"საქართველოში ხელისუფლება სპორტსმენებზე ზეწოლას ახორციელებს!"

AutoSharing Option
ქართველ სპორტსმენთა ნაწილმა 3 აგვისტოს საზოგადოებისადმი მიმართვა გაავრცელა, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ქართველ სპორტსმენებზე ზეწოლას ეხება.

"სპორტსმენებზე ზეწოლის უამრავი ფაქტი დაგროვდა, მაგრამ ჩვენ ვერიდებოდით ამ თემაზე საუბარს ოლიმპიადის წინ, რადგან ხელისუფლების მხრიდან სპორტსმენებს პრობლემები არ შექმნოდათ.

ოლიმპიურ ნაკრებსა და სპორტულ სამყაროში სწორედ ის სიტუაციაა, როგორიც მთელ საქართველოში.

სპორტსმენებზე ზეწოლაა. სპორტსმენები სპორტულ მოღვაწეობაში ხელის შეშლის შიშით თავის პოზიციის ხმამაღლა დაფიქსირებას ერიდებიან. ოლიმპიური ნაკრების საქართველოში დაბრუნებისთანავე შევიკრიბებით და ღიად ვისაუბრებთ ყველა ფაქტზე, რომელსაც ხელისუფლება თავისი ზონდერებით ჩვენს წინააღმდეგ ახორციელებს.

ამის ნათელი დადასტურებაა ის,
რომ ყველა სპორტული ფედერაციის ხელმძღვანელი ხელისუფლების მაღალჩინოსანია. სამინისტრო მოუწოდებს სპორტსმენებს, გამიჯნონ სპორტი და აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა ერთმანეთისგან.

ჩვენ ვართ სპორტსმენები და არა აქტიური პოლიტიკური მოღვაწეები, მაგრამ გვაქვს მოქალაქეობრივი პოზიცია.

სამინისტრომ სწორედ ეს მიიჩნია ჩვენს დანაშაულად და ამიტომ განახორციელა ზეწოლა ჩვენზე, "ქართული ოცნების" მხარდამჭერ სპორტსმენებზე.

ხელისუფლება თავად ურევს ერთმანეთში სპორტსა და პოლიტიკას. ამას აკეთებდნენ მაშინ, როდესაც ზვიადაურის სურათები ჩამოგლიჯეს სპორტდარბაზების კედლებიდან, ახმეტაში ზვიადაურის სახელობის დარბაზს სახელი შეუცვალეს; როდესაც ძვლების დამტვრევითა და დენზე შეერთებით ემუქრებოდნენ ჩვენს მეგობრებს",
- ნათქვამია მამართვაში.

მიმართვას ხელს აწერენ: 2012 წლის ევროპის ჩემპიონი სამბოში ნოდარ მეტრეველი; ხუთგზის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი სამბოში უშანგი კუზანაშვილი; ძიუდოში საქართველოს ჩემპიონი ამბაკო ავალიანი; ძიუდოში საქართველოს ნაკრების წევრი ბეთქილ შუკვანი.

მიმართვა ჟურნალისტებს 3 აგვისტოს უშანგი კუზანაშვილმა გააცნო.

interpressnews.ge


ასევე იხილეთ:
გიორგი ალექსიძე: ბეთქილ შუკვანმა ოლიმპიადა საკუთარი სურვილით დატოვა
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს განცხადება
ბეთქილ შუკვანი: ოლიმპიური სოფლიდან ნასვამ გია უდესიანს გამოვერიდე
სკანდალი: ბეთქილ შუკვანი ლონდონიდან საქართველოს დელეგაციას გამოექცა [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული