სპორტული ოსკარები: ბოლტი და ბაილზი - საუკეთესოები 2016 წელს

AutoSharing Option
მონაკოში გაიმართა საზეიმო ცერემონია, რომელშიც ლაურეუსის სპორტულმა აკადემიამ 2016 წლის ლაურეატები დაასახელა და ე.წ. "სპორტული ოსკარები" დაარიგა.

რვაგზის ოლიმპიური ჩემპიონი უსაინ ბოლტი გახდა წლის საუკეთესო სპორტსმენი მამაკაცებს შორის. იამაიკელმა ეს პრემია მეოთხედ მოიგო. 30 წლის ბოლტის გარდა, ამ პრიზზე წარდგენილნი იყვნენ ამერიკელი კალათბურთელები სტეფ კარი და ლებრონ ჯეიმსი, ბრიტანელი მორბენალი მო ფარა, პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო და ბრიტანელი ჩოგბურთელი ენდი მარეი.

ქალებს შორის 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენი გახდა ტანმოვარჯიშე სიმონა ბაილზი, რომელმაც რიოს ოლიმპიადაზე ოქროს ოთხი მედალი მოიპოვა, მათ შორის,
მრავალჭიდში. 19 წლის ამერიკელის კონკურენტები იყვნენ: გერმანელი ჩოგბურთელი ანჟელიკ კერბერი, რიოს ოლიმპიადის ორგზის ჩემპიონი, ბრიტანელი ველომრბოლი ლორა ტროტი, ამერიკელი და იამაიკელი მორბენლები ელისონ ფელიქსი და ელეეინ ტომპსონი, რიოს ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ამერიკელი მოცურავე კეტი ლედეკი.

სპორტის ისტორიაში ერთადერთი 23-გზის ოლიმპიური ჩემპიონი, ამერიკელი მოცურავე მაიკლ ფელპსი გახდა ლაურეატი პრემიისა - "წლის დაბრუნება".

გერმანელი ავტომრბოლი ნიკო როსბერგი, რომელიც 2016 წელს, ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, "წლის გარღვევის" პრიზის მფლობელია.

ინგლისის ჩემპიონი "ლესტერი" გახდა ლაურეატი პრემიისა - "სპორტის სული". "სპორტული აღმაფრენის" პრიზი მიიღო რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ლტოლვილების გუნდმა. "წლის გუნდი" გახდა ბეისბოლის ლიგის (MLB) ჩემპიონი "ჩიკაგო კაბსი", რომელიც 108 წელი ელოდა ჩემპიონობას.

შეგახსენებთ, რომ სპორტული ოსკარების ლაურეატებს ავლენს სპორტის 62 ლეგენდა, რომლებიც ლაურეუსის სპორტული აკადემიის წევრები არიან.

* * *
მონაკოში ყოფნისას, უსაინ ბოლტმა განაცხადა, რომ სერიოზულად ფიქრობს საფეხბურთო კარიერაზე და მიზანიც აქვს - ფეხბურთში უეინ რუნის დონეს მიაღწიოს.

"ბევრი რამის გაკეთება მინდა, მაგრამ არ ვიცი სად წავალ და რა საქმეს ავირჩევ. ყოველთვის მინდოდა ძალები მომესინჯა ფეხბურთში. ვნახოთ, რა გამოვა", - განაცხადა ბოლტმა.

"ნებისმიერ დონეზე გამოვცდი ძალებს, შევხედავ, მომაქვს თუ არა სარგებლობა, რადგან ყოველთვის ვთამაშობ ფეხბურთს მეგობრებთან ერთად და ვფიქრობ, შესანიშნავად გამომდის. ვერ ვიტყვი, რომ საუკეთესო ფეხბურთელი მინდა გავხდე. უბრალოდ, მსურს კარგ დონეს მივაღწიო, მაგალითად ისეთს, როგორიც უეინ რუნის აქვს", - "მოკრძალებით" ამბობს იამაიკელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული