ყატარის საერთაშორისო ტურნირი: მესამე ტური დაუმარცხებლად

AutoSharing Option
ფოტოზე: მაგნუს კარლსენი ნინო ბაციაშვილის პარტიით დაინტერესდა
გუშინ, 22 დეკემბერს, ყატარში, მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირზე მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა. ქართველმა დიდოსტატებმა ორთაბრძოლები დაუმარცხებლად ჩაამთავრეს.

სოფიკო გურამიშვილმა თეთრი ფიგურებით გერმანელი როვენ ფოგელის მეფე დააშამათა, ხოლო ნინო ბაციაშვილი, ნანა ძაგნიძე და ბელა ხოტენაშვილი, შესაბამისად, რავი ჰარიას (ინგლისი), აზიზ ჰუსეინ ნეზადისა (ყატარი) და არიან გოლამის (ირანი) შეუთანხმდნენ ყაიმზე.

ლიდერთა ჯგუფში ორი ტურის შემდეგ ასპარეზობის ცხრა მონაწილეს ჰქონდა ქულათა მაქსიმუმი. ისინი გუშინ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ: ანიშ გირი (ჰოლანდია)-რადოსლავ ვოიტაშეკი (პოლონეთი) 1:0, დავიდ ჰაუელი (ინგლისი)-უესლი სო (აშშ)
0.5:0.5, სეტურამანი (ინდოეთი)-ლი ჩაო (ჩინეთი) 0:1, იუი იანი (ჩინეთი)-დარიუშ სვერჩი (პოლონეთი) 0.5:0.5, მაგნუს კარლსენმა (ნორვეგია), რომელსაც 1.5 ქულა ჰქონდა, თეთრებით დანიილ იუფა (რუსეთი) დაამარცხა.

ამდენად, სამი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ ლი ჩაო და ანიშ გირი დაწინაურდნენ. მე-4 ტურში სწორედ ისინი შეხვდებიან ერთმანეთს.

ჩვენები კი ასე დაუწყვილდნენ მეტოქეებს: კიდამბი სანდარარაიანი (ინდოეთი)-გურამიშვილი, ბაციაშვილი-აჰია როჰანი (ინდოეთი), პონტუს კარლსონი (შვედეთი)-ძაგნიძე, ხოტენაშვილი-ალექსეი სლავინი (რუსეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული