლით, ამ ოთხეულის გარდა, ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან მხოლოდ აზერბაიჯანი (18) და ბელარუსი (9) გვისწრებენ, ჩვენ კი მეშვიდეზე ვართ.
აღსანიშნავია, რომ ამ ჯგუფიდან დასახელებული შვიდეულის გარდა, მედლები მხოლოდ სომხეთმა (4), ტაჯიკეთმა (1), ლიტვამ (4), ესტონეთმა (1) და მოლდოვამ (1) მოიპოვეს, ხოლო ლატვია, ყირგიზეთი და თურქმენეთი უმედლოდ დარჩნენ.
მთლიანობაში რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე მედალი 87-მა ქვეყანამ მოიპოვა, სულ კი 204 ქვეყანა მონაწილეობდა. საქართველომ მედლების ოდენობით გაუსწრო (რაოდენობითაც და ოქროებითაც) ისეთ განვითარებულ ევროპულ ქვეყნებს, როგორიცაა სლოვენია (4 ჯილდო), ავსტრია (1), რუმინეთი (5), ირლანდიას (2), ლიტვას (4), ბულგარეთს (3), ნორვეგიას (4), ისრაელს (2), ფინეთს (1) და პორტუგალიას (1).
თუმცა ეს ოდნავადაც არ გვაძლევს თავის დამშვიდების საშუალებას, რადგან მთელ რიგ სახეობებში ბევრად მეტი შეგვეძლო, ზოგან კი საერთოდ ვერც მოვხვდით ოლიმპიადაზე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ყალბი სამიზნეების დასახვა აიოლებს შედეგის ინტერპრეტაციას. სხვა ქვეყნებთან შედარება თვალთმაქცობაა, პრობლემებს და სინამდვილეს აცდენილი აზროვნების დემონსტრაცია არის. თითოეულ სპორტის სახეობაში საუკეთესო შედეგებთან უნდა მოხდეს შედარება ჩვენი სპორტსმენების შედეგების. ოლიმპიადაზე 37 სპორტის სახეობაა თუ არ ვცდები, აქედან ჩვენ მხოლოდ 12 სახეობში გვყავდა წარმომადგენელი და მხოლოდ 3 სახეობაში ავიღეთ მედლები! 9 სახეობაში სრული ფიასკო განვიცადეთ. ეს არის წარმატებული გამოსვლა? არა არის. ჩვენთვის ტრადიცულად ძლიერ სპორტის სახეობებში, ძიუდოში და ჭიდაობაში სირცხვილს გადაგვარჩინეს სპორტსმენებმა, ძიუდოში ოქრო ვერ ავიღეთ, ხოლო ჭიდაობაში 1 ოქრო. რუსებმა არა მხოლოდ ოქრო წაგვართვეს ოლიმპიადაზე, ქართველი სპორტსმენიც წაგვართვეს. დაფდაფებს რომ დაკრავთ და მკერდზე მუშტებს ირტყავთ ხალხი ბრმა ხომ არ გგონიათ? ზღვა სამუშაო არის გასაკეთებელი რომ ახალგაზრდა თაობებს სპორტში ჩართვის საშუალება გაუჩნდეთ. განსაკუთრებით სოფლად არ არსებობს არანაირი სპორტული კომპლექსები, აუზები, მოედნები... ძალიან დაბალ სტანდარტებს უწესებთ პოლიტიკოსები და მედია საკუთარ თავს.
რა ვიცი, ყველა იმას მედავება, მხოლოდ კრიტიკას წერო. ))))
ისე, მაინც სად ნახე ჩემი დამალული სიმართლე?
მერაბი
აზერებზე თავიდან მეც მასე ვფიქრობდი, რა მუღამი აქვს ამ ლეგიონერების მოპოვებულ მედლებს-მეთქი, მაგრამ რაც შარშან ვნახე ევროთამაშებზე, მივხვდი, რატომაც აკეთებენ ამას და რატომ გადაჰყავთ მასიურად სხვა ქვეყნებიდან სპორტსმენები. იდეოლოგიის ამბავია - ამით ერში გამარჯვებულის ფსიქოლოგიას აყალიბებენ. მათთვის მთავარია, გაიმარჯვოს აზერბაიჯანელმა, აიწიოს მათი დროშა, აჟღერდეს მათი ჰიმნი და სულ არ აინტერესებთ, რა ეროვნების ათლეტი გააკეთებს ამას.მთავარია, აზერბაიჯანი იყოს გამარჯვებული, რადგან ეს ქვეყნის ცნობადობის ამბავია. უნდა გენახა, ევროთამაშებზე თვით შავკანიან მორბენლებსაც კი როგორ ქომაგობდნენ - ნაღდი აზერებივით გულშემატკივრობდნენ, ყირაზე გადადიოდნენ.