შეხვედრა წარსულთან: ბათუმის ველოტრეკი და მოხერხებული ფირალი

AutoSharing Option
პატარაობაში დიდად ცელქი და დაუდგრომელი არ ვიყავი, მაგრამ ჩხირკედელაობა კი მიყვარდა და იმდენადაც, რომ ცხონებული ბებიაჩემი სულ ასე მეუბნებოდა: "გაჩერდი, ბებია, სულ ერთია, კეტი-ცხენს ვეღარ გამეიგონეფ, ინგლისელების გამოგონებულია მაგი, კაი ხანიაო".

"კეტი-ცხენს" ველოსიპედს ეძახდა სიცოცხლის ბოლომდე და იმასაც ვიტყვი, რომ კარგა ხანს კი იცოცხლა - 1916 წელს იყო დაბადებული და შარშან გარდაიცვალა, 96 წლის ასაკში. მე კი საკმაოდ გვიან მივხვდი, თუ რატომ ეგონა ბებიაჩემს ველოსიპედი ინგლისელების გამოგონებული: საქმე ისაა, რომ 1919 წელს - ინგლისური "რეჯიმენტის" ანუ მმართველობის დროს, ბათუმში დიდი
ველოტრეკი ჩატარებულა და მის სახსოვრად ღია ბარათიც კი გამოუშვიათ.

ეს ბარათი კი ზუსტად ისეთია, ალბიონის ამაყ ძეთ რომ შეჰფერით - პრიალა ქაღალდზე დაბეჭდილი, ჯერ შავთეთრად გადაღებული და მერეღა შეფერილი ისე, რომ თვალს არისტოკრატული დახვეწილობით ახარებდეს.

ბათუმის იმ პირველი ველოტრეკის დროს, ქალაქში მეტად დაძაბული იყო ვითარება - ბრიტანელები აშკარად თვითნებობდნენ და ისე ქედმაღლურად იქცეოდნენ, რომ სულაც არ ჰგავდნენ დროებით მოსულ ცივილიზებულ ევროპელებს. ბათუმის საქალაქო საბჭო კი თეთრგვარდიელების ხელთ იყო - იქ პეტერბურგელი კადეტი მასლოვი განკარგავდა ყველაფერს და გვარიანად ანტიქართულადაც გახლდათ განწყობილი. მისთვის ბათუმი წმინდა ველიკორუსული ქალაქი იყო, სადაც ქართველებს არაფერი ესაქმებოდათ.

ერთი შეხედვით, საკვირველიც კი იყო, ბრიტანელები მასლოვს როგორ ენდობოდნენ, როდესაც სიტყვით ანტიქართულს არასდროს არაფერს ამბობდნენ, მაგრამ ფაქტი ჯიუტი იყო - ბათუმის ველიკორუსი მერი სწორედ ბრიტანელთა იმედით ავიწროებდა ქართველებს.

იმ დროს, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში უმთავრესი პრობლემა პროოსმალურად განწყობილი ელემენტების განუსჯელი პარპაში იყო - კადეტ პეტრე მასლოვთან თავს ცნობილი ახალციხელი კრიმინალი და პატრიოტ ქართველთა მოსისხლე მტერი, სერვერ-ბეგ ქვაბლიანელი აფარებდა, რომელიც ე.წ. "სამხრეთ-დასავლეთი კავკასიის ოსმალური რესპუბლიკის დევნილ მთავრობას" ხელმძღვანელობდა და ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ ბათუმი ოსმალებს დარჩენოდათ.

სერვერ-ბეგის ხალხი ბრიტანული ადმინისტრაციის ფარული მხარდაჭერითაც სარგებლობდა; ისინი ბათუმში გამოსცემდნენ გაზეთს "სედაი მილლეთ" (ოსმალურად - "ხალხის ხმა"), რომლის რედაქტორიც ტრაპიზონის ვილაიეთის ყოფილი პროკურორი, ნეჯათი-ბეი მემიშოღლი იყო.

რაც შეეხება ქართულ პარტიებსა და დაჯგუფებებს - ბათუმში ყველაზე მეტნი მენშევიკები და სოციალისტ-რევოლუციონერები (ესერები) იყვნენ; მეზობლად - ლაზისტანის ყოფილ სანჯაყში არალეგალურად ისევ მოქმედებდა "საქართველოს დამოუკიდებლობის ლაზეთის კომიტეტი", რომელიც ჯერ კიდევ 1915 წელს შეიქმნა, მაგრამ 1918 წლის მარტში, ლაზისტანში შემოსულ ოსმალურ არმიასთან ბრძოლაში მისი წევრების დიდი ნაწილი და მეთაურები განადგურდნენ.

ვინც გადარჩა, ტყეს შეაფარა თავი და ძველ ხელობას - ფირალობას დაუბრუნდა. 1919 წლის დასაწყისში, ხოფელი პატრიოტის, ჰელიმ ჩოხატარ-ოღლის თაოსნობით, ეს ხალხი ისევ შეიკრიბა და საქართველოსთან შეერთებისათვის დაიწყო ბრძოლა.

ჰოდა, ამ დროს, ბათუმის ქართული პარტიების მესვეურებმა გადაწყვიტეს, რომ კადეტი მასლოვი ჯოჯოხეთში გაესტუმრებინათ. მასლოვის გაგორებას რა დიდი რამ უნდოდა - ერთი თვითნაკეთი ბომბი (იმხანად რომ "ფორთოხალს" ეძახდნენ) და მისი ჯანი, მაგრამ მთელი პრობლემა ის იყო, რომ მასლოვი გენერალ-გუბერნატორ კუკ კოლისის დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა, მენშევიკებსა და ესერებს კი ბრიტანულ ადმინისტრაციასთან დაპირისპირება არ სურდათ, რადგანაც საქართველოს მთავრობას მაშინ მკვეთრად პრობრიტანული კურსი ჰქონდა აღებული და ცდილობდა, ბათუმი მშვიდობიანი გზით შემოეერთებინა.

ბრიტანეთის ხელისუფლება კი აცხადებდა, რომ ოკუპირებულ აჭარაში საქართველოსთან მიერთების საკითხზე მალე რეფერენდუმს ჩაატარებდა. ამიტომ, კუკ კოლისთან დაპირისპირებას, შესაძლო იყო, რეფერენდუმის გადატანა მოჰყოლოდა, რაც საქართველოს მთავრობის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა.

აქედან გამომდინარე, ბათუმის ქართული პარტიების მესვეურებმა მოილაპარაკეს, რომ კადეტ მასლოვის ლიკვიდირება "საქართველოს დამოუკიდებლობის ლაზეთის კომიტეტისათვის" შეეთავაზებინათ - ლაზეთის დიდი ნაწილი მაშინ დე იურე კვლავაც ოსმალეთის შემადგენლობაში შედიოდა და, ისე გამოვიდოდა, რომ მასლოვის მოკვლის შემთხვევაში ინგლისელები საქართველოდან მართულ ძალებზე ვეღარაფერს იტყოდნენ. ამიტომაც, ბათუმიდან რამდენიმე კაცი ლაზეთში გადავიდა და ქალაქ ხოფაში ჰელიმ ჩოხატაროღლისა და მის ხალხს დაუკავშირდა: თქვენ თუ გვიშველითო. ჩოხატარ-ოღლი დათანხმდა, მაგრამ საყვედურიც გამოთქვა - აქამდე რატომ არაფერი გაგვაგებინეთო.

საბოლოოდ, "ლაზეთის კომიტეტმა" ტერაქტის მოწყობა 5 კაცს - აზლაღელ რასიმ კოსტოღლის, სუნდურელ მემედ-ალი ჭერკეზოღლის, პაპილათელ ენვერ კურტოღლის, ლიმანელ სულეიმან ჩაქიროღლის და ხოფელ ზაბით აბდულოღლის დაავალა. ხუთივენი სახელგანთქმული ფირალები იყვნენ, განსაკუთრებით კი - რასიმ კოსტოღლი, რომელსაც რუსეთის ყოფილი იმპერიის ტერიტორიაზე "წითელი ცირკულარით" ეძებდნენ, რადგან 1905-1906 წლებში "სოჭის ქართული რესპუბლიკის" დამცველთა რიგებში იყო. სხვებიც არანაკლებ სახელიანი ფირალები გახლდნენ.

აი, სწორედ ამ დროს გახდა ცნობილი, რომ ბათუმში ველოტრეკი ჩატარდებოდა. ამ ღონისძიებას თვით გუბერნატორი კუკ კოლისი უნდა დასწრებოდა - ასე ამცნობდნენ ხალხს მეგაზეთე ბიჭები. ველოტრეკისთვის კი ქუჩებს სიქჰი ჯარისკაცები წმენდდნენ.

ეს ყველაფერი ფირალებმაც შეიტყვეს, მაგრამ აინუნში არ ჩაუგდიათ - რასიმ კოსტოღლის გარდა, არც ერთმა არ იცოდა, ველოსიპედი რა იყო. ამ უკანასკნელმაც ასე აუხსნა: ეგ იგივე დოღია, ოღონდ კეტი-ცხენებითო.

აქ იმასაც დავძენ, რომ ფირალობის მიუხედავად, რასიმ კოსტოღლი უგზო-უკვლოდ განათლებული პიროვნებაც იყო და, ბევრი მაშინდელი პატრიოტი ქართველივით, საუბარში უცხო სიტყვებს განგებ არ იყენებდა - მაგალითად, "ჰაუბიცას" ნაცვლად "ქვემეხს" ამბობდა, "ტელეფონის" ნაცვლად "ელსმენს" და უკვე ხსენებული "ველოსიპედის" ნაცვლადაც განგებ თქვა "კეტი-ცხენი".

1919 წლის 4 მარტს, ფირალები კადეტ მასლოვს თავს სწორედ მაშინ დაესხნენ, როცა ეს უკანასკნელი, თანმხლებ პირებთან ერთად, ეტლით ველოტრეკის საყურებლად მიიჩქაროდა. დღევანდელ გამსახურდიას ქუჩაზე, "სურბ-პრკიცის" სომხურ ეკლესიასთან ჩასაფრებულმა მემედ-ალი ჭერკეზოღლიმ ეტლს თვითნაკეთი ბომბი ესროლა, რომელიც რატომღაც არ აფეთქდა. მასლოვი მიხვდა, რომ ეს ტერაქტი იყო, სწრაფად იძრო რევოლვერი და იქით ისროლა, საიდანაც ბომბი გადმოვარდა.

ამ დროს, ქუჩის მოპირდაპირე მხრიდან რასიმ კოსტოღლიმ გახსნა ცეცხლი და მასლოვის მცველიც კი დაჭრა, თუმცა დანარჩენებმა ფირალებს ცეცხლზე ცეცხლით უპასუხეს და, საბოლოოდ საქმეც ისე წავიდა, რომ ხუთიდან ოთხი გაანადგურეს და ცოცხალი მხოლოდ რასიმ კოსტოღლი გადარჩა, რომელმაც მიმალვა მოახერხა - ერთ-ერთ სახლს შეაფარა თავი და შემთხვევის ადგილას მოსულ სიქჰ ჯარისკაცებს ამგვარად გაუქრა თვალთახედვიდან.

სახლი კი ვიღაც ინგლისელს ჰქონოდა დაქირავებული - როგორც მაშინ იტყოდნენ, "დროებით იდგა" შიგ. ჰოდა, ის ინგლისელი თურმე, იმ ველოტრეკის მონაწილე იყო და სწორედ იმ დროს, როცა რასიმ კოსტოღლი სახლში შეუვარდა, გარეთ უნდა გასულიყო და ველომრბოლელთა შეკრების ადგილას (რომელიც წინასწარ ყოფილიყო დათქმული) უნდა მისულიყო.

ისე მოხდა, რომ ველომრბოლელებს იმ ინგლისელი ჯენტლმენის ტანისამოსში გამოწყობილი რასიმ კოსტოღლი შეუერთდა - რაღა საკვირველია, მისივე ველოსიპედით, ანუ იმ დროის ქართულით თუ ვიტყვით, "კეტი-ცხენით".

ეს ამბავი კი აი, როგორ იყო:

სახლში შევარდნილმა ლაზმა ფირალმა კორიდორში ველოსიპედს მოჰკრა თვალი და უცებვე მიხვდა, როგორც უნდა გაქცეულიყო. თუმცა, სანამ რამეს იზამდა, ინგლისელიც თავზე წამოადგა და შეუტია - ქურდი ეგონა.

Sportall.Geხანმოკლე შეხლა-შემოხლის მერე რასიმ კოსტოღლიმ ის დაიმორჩილა, გაკოჭა და ტანისამოსიც გახადა. მერე აუჩქარებლად და ღიღინ-ღიღინით გამოიცვალა საკუთარი სამოსი, თავზე ინგლისური კეპიც ჩამოიფხატა, არხეინად მოახტა ველოსიპედს და ბათუმის ქუჩებში გაინავარდა.

რასაკვირველია, იგი არც კი აპირებდა შეჯიბრებაზე მისვლას, მაგრამ სიქჰმა ჯარისკაცებმა, რომლებსაც გზა გადაეკეტათ, ყვირილითა და ხელის ქნევით მიუთითეს, საით უნდა წასულიყო - მათ ლაზი ვერ იცნეს, ინგლისელ ველომრბოლელად მიიჩნიეს და თავიანთი ჭკუით, კარგი დახმარება გაუწიეს.

ჰოდა, თავი რომ არ გამოემჟღავნებინა, რასიმ კოსტოღლი თვალის ასახვევად, იქით წავიდა, სადაც ველოტრეკის მონაწილეები იკრიბებოდნენ.

იმ ველოტრეკში ინგლისური არმიის მებრძოლმა, ვინმე ჯერემი ბერნსმა გაიმარჯვა - ამის თაობაზე იმდროინდელი "ბატუმსკი ვესტნიკი" იტყობინება.

გაზეთში ისიც წერია, რომ ველოტრეკის ერთ-ერთმა მონაწილემ ორჯერ დაარტყა წრე სარბიელს, დაწინაურდა და ყველას რომ ეგონა - არიქა და გამარჯვებულიც ესააო, უეცრად გეზი იცვალა და სოფელ ანგისას მიმართულებით წავიდა.

შეჯიბრება კინაღამ შეწყდა, თუმცაღა უცნობი ჯენტლმენი აღარ დაბრუნებულა. მას ვეღარც პოლიციამ მიაგნო სადმე და საბოლოოდ, გამარჯვებულად მეორე ადგილზე გასული გამოაცხადეს.

რასიმ კოსტოღლი კი ლაზეთში დაბრუნდა და კარგა ხნის შემდეგ, კადეტი მასლოვი მაინც მოკლა, ოღონდ ქალაქ სტამბოლში.

მიხეილ ლაბაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგი იყო მიხეილ, გაიხარე
ქარდა
14:18 28-09-2017
0
ისტორია მეორდება,თურქებმა თითქმის აიღეს ბათუმი-აჭარა და თავიანთ ბინძურ და უტიფარ წესებს ამყარებენ.ქართველებს ზემოდან უყურებენ და ხმამაღლა,მბრძანებლური კილოთი ესაუბრებიან.ადგილობრივი მთავრობა კი პირმცინარი, თვალებში საეჭვოდ შესციცინებს.ხალხო ამოიღეთ ხმა,სანამ დროა და საქმის შველა შეიძლება.მთავრობის იმედი არ არის.
vaxvax
21:06 10-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული