გამთენიისას ყველაზე მეტად ბნელა - Sportall.ge ახალ, 2021 წელს გილოცავთ!

AutoSharing Option
ყოველი წლის დასასრულს განვლილ წელს, წარმატებებსა და წარუმატებლობებს ვიხსენებთ. სამწუხაროდ, კორონავირუსის პანდემიამ არა მარტო ჩვენი ქვეყანა და სპორტი, არამედ მთელი სამყარო უმძიმეს სიტუაციაში ჩააგდო.

ამ რთულ ვითარებაში ჩვენმა ზოგიერთმა გუნდმა გაგვახარა. მაგალითად, კალათბურთელებმა, რომლებსაც ევროპირველობის საგზური მასპინძლობის უფლების გამო დაბევებული აქვთ, მაგრამ საკვალიფიკაციო ეტაპზე მაინც ყველა მეტოქე დაჯაბნეს.

რა თქმა უნდა, გაგვახარეს სხვა სახეობების წარმომადგენლებმა და უპირველეს ყოვლისა ძიუდოისტებმა, რასაც ვერ ვიტყვით ფეხბურთელთა ეროვნულ გუნდზე, რომელმაც გარკვეული პროგრესის შემდეგ ყველაზე საჭირო მომენტში საოცარი ფიასკო განიცადა და ყველას ძლიერ დაგვწყიტა გული.

ქართველმა მორაგბეებმა პირველად ითამაშეს ევროპულ ელიტაში, მართალია ყველა თამაში წააგეს, მაგრამ მაინც. იყო სხვა გუნდური თუ ინდივიდუალური წარმატება, მაგრამ ისეთი არა, დიდ სიხარულს რომ მოგვიტანდა.

როგორც წესია, ყველაფერი ცუდი გასულ წელს უნდა ჩავაბაროთ. ჰო და, უიმედობაცა და წარუმატებლობაც 2020 წლისთვის გვიბოძებია, 2021 წელს კი ყველაზე მეტად სასურველი მიზნები და ოცნებები ვათხოვოთ, ვნახოთ, შევამოწმოთ, როგორ მოუვლის და დაგვეხმარება მათ ახდენაში.

თქვენ, ყველა ჩვენს მკითხველს, მადლობას გიხდით, რომ მთელი ეს რთული წელი ჩვენთან ერთად იყავით. Sportall.ge-ის გუნდი თქვენთვის მუშაობს და პირობას გაძლევთ, 2021 წელს საინტერესო სტატიებს არ მოგაკლებთ.

Sportall.ge გილოცავთ ახალ 2021 წელს და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ: ჯანმრთელობას და სულის სიმხნევეს, სიძლიერესა და ბედნიერებას. ჩვენს ქვეყანას ამაზე უარესი გასაჭირიც გადაუტანია, დარწმუნებული ვართ, ამასაც გადაიტანს და უკეთესი დროებაც დაუდგება - გამთენიისას ხომ ყველაზე მეტად ბნელა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
მადლობა! თქვენც ბედნიერ წელს გისურვებთ ისევე, როგორც ყველა თქვენს მკითხველს!
გიორგი
12:35 31-12-2020
0
გამთენიისას ყველაზე მეტად არ ბნელა, პირიქით ყველაზე უფრო ანათებს. ავტორს ალბათ სურდა ,,სიბრძნე დაებრეხვებინა'', მაგრამ განსხავებული ყოველთვის არ ნიშნავს ფასეულსა და ღირებულს. ყოველთვის დაუკვირდით შინაარსობრივად რას ამბობთ და არა იმას თუ რამდენად ,,მყვირალა'' იქნება სათაურები...
Levani
16:52 31-12-2020
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული