დღის სუპერგოგონა: ერთი-ორი ასეთი კლაუდია ქართულ ფეხბურთსაც არ აწყენდა

AutoSharing Option
ცნობილი იტალიელი მოდელის, წარმოშობით სერბის და დიდწილად აშშ-ში მცხოვრები კლაუდია რომანის თითქმის შიშველი ფოტოები არაერთხელ გამოქვეყნებულა როგორც ბეჭდურ მედიაში, ისე ინტერნეტსივრცეში. ეს ჩვეულებრივი ამბავია. კლაუდია მოდელია, უთამაშია ფილმებში, მონაწილეობს რეალითი-შოუებში... მოკლედ, ერთობ პოპულარული სახეა. მოდების დანიური ჟურნალის მიერ ის დასახელებული იყო მსოფლიოს 100 ყველაზე სექსუალურ ქალს შორის.

მშვენიერმა კლაუდიამ ახლახან ისევ იპოზიორა ფოტოგრაფთან და ამ ნაშრომის ნაყოფი ინტერნეტსივრცეში გამოფინა. მისი ტან-ფეხი და სილამაზე მამაკაცების ყურადღებას მუდამ იპყრობდა. ამიტომ რეაქციამ არც ამჟამად დააყოვნა.

რომანის ფოტოებმა ცხოველი ინტერესი გამოიწვია და მის მნახველთა
რაოდენობა ინტერნეტში ისე იზრდება, "ვითარცა ზღვაში თევზნი და ცაში ვარსკვლავნი". მისი გვერდის მომწონებელთა ოდენობა კი მალე 200 ათასს მიუკაკუნებს.

თუმცა ქალბატონ კლაუდიას ფოტოაქტიურობას ამჯერად სკანდალი მოჰყვა. სწორედ ეს სკანდალია პირ-ტან-ფეხმშვენიერი ქალის ჩვენი ჟურნალის ფურცლებზე მოხვედრის მიზეზიც.

საქმე ისაა, რომ 33 წლის კლაუდია რომანი ფლობს მსაჯის ლიცენზიას, რომლის ძალითაც სერია A და B-ს მატჩების განსჯის უფლება აქვს. გოგონამ შესაბამისი ლიცენზიის მოსაპოვებელი გამოცდები შარშან წარმატებით ჩააბარა, თუმცა აქტიურ სამსაჯო კარიერაში ჯერ არ ჩართულა.

ბუნებრივია, მსაჯობის უპირველესი ვალდებულებათაგანი მისი მიუკერძოებლობა უნდა იყოს, მაგრამ რომანი, რომელმაც ბიკინით და "მილანის" მაისურით იპოზიორა (ის ბავშვობიდან "როსონერის" დიდი ქომაგია), განა შეიძლება ნეიტრალური პოზიცია დაიკავოს ამ გუნდის მონაწილეობით მატჩების განსჯის დროს?

რასაკვირველია, რომანის ფოტოებით ყველაზე მეტად "როსონერის" ფანებმა გაიხარეს. სხვა გუნდების ქომაგები მისი ცქერით კი დატკბებოდნენ, მაგრამ სევდასაც მიეცემოდნენ - ვაითუ, "მილანის" წინააღმდეგ ჩვენი გუნდები დაგვიჩაგროსო.

ეს ქალი ნამდვილად "კალმით ნახატია" და, მართალია, მწვანე მინდორზე ისეთივე შიშველი ვერ ირბენს, როგორც ფოტოებშია, მაგრამ მაყურებელს გულგრილს ვერ დატოვებს. არავინ გამორიცხოს, რომ სტადიონზე ცალკერძ მის სანახავადაც ივლის ხალხი, მათ შორის,  ისეთებიც, არავის რომ არ ქომაგობენ და ოდნავადაც არ აინტერესებთ, კლაუდია "მილანს" ქომაგობს თუ "ფროზინონეს".

ნიშანდობლივია, რომ უკანასკნელ წლებში იტალიის სტადიონები მაყურებლის სიჭარბით არ გამოირჩევა და კლაუდიას რომ შანსი მისცენ, ვინძლო, ქომაგმაც იმატოს.

ისე, ერთი-ორი ასეთი კლაუდია ქართულ ფეხბურთსაც არ აწყენდა, თუ ეს სტადიონებზე ხალხმრავლობის მიზეზი გახდება...

სხვათა შორის, მასთან სულ ცოტა ხნის წინათ რომანი ჰქონდა ფილიპო ინძაგის. მექალთანეობით ცნობილ ინძაგიზე ადრე რომ ეთქვათ, მსაჯთან სქესობრივ კავშირს ამყარებდაო, ხომ გაიკვირვებდით? ჰოდა, ახლა აღარ გაგიკვირდებათ, რადგან მსაჯი ინძაგის საყვარელი სქესის წარმომადგენელია. ოღონდ, "ბებერმა" ინძაგიმ მაინც როგორ აჯობა სერია A-ს ამჟამინდელ მობურთალებს?! ეტყობა, "ბებერი პიპოსი რქანიცა ხნავენ".

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული