ლუკ ეიკინსი გამოცდილი პარაშუტისტია. მას კარიერაში 18 ათასი ნახტომი ჰქონდა შესრულებული. ის, აგრეთვე, გამოცდილი ექსტრემალია და დიდი ხანია სკაიდავერობას მისდევს.
მაგრამ შვიდი კილომეტრი სიმაღლიდან პარაშუტის გარეშე გადმოხტომა ნამდვილი სიგიჟეა. და ეს შეუძლებელი ჩანდა, სანამ ეიკინსმა არ
როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი? სარეკორდო ნახტომი კალიფორნიის უდაბნოს თავზე განხორციელდა. ეიკინსთან ერთად, თვითმფრინავიდან კიდევ სამი ადამიანი გადმოხტა. ერთი ვიდეოოპერატორი იყო. მეორემ პეტარდა აანთო, რათა დედამიწაზე დაენახათ ნახტომის სტარტის მომენტი. მესამეს კი ყველაზე საინტერესო და რთული როლი ერგო! მას ფრენის მომენტში, დედამიწასთან მიახლოებული ეიკინსი უნდა გაენთავისუფლებინა ჟანგბადის ბალონისგან.
ოთხივემ ერთად იფრინეს დაახლოებით ოთხი კილომეტრი, რის შემდეგაც სამმა პარაშუტი გახსნა. ამის შემდეგ, ლუკი მარტო აგრძელებდა ფრენას.
ქვემოთ რა ხდებოდა? 20 სართულიანი სახლის სიმაღლეზე გაჭიმული იყო ბადე. დაახლოებით საფეხბურთო მოედნის მესამედი ფართობის. თურმე არსებობს ბადეები, რომელსაც შეუძლია შეანელოს შვიდი კილომეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდნილი საგნის (ამ შემთხვევაში ადამიანის) ვარდნა. თან, ეიკინსი, რაც უფრო უახლოვდებოდა დედამიწას, მით უფრო აგდებდა სიჩქარეს - 200 კმ/სთ-მდე. ამას ხელების, ფეხებისა და საჰაერო აკრობატიკის მეშვეობით აკეთებდა.
ცალკე საკითხი იყო გაჭიმულ ბადეში ზუსტად მოხვედრა. რთული ამოცანაა, როცა 7.6 კილომეტრის სიმაღლიდან ხტები. ამბობენ, რომ ლუკი GPS-ნავიგატორს იყენებდა. და მიმართულებას საკუთარი სხეულით არეგულირებდა. რა თქმა უნდა, ამისთვის მას ხანგრძლივი ვარჯიში დასჭირდა.
ეიკინსი ზუსტად ბადის ცენტრში ვერ დაეშვა, როგორც წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. მაგრამ ბადემ მაინც შეამსუბუქა დარტყმის საშინელი ძალა. და ლუკმაც ხელები მაღლა ასწია, რითაც ანიშნა შეკრებილებს, რომ ყველაფერი წესრიგში ჰქონდა. მისი ფრენა ორ წუთზე ცოტა მეტხანს გაგრძელდა.
იხილეთ ვიდეო
მოგვიანებით, ეიკინსმა განაცხადა, რომ ამ სიგიჟეზე თავიდანვე არ დათანხმებულა. ოჯახზე ფიქრი ამუხრუჭებდა... მაგრამ, საბოლოოდ, ოჯახი მას ქვემოთ, ბადის გვერდით ელოდა. ცოლი (ორი ათასზე მეტი ნახტომი პარაშუტით) და ოთხი წლის ვაჟი."ცხოვრებაში ბევრჯერ გადმომხვტარვარ პარაშუტით, - ამბობს საკუთარ რეკორდზე ლუკი. - მოვიდა ახალი ნაბიჯის დრო - პარაშუტის გარეშე ნახტომი. უნდა დამემტკიცებინა, რომ ასეთი რამ შესაძლებელია. მე გიჟი არ ვარ. ქვემოთ ბადე მელოდა. უბრალოდ, ვფიქრობდი, რომ სწორედ ის იყო ჩემი პარაშუტი. ოღონდ, არა ზემოდან, არამედ ქვემოდან..".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"