საქართველოს გრან პრი ბელა ხოტენაშვილმა და ალექსანდრ ფიერმა მოიგეს

AutoSharing Option
შვიდი შესაძლებლიდან ექვსი ქულა - ასეთი შედეგით დაასრულა თბილისის ჭადრაკის სასახლეში ასპარეზობა ბელა ხოტენაშვილმა.

რაპიდში მოჭადრაკე ქალთა საქართველოს გრან პრის გათამაშების მეოთხე ეტაპის მეშვიდე ტურში მან შავი ფიგურებით ნინო ბაციაშვილი დაამარცხა და სხვებისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა.

ასევე, წარმატებით ითამაშეს ლელა ჯავახიშვილმა, მერი არაბიძემ და სოფიო გვეტაძემ, რომლებმაც, შესაბამისად, ნინო ხომერიკს, დალი ნანეიშვილსა და ნინო მაისურაძეს სძლიეს და 5-5 ქულას მოუყარეს თავი.

უკეთესი კოეფიციენტის გათვალისწინებით, მათ მეორე-მეოთხე ადგილები ასე გაინაწილეს: ჯავახიშვილმა, გვეტაძემ და არაბიძემ.

საგულისხმოა, რომ ბელა ხოტენაშვილისთვის წლევანდელი სეზონი წარმატებული გამოდგა.
ფიდეს გრან პრის დებიუტანტმა პირველ რაუნდში, რომელსაც შვეიცარიამ უმასპინძლა, ყველას აჯობა და 160 ქულა დაიმსახურა. ამ წარმატების შემდეგ ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მყოფმა საკუთარი შესაძლებლობები ვერ გამოავლინა დილიჟანში (სომხეთი). სამაგიეროდ, ტაშკენტში მეორე იყო.

ბელას კიდევ ერთ ეტაპზე მოუწევს ძალების გამოცდა. ეს შეჯიბრება თბილისში გაიმართება და გამარჯვების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, ქართველმა დიდოსტატმა მსოფლიოს ჩემპიონის გვირგვინისთვის იბრძოლოს.

ამას წინათ ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ბელა ხოტენაშვილი, ნაკრების სტრატეგიიდან გამომდინარე, მეოთხე დაფაზე თამაშობდა - მეორე ადგილი დაიკავა და ლამაზი პარტიისთვის სპეციალური პრიზიც დაიმსახურა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ ნონა გაფრინდაშვილის, მაია ჩიბურდანიძის, ნანა იოსელიანისა და ნანა ძაგნიძის შემდეგ საქართველოში მეხუთე მოჭადრაკე ქალია, რომელსაც ვაჟებში საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა.

ბელა ხოტენაშვილის უახლოესი გეგმაა, 2014 წლის იანვარში ჰიბრალტარის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირში იასპარეზოს, 17 თებერვალს კი საქართველოს ქალთა 71-ე ეროვნულ ჩემპიონატში ჩაებმება.

რაც შეეხება თბილისის ჭადრაკის სასახლეში რაპიდში გრან პრის მე-4 ეტაპზე მოასპარეზე ვაჟებს, მე-8 ტურში ორგანიზატორებსა და მოასპარეზეებს სიურპრიზი შესთავაზა ვარლამ ვეფხვიაშვილმა - ვეტერანმა მოჭადრაკემ შავებით ზურაბ ჯავახაძე დაამარცხა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა ბოლო ტურში ბრაზილიელ დიდოსტატ ალექსანდრ ფიერს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია და წააგო.

ამ გამარჯვებით ფიერმა 7,5 ქულა მოაგროვა და პირველი ადგილი დაიკავა. 7-7 ქულით მეორე-მესამე ადგილები გაიყვეს ზურაბ ჯავახაძემ და ლუკა პაიჭაძემ, 6,5 ქულით მეოთხე იყო კონსტანტინე შანავა, ხოლო ვეფხვიაშვილი 6 ქულით მეხუთე ადგილზე გავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /

0

სიახლეები პოპულარული