TimeLine: ერთი ორდენის საიდუმლო

AutoSharing Option
ვისაც ქართული სპორტის მუზეუმში ფეხი შეუდგამს, დაგვეთანხმება, რომ უამრავი საინტერესო რამაა სანახავი და ერთ ვიზიტზე მთლიანად დათვალიერება შეუძლებელია. ზოგიერთი ექსპონატის წარმომავლობას თუ ვერ გაიგებთ, უმალ მიაკითხავთ ქალბატონ ლილი ლომსაძეს, რომელიც 1965 წლიდან, მუზეუმის დაარსების დღიდან ცდილობს გაამრავალფეროვნოს ექსპოზიცია. ცხადია, თითოეული ექსპონატის რაობასაც მოგახსენებთ და ისტორიასაც მოგითხრობთ.

თუმცა არის რამდენიმე ნივთი, რომელთა შესახებ ქალბატონ ლილისაც კი ამომწურავი ინფორმაცია არა აქვს. ერთ-ერთია მოზრდილი ორდენი, რომელიც სხვა გულსაკიდების ფონზე მეტად ეფექტურად გამოიყურება. სპორტის მუზეუმში მორიგი სტუმრობისას ზემოთ ნახსენები ექსპონატით დავინტერესდი, ახლო თუ შორი
კადრით სურათები გადავუღე და გადავწყვიტე, რაც შეიძლება, მეტი გამეგო მის შესახებ.

ერთი შეხედვით
ვიდრე ისტორიაში ჩავიძირებოდეთ, ექსპონატი გარედან შევათვალიეროთ.

*1864 წელი აწერია, რაც დიდად დაგვეხმარება კვლევისას.
*ცენტრში, წრეში მოთავსებულია ორთავიანი არწივი - მეფის რუსეთის სახელმწიფო სიმბოლო.
*გერბი ჯვარშია ჩასმული, დიაგონალზე კი ორი ხმალი კვეთს. ჯვარზე არსებული წარწერების ამოკითხვა ორდენის სიძველის გამო რთული აღმოჩნდა.
*თავზე საიმპერატორო გვირგვინი ადგას.
*ჯვრის ქვემოთ ლამაზად გამოყვანილი რუსული ასო "მ" წერია.
*ბაფთაზე კი ასევე რუსულადაა აბრევიატურა: ტ.ფ.ვ.უ.
*ორდენი დაფნისა და მუხის ტოტებითაა შემოსაზღვრული.

ერთი შეხედვით, საქმე იოლადაა: საიმპერატორო ატრიბუტები მიგვანიშნებს, რომ სპორტის მუზეუმში გამოფენილი ექსპონატი რუსეთის იმპერიის დროინდელია. 1864 წელი კი პირდაპირი მითითებაა მისი ჩამოსხმის თარიღისა.
თუმცა რჩება უამრავი შეკითხვა: რატომ აწერია რუსული "მ"? რას ნიშნავს აბრევიატურა ტ.ფ.ვ.უ? რა წერია ჯვარზე? და ყველაზე მთავარი - რა კავშირი აქვს სპორტთან?

მოვიშველიოთ ინტერნეტი
ბოლო დროს უამრავი ნუმიზმატური ინტერნეტ-საიტი გაჩნდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ საძიებო სისტემა "გუგლში" 1864 წელი რომ ამეკრიფა, ზედ ორდენი მიმეწერა, სწორედ ისეთ ექსპონატებს აღმოვაჩენდი, როგორიც სპორტის მუზეუმშია გამოფენილი.

ავკრიფე... მივაწერე... მაგრამ ნურას უკაცრავად! - მსგავსი არაფერი აღმოჩნდა. მიმსგავსებული - კი ბატონო.

1864 წლით დათარიღებულ ორდენთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჯილდო, რომელსაც ასეთი დასახელება ჰქონდა - "ზა სლუჟბუ ნა კავკაზე". განმარტებაში ვკითხულობთ:

"კავკასიას არა მხოლოდ საბჭოეთის, არამედ მსოფლიოს ისტორიაში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ამიტომ, მე-19 საუკუნეში კავკასიაში წარმოებულ ომებში მონაწილეობა საპატიოდ ითვლებოდა. მეფის რუსეთის დროს დაარსდა ორდენი, რომლის მიღებაზეც ბევრი ოცნებობდა."

რომელ ორდენზეა ლაპარაკი? - ჯვარზე, რომელზეც ორთავიანი არწივი და გადაჯვარედინებული ხმლებია გამოსახული. ჯვრის მარცხენა და მარჯვენა ფრთებზე ვკითხულობთ: "ზა სლუჟბუ ნა კავკაზე". დიახ, ეს ორდენი სპორტის მუზეუმის ექსპონატისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ არ აკრავს დაფნა-მუხის ფოთლების გვირგვინი, არ აწერია "მ" და ტ.ფ.ვ.უ. თუმცა ძირითადი ნაწილი ემთხვევა.

საქართველოს სპორტის მუზეუმში გადაღებული ფოტოებიდან ყველაზე ხარისხიანს კარგად დავაკვირდი და ჯვრის ფრთებზე მართლაც ამოვიკითხე: "ზა სლუჟბუ ნა კავკაზე".

ეს რას ნიშნავს? გამოდის, რომ თბილისში საპატიო ადგილასაა გამოფენილი ორდენი, რომლითაც ისინი ჯილდოვდებოდნენ, ვინც კავკასიელებს ებრძოდნენ?

აქ მეტი კონკრეტიკაა საჭირო. გასარკვევია, რომელ ომზეა ლაპარაკი. ისტორიაში მსუბუქად ჩახედულსაც ეცოდინება, მე-19 საუკუნის შუაში რუსები კავკასიაში ვის ებრძოდნენ - ჩრდილოკავკასიელებს. საომარი მოქმედებები გაშლილი იყო კავკასიონის ქედის ჩრდილოეთით, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე. ჩრდილოელთა გმირი შამილი ტყვედ 1859 წელს ჩავარდა, თუმცა კიდევ რამდენიმე წელიწადს ებრძოდნენ კავკასიელები რუსებს.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ჯარში იმხანად არაერთი ქართველი მსახურობდა, მაინც გაუმართლებლად მეჩვენება კავკასიაში წარმოებული ომებისთვის დაწესებული ორდენის საქართველოს სპორტის მუზეუმში გამოფენა...

ტიფლისი
თუმცა არც ის უნდა გამოგვრჩეს, რომ ჩვენს მუზეუმში მნიშვნელოვნად სახეცვლილი ვარიანტია, დაფნის გვირგვინითა და აბრევიატურით. მოსკოვის ნუმიზმატურ მუზეუმში არავინ მიმიწვევდა, ისევ ინტერნეტზე დაყრდნობით უნდა გამერკვია ქართულ მუზეუმში გამოფენილი ექსპონატის წარმომავლობა.

"გუგლში" ათას ბრუნვაში ჩავწერე სიტყვა "ზა სლუჟბუ ნა კავკაზე", "გრუზიაც" მივამატე, მაგრამ ამაოდ! ბევრი ვეძებე ორდენები ნუმიზმატურ საიტებზე. მაინც ამაოდ!

ერთადერთ იმედად ორდენზე ამოტვიფრული ასოები დარჩა. ლათინური "მ" არავის არაფერს გვეუბნება.

ტ.ფ.ვ.უ? - "ტ" "ტბილისსკი", "ვ" - "ვოენნი", "უ" - "უნივერსიტეტი", "უპრავ"... ლოგიკასთან ახლოსაა, მაგრამ "ფ" რას ნიშნავს? - რუსები თბილისს ხომ "ტიფლისს" უწოდებდნენ, "ტ" და "ფ" შესაძლოა სწორედ ჩვენი დედაქალაქის აღმნიშვნელი ყოფილიყო. მაშ ინტერნეტში მოვიძიოთ "ტიფლისსკი ვოენნი უნივერსიტეტ"...

სწორ კვალს დავდგომივარ, ოღონდ, ერთ სიტყვაში შევმცდარვარ - "უნივერსიტეტის" ნაცვლად "უჩილიშე" უნდა ყოფილიყო - "ტიფლისსკოე ვოენნოე უჩილიშე" (თარგმანში: თბილისის სამხედრო სასწავლებელი). ამ სასწავლებლის შესახებ "ვიკიპედიაში" ვკითხულობთ:

"1864 წელს რუსეთში გამოიცა განკარგულება, რომლის მიხედვით რეგიონებში უნდა დაარსებულიყო სამხედრო სასწავლებლები ოფიცერთა მომზადების მიზნით. თბილისში ასეთი სასწავლებელი 1866 წლის 16 იანვარს ჩამოყალიბდა. ამ საქმეს საფუძველი ჩაუყარა კავკასიის დიდმა მთავარმა მიხაილ ნიკოლაევიჩმა."

"მ" - "მიხაილ"! თუ ეს ორდენი მართლა თბილისის სამხედრო სასწავლებელს ეკუთვნის, მასზე გამოსახული რუსული "მ" მისი დამფუძნებლის სახელთან უნდა იყოს დაკავშირებული. ინტერნეტში სწორედ "მიხაილ ნიკოლაევიჩი" ჩავწერე და კვანძიც გაიხსნა, ერთ-ერთ სურათზე სწორედ ისეთი ორდენი გამოჩნდა, ჩვენს მუზეუმში რომ არის გამოფენილი. ზედ წარწერით: "ტიფლისსკოე ვოენნოე უჩილიშე".

ექსპონატის რაობა, ბოლოს და ბოლოს დავადგინეთ. თარიღებში მცირე ცდომილებაა. თუ ეს სასწავლებელი 1866 წელს დაარსდა, 1864 რატომ აწერია. საკითხავია, თავად ორდენის დაწესების თარიღიც. აქ კი "ინტერნეტიც" უძლური აღმოჩნდა. სასწავლებელმა 1866-1921 წლებში იარსება, ამიტომ რთულია გარკვევა, რომელი წლის გამოშვების კურსანტს, რა დამსახურებისთვის მიანიჭეს ჩვენი მუზეუმის ექსპონატი.

შემობრუნება
გგონიათ, ამით ყველაფერი დამთავრდა? გგონიათ, მუზეუმში დავრეკე და ვურჩიე, დაფიქრებულიყვნენ ორდენის გამოფენის მიზანშეწონილობაზე?

არ ავჩქარებულვარ, ბოლომდე ჩავიკითხე თბილისის სამხედრო სასწავლებლის ისტორია და საპირისპირო დასკვნამდე მივედი: ეს ორდენი, შესაძლოა, სპორტთან პირდაპირ კავშირში არ იყოს, მაგრამ მუზეუმის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ექსპონატიც გამოდგეს. საქმე ისაა, რომ 1917 წლიდან სწორედ თბილისის სამხედრო სასწავლებელში იწრთობოდნენ საქართველოსთვის თავდადებული მებრძოლები:

"1917 წლის რევოლუციასთან დაკავშირებით გამოიცა ბრძანება სამხედრო სასწავლებლების დახურვის მოთხოვნით. უნდა შეწყვეტილიყო ყოველგვარი ჩინების გაცემა. თუმცა თბილისის სასწავლებელი ბრძანებას არ დაემორჩილა, არსებობა განაგრძო. 1921 წელს სწორედ თბილისის სამხედრო სასწავლებლის უინკერები აღუდგნენ წინ წითელარმიელებს..."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბევრი გიწვალია და დასაფასებელია საინტერესო სტატია ყოჩაღ ავტორს
irakli arqania
23:30 14-11-2015
0

სიახლეები პოპულარული