სამგზის ოსკაროსანი ბოლტი

AutoSharing Option
ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროს მუნიციპალური თეატრის შენობაში გაიმართა Laureus-ის სპორტული აკადემიის ჯილდოების გადაცემის ტრადიციული ცერემონია. ამ ორგანიზაციის მიერ დაწესებულ პრიზს მეორენაირად "სპორტულ ოსკარებს" უწოდებენ. ასევე ტრადიციაა ის, რომ ნომინაციებში გამარჯვებულებს ირჩევს სპეციალური ჟიური, რომელიც Laureus-ის სპორტული აკადემიის 46 წევრისგან შედგება. ესენი არიან წარსულში ცნობილი სპორტსმენები. ნომინანტთა სიები მთელ მსოფლიოში ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგად დაკომპლექტდა.

მამაკაცებს შორის 2013 წლის საუკეთესო სპორტსმენად იამაიკელი სპრინტერი უსაინ ბოლტი დასახელდა, რომელმაც "სპორტული ოსკარი" მესამედ მიიღო. 2012 წლის ოლიმპიადაზე ბოლტმა გაიმეორა პეკინის თამაშების შედეგი - ოქროს მედლები მოიგო
100 და 200 მეტრ დისტანციებზე და 4X100 მეტრზე ესტაფეტაში. ამ ნომინაციაში იამაიკელის კონკურენტები იყვნენ: ველომრბოლელი ბრედლი უიგინსი, ფეხბურთელი ლეონელ მესი, მოცურავე მაიკლ ფელპსი, მძლეოსანი მო ფარა და მრბოლელი სებასტიან ფეტელი.

ლონდონში ქალებს შორის შვიდჭიდში გამარჯვებული ჯესიკა ენისი გახდა საუკეთესო ქალი სპორტსმენი. ბრიტანელმა აჯობა ელისონ ფელიქსს, შელი-ენ ფრეიზერ-პრაისს (ორივე - მძლეოსნობა), მისი ფრანკლინს (ცურვა), სერენა უილიამსსა (ჩოგბურთი) და ლინდსი ვონს (სამთო თხილამურები).

"წლის გარღვევად" ჟიურიმ აღიარა ბრიტანელი ჩოგბურთელის, ენდი მარეის გამოსვლა, რომელმაც შარშან მოიგო ამერიკის ღია პირველობა და ოლიმპიური თამაშები.
"წლის დაბრუნების" ავტორი გახდა მძლეოსანი ფელიქს სანჩესი - 2012 წლის თამაშების ჩემპიონი 400 მეტრზე თარჯრბენში.

"წლის გუნდად" აღიარებულია ევროპის ნაკრები გოლფში, რომელმაც დრამატულ ბრძოლაში მოიპოვა რაიდერის თასი. ევროპელები ბოლო დღის წინ უიმედოდ აგებდნენ აშშ-ის ნაკრებთან, მაგრამ მაინც მოიპოვეს საპატიო პრიზი.

ორ კატეგორიაში ნომინანტთა სიას ინდივიდუალური წესით ადგენდნენ: ექსტრემალურ სპორტში საუკეთესოს ირჩევდნენ ამ სფეროში მომუშავე ჟურნალისტები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე საუკეთესო სპორტსმენს კი საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის სპეციალური კომისია ავლენს.

პირველ შემთხვევაში "ოსკარის" მფლობელი გახდა ფელიქს ბაუმგარტნერი - პირველი ადამიანი, რომელმაც თავისუფალი ვარდნისას ბგერის სიჩქარეს გაუსწრო. სტრატოსფეროდან ეს ნახტომი გასული წლის 14 ოქტომბერს განხორციელდა. ავსტრიელი 38 969 მეტრიდან გადმოხტა და საათში 1 357 კილომეტრი სიჩქარე განავითარა.

შეზღუდული შესაძლებლობების სპორტსმენთა შორის საუკეთესო გახდა ბრაზილიელი მოცურავე დანიელ დიასი – 2012 წლის პარალიმპიური თამაშების ექვსგზის ჩემპიონი.

სპორტში განსაკუთრებული მიღწევებისთვის სპეციალური ჯილდო გადასცეს ამერიკელ მაიკლ ფელპსს, რომელმაც ლონდონის თამაშების შემდეგ დაასრულა კარიერა.

ლონდონის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, წარსულში ცნობილი მძლეოსანი სებასტიან კოე დაჯილდოვდა სპორტში გამორჩეული კარიერისთვის.

2013 წლის ცერემონიის წამყვანი იყო ჰოლივუდის მსახიობი, ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს - "ოსკარის" მფლობელი მორგან ფრიმენი. მას ეხმარებოდა "სან ანტონიო სპურსის" ფრანგი კალათბურთელის, ტონი პარკერის ყოფილი მეუღლე, მსახიობი ევა ლონგორია.

წლის სპორტსმენი

მამაკაცი
2013 უსაინ ბოლტი (მძლეოსნობა)
2012 ნოვაკ ჯოკოვიჩი (ჩოგბურთი)
2011 რაფაელ ნადალი (ჩოგბურთი)
2010 უსაინ ბოლტი (მძლეოსნობა)
2009 უსაინ ბოლტი (მძლეოსნობა)
2008 როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი)
2007 როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი)
2006 როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი)
2005 როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი)
2004 მიხაელ შუმახერი (ფორმულა 1)
2003 ლენს არმსტრონგი (ველოსპორტი)
2002 მიხაელ შუმახერი (ფორმულა 1)
2001 ტაიგერ ვუდსი (გოლფი)
2000 ტაიგერ ვუდსი (გოლფი)

ქალი
2013 ჯესიკა ენისი (მძლეოსნობა)
2012 ვივიან ჩერიუოტი (მძლეოსნობა)
2011 ლინდსი ვონი (თხილამურები)
2010 სერენა უილიამსი (ჩოგბურთი)
2009 ელენა ისინბაევა (მძლეოსნობა)
2008 ჟუსტინ ანენი (ჩოგბურთი)
2007 ელენა ისინბაევა (მძლეოსნობა)
2006 იანიკა კოსტელიჩი (თხილამურები)
2005 კელი ჰოლმსი (მძლეოსნობა)
2004 ანიკა სიორენსტამი (გოლფი)
2003 სერენა უილიამსი (ჩოგბურთი)
2002 ჯენიფერ კაპრიატი (ჩოგბურთი)
2001 კეტი ფრიმენი (მძლეოსნობა)
2000 მერიონ ჯონსი (მძლეოსნობა)

წლის გუნდი
2013 ევროპის ნაკრები (გოლფი)
2012 ბარსელონა (ფეხბურთი)
2011 ესპანეთი (ფეხბურთი)
2010 ბრაუნ გრანპრი (ფორმულა 1)
2009 ჩინეთი (ოლიმპიზმი)
2008 სამხრეთ აფრიკა (რაგბი)
2007 იტალია (ფეხბურთი)
2006 რენო (ფორმულა 1)
2005 საბერძნეთი (ფეხბურთი)
2004 ინგლისი (რაგბი)
2003 ბრაზილია (ფეხბურთი)
2002 ავსტრალია (კრიკეტი)
2001 საფრანგეთი (ფეხბურთი)
2000 მანჩესტერ იუნ (ფეხბურთი)

აკადემიის 46 წევრი
ჯაკომო აგოსტინი (იტალია) - მოტოსპორტი
მარკუს ალენი (აშშ) – ამერიკული ფეხბურთი
ფრანც ბეკენბაუერი (გერმანია) - ფეხბურთი
ბორის ბეკერი (გერმანია) - ჩოგბურთი
სერ იან ბოტემი (ინგლისი) - კრიკეტი
სერგეი ბუბკა (უკრაინა) - მძლეოსნობა
სერ ბობი ჩარლტონი (ინგლისი) - ფეხბურთი
სებასტიან კოე (ინგლისი) - მძლეოსნობა
ნადია კომენეჩი (რუმინეთი) - ტანვარჯიში
დენ იაპინ (ჩინეთი) - მაგიდის ჩოგბურთი
მიკ დუენი (ავსტრალია) - მოტოსპორტი
მარსელ დესაი (საფრანგეთი) - ფეხბურთი
კაპილ დევი (ინდოეთი) - კრიკეტი
დავიდ დუიე (საფრანგეთი) - ძიუდო
ემერსონ ფიტიპალდი (ბრაზილია) - ავტოსპორტი
შონ ფიტცპატრიკი (ზელანდია) - რაგბი
დონ ფრეზერი (ავსტრალია) - ცურვა
კეტი ფრიმენი (ავსტრალია) - მძლეოსნობა
ტენი გრეი-ტომპსონი (ბრიტანეთი) - პარალიმპიზმი
მერვინ ჰეგლერი (აშშ) - კრივი
მიკა ჰაკინენი (ფინეთი) - ავტოსპორტი
ტონი ჰოუკი (აშშ) - სკეიტბორდინგი
მიგელ ინდურაინი (ესპანეთი) - ველოსპორტი
მაიკლ ჯონსონი (აშშ) - მძლეოსნობა
კიპ კეინო (კენია) - მძლეოსნობა
ფრანც კლამერი (ავსტრია) - თხილამურები
დენ მარინო (აშშ) – ამერიკული ფეხბურთი
ჯონ მაკინროი (აშშ) - ჩოგბურთი
ედვინ მოზესი (აშშ) - მძლეოსნობა
ნავალ ელ მუტავაკელი (მაროკო) - მძლეოსნობა
რობი ნეიში (აშშ) - ვინდსერფინგი
ილიე ნასტასე (რუმინეთი) - ჩოგბურთი
მარტინა ნავრატილოვა (აშშ) - ჩოგბურთი
ალექსეი ნემოვი (რუსეთი) - ტანვარჯიში
ჯეკ ნიკლაუსი (აშშ) - გოლფი
გერი პლეიერი (ს. აფრიკა) - გოლფი
მორნე დუ პლესი (ს. აფრიკა) - რაგბი
უნო პორტა (არგენტინა) - რაგბი
სერ სტივ რედგრეივი (ბრიტანეთი) – ნიჩბოსნობა
ვივ რიჩარდსი (ინდოეთი) - კრიკეტი
მონიკა სელეში (აშშ) - ჩოგბურთი
მარკ სპიტცი (აშშ) - ცურვა
დეილი ტომპსონი (ბრიტანეთი) - მძლეოსნობა
ალბერტო ტომბა (იტალია) - თხილამურები
ვტის ვაუ (ავსტრალია) - კრიკეტი
კატარინა ვიტი (გერმანია) – ციგურები

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
10 ათასი ფუნტი ყოველ წამში, მხოლოდ მონაწილეობისთვის!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული