ჟანრს შინაარსის გაცნობისთანავე მიხვდებით, ჩვენი მხრივ კი დავძენთ, რომ ეს ისტორიული დოკუმენტი, რომლის სათაურია, ადეიშვილი დაჭერილია!!!!!!!!! დღესაც საინტერესოდ იკითხება.
...ერთი რჩევა: ბოლოს აუცილებლად წაიკითხეთ ავტორის ვინაობა.
"ტრიბუნები ხალხით გაიჭედა. რამდენიმე წუთიც და გაისმა მსაჯის სასტვენის ხმა...
...ბურთი აქვს ჩივაძეს, გადააწოდა ხინჩაგაშვილს, მან უფრო წინ დარასელიას, ამ უკანასკნელმა ჩამოიცილა ერთი მეტოქე და ბურთი საჯარიმო მოედანზე გაგზავნა. იქ ყველას დაასწრო შენგელიამ, ბურთი დაამუშავა,
აგუგუნდა 80 ათასი კაცი, აყვირდნენ ტელევიზორებს მიმსხდარი გულშემატკივრები...
და იმ დროს, როცა მილიონობით ფეხბურთის გულშემატკივარი ოსტატობას უქებდა რამაზ შენგელიას, რამდენიმე ნაძირალა მის ბინაში ტრიალებდა...
ცოტა მოგვიანებით ცნობილი გახდა ერთი არამზადის ვინაობა, ვინც პირველმა ითავა გაეტეხათ პოპულარული ფეხბურთელის ბინა - თ. ადეიშვილი. იგი 24 წლისაა, რამდენისაც რ. შენგელია, მაგრამ, აბა, რა დიდი სხვაობაა მათ შორის!
ადეიშვილმა სხვა ახალგაზრდებისგან განსხვავებით ის გზა აირჩია, რომელიც უფსკრულისკენ მიემართება. იგი იმდენად გათავხედდა, რომ ნაქურდალი ნივთები - ღამის ნათურა მადონასა და ბავშვის გამოსახულებით, საფერფლე, ფრანგული სუნამო საჩუქრად ნაცნობს მიართვა ქორწინების დღეს.
ამ გარეწარს არც ტ. აბაშიძე და დ. ქავთარაძე ჩამორჩნენ. ამ ორმა ახალგაზრდამ სხვა თანამზრახველებთან ერთად 1979 წლიდან რამდენიმე მოქალაქის ბინა გაქურდა. ი
მავე წლის აგვისტოში ტ. აბაშიძე თავის დამხმარეებთან ერთად დიღმის მასივში მცხოვრებ ზურაბ წერეთლის ბინას მიადგა. მივიდა არა როგორც სპორტსმენის სტუმარი და მეგობარი, გადაძვრა სადარბაზოს საქარე სარკმლიდან აივანზე, მერე სახრახნით ამოიღო ლოჯიის მინა და ოთახში შევიდა.
უცხოური წარმოების მაგნიტოფონი, მამაკაცის ნახმარი ფეხსაცმელები გადააწყო და სუვენირად შეძენილი საზღვარგარეთული სპორტული რეკლამაც გააყოლა ხელს. მეტიც, ვიმპელი, ჩვეულებრივი სპორტული ვიმპელი, გამარჯვებულ სპორტსმენებს რომ გადასცემენ ხოლმე, ისიც კი წაიღო.
როცა თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოს საგამომძიებლო განყოფილების გამომძიებელმა დ. გათენაშვილმა ჰკითხა ეს ვიმპელი რაღად გინდოდაო, უპასუხა - არჩევანის დრო სად მქონდა, რაც ხელს მოჰყვა, ის წამოვიღეო.
ამ ოპერაციის შემდეგ აბაშიძე და ქავთარაძე ტელმანის ქუჩაზე შოთა ხინჩაგაშვილის ბინას მიადგნენ. აქაც ნაცადი ხერხით გადაძვრნენ ბინაში. მართალია, ბევრი არაფერი დახვედრიათ, მაგრამ რაც წაიღეს, პატრონისთვის ყველაფერი ძვირფასი და სამახსოვრო იყო.
11 მოპარული ნივთის ღირებულებამ 1.450 მანეთი შეადგინა. დაუკვირდით, მკითხველო, ამ თანხას ბევრი გულშემატკივარი ერთ საგზურში გადაიხდის, ოღონდაც თავის სათაყვანებელ გუნდს გაჰყვეს საზღვარგარეთ და იქ, უცხო ქვეყანაში გაამხნევოს იგივე რამაზ შენგელია, შოთა ხინჩაგაშვილი...
იმით გათამამებულებმა, რომ მილიციამ მათ კვალს ვერ მიაგნო, უფრო მონდომებით განაგრძეს ბნელი საქმე. 1980 წლის ნოემბრიდან თბილისში ერთად თუ ცალ-ცალკე 34 მოქალაქის ბინა "გაასუფთავეს". მრავალი ადამიანი გაამწარეს და ააფორიაქეს.
ახლა ისინი უკვე სასჯელს იხდიან. 3 მათგანს 5-5 წლით პატიმრობა შეეფარდა, ერთი კი 10 წლით ჩამოაშორეს საზოგადოებას".
რ. ფერაძე
მილიციის კაპიტანი
გაზეთი "თბილისი". 19 ნოემბერი, 1981
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"