"მერიამ ფინანსებზე არჩევნების შემდეგ მოგვმართეთო, ესაა დაპირებული მხარდაჭერა?!"

AutoSharing Option
საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავა სოციალური ქსელის მეშვეობით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"ჩემო მეგობრებო!!! ძალიან შევეცადე ეს პოსტი დამეწერა ცივი გონებით და მინიმალური ემოციით, არ ვიცი რამდენად გამომივა, თუმცა შევეცდები.

ბოლო წლების განმავლობაში, ვინც თვალყურს ადევნებით ჩემს პოსტებს კანოესა და ჯომარდობასთან დაკავშირებით, შეამჩნევდით, რომ ჩემი სახელმწიფოს მიმართ დამოკიდებულება, შეფასებები და ზოგადი მიდგომა ძალიან ლოიალური, პოზიტიური და ფაქტიურად ნულოვანი კრიტიკის შემცველი იყო. ალბათ იმიტომ, რომ ყოველთვის ვცდილობ ვეძებო ყველაფერში პოზიტივი და ნეგატივზე უარს ვამბობ, ვცდილობ ყოველთვის რაიმე გამართლება
ვუპოვო ნებისმიერ ნეგატიურ მოვლენას, გაგებით მოვეკიდო უარებს. არ ვიცი ეს რამდენად სწორია... ყოველივე ეს შესავლის ნაცვლად...

ალბათ ყველას გახსოვთ რიოს ოლიმპიადა, ზაზა ნადირაძის გამოსვლა, სიხარული, სიამაყე, გულდაწყვეტა და მომავლის იმედი, საყოველთაო ეიფორია და მთავრობის ხმამაღალი დაპირება – კანოეს ამიერიდან სხვანაირად მივხედავთო!!! ჩვენც, ფედერაციის წევრები, მწვრთნელები, სპორტსმენები ძალიან დაიმედებულები და ბედნიერები ვიყავით, ჩვენ ხომ შევძელით და ეს არაჩვეულებრივი სპორტის სახეობა გამოვიყვანეთ ღრმა კრიზისიდან და შევძელით სრულიად დამსახურებულად საზოგადოების და მთავრობის ყურადღების მიპყრობა, შევძელით დაგვერწმუნებინა ყველა, რომ აქაც დიდი პერსპექტივები გვაქვს და ჩავთვალეთ, რომ პრემიერმინისტრის სიტყვები ჩვენი სახეობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ყველამ მკაფიოდ გაიგო.

მ/წ-ის 22 სექტემბერს თბილისის ნიჩბოსნობის ფედერაციამ შეიტანა წერილი ქ.თბილისის მერიაში ამავე წლის 21-23 ოქტომბერს ქ.ფოთში ჩასატარებელ საქართველოს თასზე თბილისის კანოე-კაიაკის გუნდის მივლინებასთან დაკავშირებით. მოთხოვნილი თანხა - 2 350 ლარი, გუნდის შემადგენლობა - 10 სპორტსმენი, 3 მწვრთნელი. ტურნირის ძირითადი მიზანი - ახალგაზრდული ნაკრების ფორმირება, რომელიც მზადებას დაიწყებს მომავალ წელს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის, ეს ახალგაზრდული ნაკრები კანოეს მომავალია, არის შანსი, რომ კიდევ მრავალი ზაზა ნადირაძე გამოჩნდება ასპარეზზე.

გუშინ, 18 ოქტომბერს, ჩვენ მივიღეთ პასუხი თბილისის მერიიდან - ალბათ არ არის საჭირო ახსნა რა ეწერა ამ წერილში, მაგრამ მაინც დავწერ - უარი. თანხების არ არსებობის გამო. არჩევნების შემდეგ მოგვმართეთო.

მსურს დაგამშვიდოთ - 13 კაციანი შემადგენლობა მაინც გაემგზავრება ამ შეჯიბრზე და ამ ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა იბრძოლონ ახალგაზრდულ ნაკრებში მოსახვედრად.
ეს თანხა გადახდილი იქნება ჩემი პირადი სახსრებიდან, ისევე, როგორც არაერთხელ აქამდე დახარჯულა ჩემი და ჩვენი მთავარი მწვრთნელის, კახა ლომიშვილის ჯიბიდან. ახლა არ დავიწყებ ჩამოთვლას, რა თანხები იყო ეს. ამიერიდან არცერთ ასეთ შემთხვევას არ გავატარებ.

ნუთუ ეს არის ის დაპირებული სხვანაირი მხარდაჭერა?! ნუთუ არჩევნები შეიძლება იყოს მიზეზი სპორტსმენების არ დაფინანსების?! რატომ გვაცნობეს ასე გვიან, 18 ოქტომბერს, ფულის არარსებობის შესახებ, რომელიც თურმე არჩევნების მეორე ტურზე არის მიმართული? ასე გვინდა სპორტი განვავითაროთ? ასეთი მიდგომით არაფერი გამოვა!

ეს ჩემთვის და, ვფიქრობ, მთელი სპორტული სამყაროსთვის ძალიან ცუდი სიგნალია! მე მართლა ძალიან შეშფოთებული ვარ ასეთი სიტუაციით!!!

ის იმედი, მუხტი, სიხარული, რწმენა იმისა, რომ აწი სხვანაირი მხარდაჭერა გვექნება, ძალიან შეირყა დღევანდელი ფაქტის შემდეგ. მე არ ვიშვერ ხელს კონკრეტული პიროვნებების მიმართულებით, იმედი მაქვს რომ ეს მათი გადაწყვეტილება არ იყო. ეს არის სისტემის ნაკლოვანება, რომელიც მთელი თავისი რესურსით მომართულია პოლიტიკურ ბრძოლაზე და ნაკლებად აინტერესებს სპორტის განვითარება თუ კონკრეტულ მოცემულ მომენტში პარლამენტში დამატებითი ხმა ჭირდება.

ძალიან გაკვირვებული ვარ ასევე სახელმწიფოს გულგრილობით, რომელიც მან გამოიჩინა ჯომარდობაში ევროპის ჩემპიონატის ჩატარების უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით, რომელიც ჩატარდება 2017 წლის 22-28 მაისს ბორჯომში, მდინარე მტკვარზე. სრული იგნორი!

რატომ ბატონებო, ჩაიარა არჩევნებმა და მხოლოდ 2019 წელს გახდება აქტუალური ჩვენი ხმები?

ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ მე 100% აპოლიტიკური ადამიანი ვარ! მე ვაკეთებ ჩემს საქმეს, რომელიც საქართველოს კიდევ უფრო მეტად და უკეთესად წარმოჩენაში ეხმარება ჩვენს მთავრობას. ხაზს ვუსვამ - ეს პოსტი ჩემი გულისტკივილის გამოძახილია და არავითარ შემთხვევაში არცერთი პარტიის ინტერესებს არ ემსახურება, არავისი მხარდამჭერი არ ვარ გარდა ჩემი ქვეყნისა!

ყველას, ვინც წაიკითხა ეს პოსტი ბოლომდე, გთხოვთ გაავრცელოთ და არ დატოვოთ უყურადღებოდ ეს პრობლემა!!!!

დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ეს წერილი ადრესატამდე მივა. ასევე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ გახდება საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციის და საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის "შავ სიაში" შეყვანის მიზეზი!

საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავა", - წერს ქაცარავა.
მკითხველის კომენტარები / 32 /
ქეშად რომ ფულებს მაზავდნენ რაიონებში იმათ სპორტისთვის არც არასდროს მიუციათ თანსხა და ახლა მითუმეტეს ხელისუფლებაში რომ აღარ არიან სულ არ მისცემდნე.ისე ფედერაციის კარგ ხელმძღვანელს კი უდნდა გადაენაწილებია თანხები ისე რომ გუნდი უსახსროდ არ დაეტოვებია მით უმეტეს თუ 2012 წელთან შედარებით 14 გაეზარდათ დაფინანსება.
ვითომ გულსემატკივარს-s
24 ოქტომბერი 2016 13:40
0
ამ ფედერაციას 2012 წელს 10 000 ლარი ქონდა დაფინანსება 2016წელს კი 145 000 ატყობთ რაიმე სხვაობას. შეიძლება საკმარისი არ არის მაგრამ ჭაობიდან ეგრევე მწვერვალზე ვერ მოხვდები. ვერვ იმ კაცისას დავიჯერებ ამ სპორტზე გული თუ შეტკივა და თანხას არჩევნების შემდეგ შეპირდნენ, რომ მან 2400 ლარის შოვნა ვერ შეძლო, ეს მთავრობის წინააღმდეგ მიმართული წინასაარჩევნო ტრიუკს უფრო გავს ვიდრე ამ სპორტზე შეყვარებული კაცის გულისტკივილს.
mamuka09ze-s
24 ოქტომბერი 2016 13:34
0
იქნებ ქაცარავას ფედერაციის მიერ მიღებული თანხების დინამიკაც გამოექვეყნებინა 2011 წლიდან. 2012 წელთან შედარებით 14 ჯერ აქვს გაზრდილი დაფინანსება. უგულავას დროს რატომ ვერ იღებდა ხმას? მაშინ მეტს იღებდა.
givi
24 ოქტომბერი 2016 13:23
0
კანონმდებლობაში სპორტული ღონისძიება ცალკე გამოყოფილი არაა. თუ კრიტიკა გვინდა კი ბატონო ... ნაღდად ვიცი მაგ ფულით ნარმანიამ ქუდი იყიდა ზამთრისთვის, ამბობენ მაგარი ცივი ზამთარი იქნებაო და თბილი ქუდი უყიდია, მოეთმინა ცოტა და მიეცა ეს ფული
ვითომ გულშემატკივარს გულშემატკივარი
21 ოქტომბერი 2016 17:39
0
მერია წინაწარ დაუგეგმავ ვერავითარ დახმარებას ვერ გასცემს არჩევნების პერიოდში ამას კრძალავს საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 49, პუნქტი 3. ''არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით აკრძალულია ისეთი პროექტების/პროგრამების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროექტები/პროგრამები ფინანსდება არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე შესაბამისი ბიუჯეტის სათანადო პროგრამული კოდით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში ან/და ამ ასიგნებებიდან გამოყოფილი სახსრებით, აგრეთვე დონორების მიერ გამოყოფილი სახსრებით". და კანონს უნდა დაცვა. ბატონ დავითს ცოტა ადრე რომ ეზრუნა დახმარების მოსაგვარებლად ეს პრობლემა არ შეექმნებოდა. თუ გადავხედავთ მერიის და მის ტერიტორიულ ერთეულების მიერ გაწეულ ხარჯებს აღმოჩნდება, რომ არჩევნების პერიოდამდე ჯომარდობის ტურნირის მოსაწყობად 4-ჯერ მეტი ხარჯია გაწეული ვიდრე ბატონი დავითი ითხოვს. ამიტომ ამ წერილის პათოსს კატეგორიულად არ ვეთანხმები, მიუხედავად ქართული სპორტის დიდი გულშემატკივრობისა. ერთი კი უნდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფო აპარატი არ უნდა იყოს ისეთი მოუქნელი, რომ წერილზე, რომელიც სასწრაფოდ მოითხოვს პასუხს 26 დღეს არ უნდა ანდომებდეს.
gizo
21 ოქტომბერი 2016 17:12
0
ბატონო დავით უნდა გაგემარტათ რას ნისშნავს კანოე და ყოველ შემთხვევისთ ვის ისიც გეხსენებინათ ვინ სად გაიმარჯვა და რა თქვა პრემიერმა სხვა შემთხვევაში მერიაში გაუჭირდებოდათ რისთვის ითხოვდით დახმარებას
bebo
21 ოქტომბერი 2016 16:46
0
ქაცარავა მერად. შეხედულება მაინც აქვს და მე ძალიან მომწონს როგორც პიროვნება
lalika
21 ოქტომბერი 2016 15:52
0
ნაციონალებს და ნათელაშვილს რაიმე მიზეზი მიეცი და ეგენი არ ჩაეჭიდებიან?!შეიძლება თეორიულად არ ჩაითვალოს ამომრჩევლის მოსყიდვად,მაგრამ მიშიკო და მისი ნაცბანდა ათას კუდს გამოაბამენ...ორი თვეა ველოდები სამსახურში დანიშვნას,მაგრამ არჩევნების გამო ბრძანება არ იწერება და რა ვქნა ახლა ფეისბუქზე დავწერო თუ აქცია მოვაწყო?!
a talanti
21 ოქტომბერი 2016 15:15
0
აუუუუუუჰ! წაესიენ მიცკევიჩის ლომები ქაცარავას კომენტარებით! რა მოსყიდვა?! ფედერაცია ამომრჩეველი არ არის. ის ფედერაციაა და ფედერაციებს ქალაქის სპორტის სამსახური კურირებს. გაწერილია სპორტული ღონისძიებების თანხა, როგორც გეგმიური , ისე ფონდიდან, არა გეგმიური. საკუთარ ბიუჯეტში მაინც ჩაიხედეთ! დონეეეეეეეეეე, მერია
////
21 ოქტომბერი 2016 13:52
0
ნამდვილად ყურებს არ ვუჯერებდი რომ გამოაცხადეს გვარი ნადირაძე,მეორეთ რომ გამოაცხადეს მაშინ დავრწმუნდი რომ ქართველი იყო. ამ ბიჭმა დიდი სიხარული მოგვანიჭა ქართველებს,მას ყურადღება და გვერდში დგომა სჭირდებ ,რომ უფრო დიდი წარმატებებით გაგვახაროს.მაგრამ ბატონო დავით ცოტა ადრე რომ შეგეტანათ განცხადება არ მგონია რომ ამ მცირე თანხით არ დაეფინანსებიეთ მერიას. კანონი ყველასთვის კანონია ბატონო დავით.სულ გამარჯვების გზებით ევლოს ნადირაძეს.იმედია ამის შემდეგ ის პირები ვისაც ევალებათ სათანადო ყურადღებით მოეკიდებიან ამ სპორტს და ყველანაირად ხელს შეუწყობენ მათ ვინც ამ სპორტით დაკავდება.
@
21 ოქტომბერი 2016 13:44
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული