ბოლომდე მოგყვები, ოლიმპიურ ჩემპიონობამდეო - ინტერვიუ გენო პეტრიაშვილთან

AutoSharing Option
გენო პეტრიაშვილმა რიოს ოლიმპიადაზე გაგვახარა, თუმცა გარკვეულწილად გულიც დაგვწყვიტა. ბრინჯაოს მედალი, რომელიც მან რიოში მოიპოვა, სასიხარულოც იყო და ცოტა საწყენიც, რადგან ოლიმპიური მედლით ძნელია უკმაყოფილო იყო, მაგრამ ვერც იმას ავუვლით გვერდს, რომ ჩვენს ფალავანს აშკარად მეტი შეეძლო.

ჩანს, ანალოგიურად აფასებს პეტრიაშვილიც თავის გამოსვლას რიოში, თუმცა ამ მოკლე შეფასების მიღმა კიდევ ბევრი საინტერესო ნიუანსია.

გორელი თავისუფალი სტილის მოჭიდავე, რომელსაც ჭიდაობის და, საზოგადოდ, სპორტის გულშემატკივარიც უკვე საკმაოდ კარგად იცნობს, ოლიმპიადის დღეებში უფრო ფართო აუდიტორიამ გაიცნო და შეიყვარა. ამასთან, ყველამ ნახა, რომ ახალგაზრდა,
23 წლის ფალავანი პრესტიჟულ მძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოში ყველაზე გამორჩეულთა შორისაა. მიუხედავად ასაკისა, მან დიდებში უკვე შეძლო მსოფლიოს და ევროპის პრიზიორობა, წლეულს ევროპის ჩემპიონიც გახდა, აგერ ახლახან ოლიმპიური ბრინჯაოს მედალიც დაიმსახურა. აქამდე კი, როგორც ჭაბუკთა, ისე ახალგაზრდებს შორის ევროპის და მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონიც გახლდათ.

მისი ტიტულები ბევრზე ამბობს, ახლა კი ვნახოთ, რას ამბობს თავად გენო პეტრიაშვილი.

- რიოდან წამოსული ოლიმპიადას ბრინჯაოს მედლით რომ ტოვებდით, კმაყოფილების განცდა ჭარბობდა, თუ მაინც უკმაყოფილო იყავით, რადგან ოქროს ვერ შესწვდით?
- გარკვეულწილად გული დამწყდა, რადგან მეტი შემეძლო და ახლოს ვიყავი ფინალში ჭიდაობასთან. მთლიანობაში, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ, რადგან ეს ჩემთვის პირველი ოლიმპიადა იყო და უძლიერეს კონკურენტებთან ბრძოლაში იქ ასპარეზობა მედლით დავასრულე.

- რით ჯობია ეს ბრინჯაოს მედალი მსოფლიოს ჩემპიონატზე თქვენ მიერ მოპოვებულ ამავე სინჯის მედალს?
- იქაც მსოფლიოს უძლიერესი ფალავნები ჭიდაობდნენ და რიოშიც. მედლის მოპოვება იოლი არცერთგან ყოფილა. თუმცა, ოლიმპიურ მედალს უფრო მეტი ემოციური დატვირთვა ახლავს და საზოგადოებაშიც უფრო დიდი რეზონანსი მოჰყვება. ამიტომ, ოლიმპიური მედალი უფრო ძვირფასია.

- პირველად იყავით ოლიმპიადაზე და ერთგვარი ფსიქოლოგიური წნეხიც თუ ახლდა ასპარეზობას?
- ზოგადად, რასაკვირველია, ახლავს მას ასეთი წნეხი, მით უფრო დებიუტანტისთვის. ამის თაობაზე ჩვენი გამოცდილი მოჭიდავეები რიოში წასვლამდეც მაფრთხილებდნენ. ჩემმა მეგობარმა ლადო ხინჩეგაშვილმაც, როგორც ამ მხრივ აგრეთვე გამოცდილმა, ზედმიწევნით დამარიგა, როგორ გავთავისუფლებულიყავი ზედმეტი ემოციისგან. ისე, არ დავმალავ და შეჯიბრების მიმდინარეობისას ცოტას მაინც ვღელავდი. თუმცა, წაგება ამის ბრალი ნამდვილად არ ყოფილა.

- წინა საოლიმპიადე სამზადისიდან გამომდინარე, რიოს თამაშებს სპორტული ფორმის პიკზე შეხვდით?
- ამაზე ამასწინათაც ვფიქრობდი. უფრო უკეთეს სპორტულ ფორმაში ევროპის ჩემპიონატს ხომ არ შევხვდი-მეთქი, მაგრამ არა, მიმაჩნია, რომ როგორც ევროპის ჩემპიონატს, სადაც ჩემპიონი გავხდი, ისე რიოს თამაშებს - თანაბრად კარგად მომზადებული შევხვდი.

- მოგეწონათ ბადე, რომელშიც კენჭისყრის შედეგად აღმოჩნდით?
- კენჭისყრისას მე და ბილიალ მახოვმა (რუსეთი) მიყოლებული ნომრები ამოვიღეთ და ვიფიქრე, რომ მას უნდა შევხვედროდი. თუმცა, ნაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებდი ვისთან მომიწევდა ჭიდაობა, რადგან გამარჯვება მქონდა მიზნად დასახული. ცხადია, ისიც გაცნობიერებული მქონდა, რომ ადრეულ ეტაპზე, ან გვიან მაინც, ფავორიტებს უნდა გადავყროდი. ამიტომ, კენჭისყრის შემდეგ საკუთარ თავს ვუთხარი: "გენო, გადი ხვალ ხალიჩაზე და იჭიდავე ჩემპიონობამდე!".

- თუმცა მახოვი აგცდათ, რადგან ის ალან ზასიევმა (უკრაინა) გამოთიშა. თქვენ კი ბულგარელმა კუმჩევმა ვერაფერი მოგიხერხათ...
- კუმჩევი კარგი მოჭიდავეა, ოღონდ მასთან გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ მართლაც არ დამიყენებია. იოლად მოვიგე და კიდევ უფრო დიდი ბრძოლისთვის მოვემზადე.

- მომდევნო მეტოქე ზასიევი, ტიტულოვანია და ოლიმპიადაზე თქვენი მთავარი კონკურენტთაგანი იყო...
- მისი და მახოვის შეხვედრის წინ ჩემი მეგობრები ვარაუდობდნენ, რომ ეს უკანასკნელი მოიგებდა. მახოვი, რასაკვირველია, უდიდესი ფალავანია, თუმცა იქ რატომღაც უფრო ზასიევის გამარჯვებას ვფიქრობდი. როგორც ნახეთ, ასეც მოხდა. უშუალოდ ჩემი და ზასიევის დაპირისპირებისას კი შევეცადე უპირატესობა ხელში ამეღო, შემეტია და ჩემი კოზირები აქტიურად გამომეყენებინა. მიუხედავად მახოვთან რთული ბრძოლის გადატანისა, ალანი ჩემთანაც ბოლომდე ენერგიულად ჭიდაობდა და როდესაც ანგარიშში მნიშვნელოვანი უპირატესობით 9:2 დავწინაურდი, მაინც შეძლო დროის მოკლე მონაკვეთში 3 ქულა დაემატებინა საკუთარი აქტივისთვის. ბოლოს კი, მაინც გავაკონტროლე სიტუაცია და შეხვედრა გამარჯვებამდე მივიყვანე.

- და მივედით მეოთხედფინალამდე, სადაც ირანელ გასემის თავდაპირველად 3:0 უგებდით... დაწინაურების გამო ყურადღების მოდუნებამ ხომ არ გამოიწვია ბოლოსკენ ქულების დაკარგვა და საბოლოო ანგარიში 4:4, რომლითაც მოწინააღმდეგე გამოცხადდა გამარჯვებულად?
- ანგარიშში დასაწყისიდან მალევე დავწინაურდი მნიშვნელოვანი უპირატესობით, მაგრამ მერე არ ვიცი, რა დამემართა. ავირიე და ვერ დავალაგე გონებაში, როგორ იყო უმჯობესი, მემოქმედა შეხვედრის მიწურულს. არადა, მწვრთნელები სწორ მითითებებს მაძლევდნენ ხალიჩის მიღმიდან. ასე, თუ ისე, წავაგე და ამ მარცხის მიზეზებზე მწვრთნელებთან ერთად კიდევ ვიმუშავებ.

- ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გადართული, კანადელ ჯარვის კორეისთან თავიდან ცოტა უხასიათოდ გამოხვედით საჭიდაოდ, რაზედაც ქომაგები შევკრთით, ვიფიქრეთ - გენომ მოტივაცია ხომ არ დაკარგაო?
- არა, შესაძლოა გარედან ასე ჩანდა, მაგრამ მოტივაცია წამითაც არ დამიკარგავს. გადავწყვიტე, ბრინჯაოს მედალი მაინც ხელიდან არ გამეშვა და პირველ ყოვლისა დიდი მონდომების ხარჯზე კანადელს 9:2 ვძლიე.

- და ბრინჯაოსთვის ამერიკელ დლაგნევთან 31 წამში მოგება თქვენი ასპარეზობის ჩინებული გვირგვინი აღმოჩნდა. გულშემატკივარმა ძალიან იხალისა, მოწინააღმდეგე თითისტარივით რომ ატრიალეთ...
- დლაგნევი ძლიერი სპორტსმენია. ძლიერი მეტოქეები გამოთიშა შეჯიბრებას. თუმცა არ ვიცი მერე რა დაემართა. ვნახე, რომ ირანელმა გასემმა პარტერში გადაყვანით ადვილად მოუგო და თავადაც იმავე ხერხს მივმართე მის დასამარცხებლად.

- რიოში ჩემპიონი თურქი ტაჰა აკგული გახდა, რომელსაც თქვენ ევროპის ჩემპიონატზე მოუგეთ. გინდოდათ ამ უაღრესად ტიტულოვან ფალავანთან კიდევ ერთხელ დაპირისპირება?
- რატომაც არა, სიამოვნებით ვცდიდი კიდევ ერთხელ ძალებს მასთან. აკგული დიდი სპორტსმენია და რიოშიც მთავარი ფავორიტი მძიმე წონაში სწორედ ტაჰა გახლდათ. თურქმა ფავორიტის სტატუსი გაამართლა და ოქრო დაიმსახურა.

- მძიმე წონის გარდა, თავისუფალ ჭიდაობაში ყველა გამარჯვებულს თუ გადავხედავთ, რომელიმე ჩემპიონის წარმატება იყო თქვენთვის მოულოდნელი?
- არა, მიმაჩნია, რომ ამ ოლიმპიადამ ჩემპიონების თვალსაზრისით სიურპრიზების გარეშე ჩაიარა. ვინც ოქროს მედლები აიღეს, იმსახურებდნენ კიდეც ამას.

- მოპოვებული მედალი ვის მიუძღვენით?
- ცოტა ხნის წინათ გარდაცვლილი ბიძის ხსოვნას, რომელიც ამავე დროს ჩემი უფროსი მეგობარი და უაღრესად თბილი ადამიანი გახლდათ. წლეულს გაზაფხულზე ევროპის ჩემპიონი რომ გავხდი, ძალიან გაიხარა. მთხოვა, ოლიმპიადაზეც ოქრო აიღეო. სამწუხაროდ, ამჯერად ვერ შევუსრულე სურვილი და ძალიან მწყდება გული...

- ნუგზარ სხირელმა თქვა თქვენი კარიერის დასაწყისში: გავხდი გენოს ოლიმპიურ ჩემპიონს და თავს დავანებებ მწვრთნელობასო. თქვენ რომ ოლიმპური ჩემპიონი ვერ გახდით, ამას ის პლიუსი მაინც აქვს, რომ ბატონი ნუგზარის კარიერა ახლა ისევ გრძელდება...
- დიახ, რიოს მერეც მითხრა ნუგზარი მასწავლებელმა, ბოლომდე მოგყვები, ოლიმპიურ ჩემპიონობამდეო. მიხარია, რომ მისნაირი უძლიერესი მწვრთნელი გვყავს გორელებს და საერთოდ ქართველებს.

- გორელებს რიოს შემდეგ გყავთ თავისუფალ ჭიდაობაში პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი...
- ლადო არის უძლიერესი ფალავანი. აღფრთოვანებული ვართ ყველა მისი ჭიდაობით, ოსტატობის დონით. მან პირველივე დღეს იჭიდავა და ისე გამოვიდა, რომ თავიდანვე მთელი გუნდი განგვაწყო საბრძოლველად. მან მოგვცა საოცარი სტიმული დასაწყისიდანვე. ცალკეულ შეხვედრებში ქულებს რომ კარგავდა, მიგვაჩნდა, რომ ის ამ ქულებს უბრალოდ გასცემდა და ბოლოს მაინც აუცილებლად მიაღწევდა გამარჯვებას. მიხარია, რომ ასეც მოხდა.

ძალიან კმაყოფილი ვარ იმ სითბოსა და სიყვარულის გამო, რაც მთელმა საქართველომ ჩვენ მიმართ გამოხატა. მინდა, ყველას უღრმესი მადლობა გადავუხადო ამისთვის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
გენო პეტრიაშვილის დონის მოჭიდავე ამჟამად არ არის მსოფლიოში; ტიტულების მოპოვება მხოლოდ მასზეა დამოკიდებული
ავთო
10:42 12-09-2016
0
გენო შენს ძალას რომ ცოტა ტაქტიკაც მიახმარო ვერავინ ვერიქნება შენი მომგები. როცა იგებ შეტევას აღარუნდა აკეთებდე რა. გული მწყდება ამხელა პოტენციალი გაქ და ვერიყენებ ბოლომდე, დიდი მადლობა იმ სიხარულისთვის რაც მოგვანიჭე შენი გამარჯვებებით...კიდევ მრავალი და მრავალი ოგონდ ტაქტიკაზე იმუშავე ბევრი
dat...
15:11 11-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული