XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეშვიდე ტურის მატჩში მათ ყოფილი კლუბის წინააღმდეგ უწევდათ თამაში.
მატჩს ინტრიგას მატებდა ის ფაქტიც, რომ ამ გუნდების უკანასკნელი დაპირისპირება ზღვისპირელთა გამარჯვებით დასრულდა - 46:7 და "ბოლნისი ყოჩებს" ნაწვნევი მწარე მარცხის გამო რევანშის აღება მართებდა.
ბოლნისში გამართული დაპირისპირება თვალსასეირო გამოდგა და სტადიონზე მისულმა გულშემატკივარმა ჯამში 10 გატანილი ლელო და ერთბაშად 86 ქულა იხილა.
მატჩი "ყოჩებმა" საკმაოდ აქტიურად დაიწყეს და
სოხაძემ "დანაშაული" მალევე გამოისყიდა და ათიოდე წუთში ზუსტი საჯარიმო დარტყმით 8 ქულამდე გაზარდა საკუთარი გუნდის უპირატესობა.
"ბათუმი" დროულად გამოფხიზლდა, გაცილებით უფრო აგრესიულად ათამაშდა, რაც მალევე დაუფასდა.
ზღვისპირელთა მგეზავმა ბაკურ ჩუბინიძემ მორკინალთა აქტიური თამაშის წყალობით მოპოვებული საჯარიმო კარში ზუსტად დაარტყა და საკუთარი გუნდის ჩამორჩენა 5 ქულამდე დაიყვანა - 3:8.
მასპინძლებს არ აწყობდათ მოვლენათა ასეთი განვითარება და სათამაშო ტემპს უმატეს. მათ 4-წუთიან მონაკვეთში ორი ლელო გაუტანეს მეტოქეს და ფაქტობრივად, გადაწყვიტეს შეხვედრაში გამარჯვებულის ბედიც - 22:3.
ანგარიშიდან გამომდინარე, სტუმრებს უკან დასახევი გზა აღარ გააჩნდათ და მთელი ძალებით შეტევაზე გადავიდნენ, რითაც მშვენივრად ისარგებლეს "ყოჩებმა" და პირველი ტაიმის უკანასკნელ 20 წუთში კონტრშეტევებზე კიდევ სამჯერ დაალელოვეს მეტოქე - 46:3.
"ბათუმმა" მატჩის პირველი ნახევრის უკანასკნელ წუთზე მეორე საჯარიმო გაიტანა და პირველი ტაიმიც 46:6 მორჩა.
47-ე წუთზე მოედანზე სიტუაცია დაიძაბა - გუნდებმა ერთმანეთისკენ საჩხუბრად გაიწიეს, რისთვისაც მატჩის მთავარმა არბიტრმა 2 მორაგბე გაასინბინა 10 წუთით (ბაჩანა გოგიშვილი - "ბოლნისი ყოჩები", ირაკლი ბერიძე - "ბათუმი"), თუმცა ამ მოვლენას შეხვედრის საერთო სურათზე, რაღა თქმა უნდა, არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია.
სტუმრები მატჩის მეორე ნახევარში გაცილებით უფრო ორგანიზებულად გამოიყურებოდნენ და მასპინძელთა მიერ გატანილ ერთ ლელოს ერთბაშად სამით უპასუხეს. საბოლოოდ, უხვქულიანი მატჩი "ბოლნისი ყოჩების" დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა - 59:27.
სანდრო ესაკიას გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანისთვის (7:3) ბონუს-ქულაც ირგუნა და სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციამდე აღზევდა.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე თემურ სოხაძე იყო, რომელმაც 2 დამიწებულ ლელოსთან ერთად, 4-4 გარდასახვა და საჯარიმო გაიტანა, რამაც ჯამში 30 ქულა შეადგინა.
ბოლნისი ყოჩები - ბათუმი 59:27
ბოლნისი ყოჩები: (15-9) შ. მახარაშვილი, გოგოლაშვილი, ბაკურაძე, გაბუნია (ხუციშვილი 41), ხარშილაძე, სოხაძე, ბეგაძე (კ. მახარაშვილი 55); (1-8) გოგიშვილი, ხიდეშელი (ცუცქირიძე 41), შენგელია (ჯინჭარაძე 41), ტვილდიანი, გრძელიშვილი (ხვისტანი 49), აფციაური (წიკლაური 52), ტყეშელიაძე, ჩხიკვაძე (ესაკია 56);
ლ: სოხაძე (2), ხიდეშელი, შ. მახარაშვილი, გოგოლაშვილი, აფციაური, ბეგაძე
გ: სოხაძე (4), შ. მახარაშვილი (2) ს: სოხაძე (4)
სინბინი: გოგიშვილი
ბათუმი: (15-9) კალანდაძე (ს. ევგენიძე 6), სვინტრაძე (დ. ტრაპაიძე), აშვეთია, ოქროპირიძე, ბ. ევგენიძე, ჩუბინიძე (თებიძე 41), შამულო; (1-8) ხოჭოლავა (სულაბერიძე 59), კელენჯერიძე (აბესლამიძე 44), მოქია, კვაჭაძე (კაიკაციშვილი 62), ბერიძე, კორტავა (მეგრელიძე 41), ალიქაძე, გუგუშვილი;
ლ: მოქია, შამულო, სულაბერიძე; გ: აშვეთია (3); ს: ჩუბინიძე (2)
სინბინი: ბერიძე (47)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"