ნინო ხომერიკი: ვეცდები, მედლების კოლექცია ახალი ჯილდოთი გავიმდიდრო

AutoSharing Option
ამას წინათ ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში დამთავრდა 8-18 წლის მოჭადრაკეთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც წარმატებით იასპარეზა ნინო ხომერიკმა - ცხრა შესაძლებლობიდან 7.5 ქულას მოუყარა თავი და 18-წლამდელებში ევროპის ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.

- ამ შეჯიბრებისთვის ტურნირამდე ორი თვით ადრე დავიწყე ინტენსიური მზადება, - გვითხრა პრაღიდან დაბრუნებულმა ჩემპიონმა. - პირადი მწვრთნელი ხვიჩა სუპატაშვილი, მამაჩემი - გიორგი ხომერიკი და გივი გოგიჩაიშვილი მავარჯიშებდნენ. ყოველდღიურად ფიზიკურ და თეორიულ მომზადებას 7-8 საათს ვანდომებდი.

- სკოლა?
- სკოლა დავამთავრე, მაგრამ ეროვნულ გამოცდებზე არ გავსულვარ, რადგან 18-წლამდელებში ევროპის ჩემპიონობის კიდევ
ერთი შანსი მეძლეოდა და მისი ხელიდან გაშვება არ მინდოდა. გამოცდებს გაისად ჩავაბარებ.

- ზედიზედ ორჯერ ევროპის ჩემპიონობის მოპოვება იოლი არ არის. თქვენთვის რომელი ტურნირი იყო უფრო ძნელი - შარშანდელი თუ წლევანდელი?
- შარშან რეიტინგით მე-4 ვიყავი, წლეულს კი - მეორე, მაგრამ პრაღის ბატალიები უფრო ძნელი და დამღლელი გამოდგა...

- იმის მიუხედავად, რომ ოთხი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ ლიდერობდით?
- თავიდან ძლიერი მეტოქეები არ მყოლია. მე-5 ტურში პოლონელ ანა კუბიჩკასთან დებიუტშივე უარესი პოზიცია მივიღე თეთრები და მთელი ხუთი საათის განმავლობაში პარტიის გადარჩენას ვცდილობდი. საბედნიეროდ, შევძელი. მეორე დღეს დასვენება გვქონდა. უსიამოვნო განცდებისგან განსატვირთავად მამასა და ბატონ ხვიჩა სუპატაშვილთან ერთად ქალაქში გავისეირნე. საღამოს კი მომავალი ტურისთვის მოვემზადე. მე-6 ტურში რუს ეკატერინა დიაკონოვას ვძლიე, რომელიც საბოლოოდ ნახევარი ქულით ჩამომრჩა და ვერცხლის მედალი ერგო. მეშვიდე ტურში ასპარეზობის უკრაინელ რეიტინგფავორიტ იულია ოსმაკს ლამაზი პარტია მოვუგე. ჩემთვის ძალიან დამღლელი და ფსიქოლოგიურად მძიმე გამოდგა ბოლო ორი შეხვედრა.

- მესმის თქვენი -ტურნირის ერთპიროვნული ლიდერი ხართ, ჩემპიონობა ხელის გაწვდენაზეა. ერთი გაუთვალისწინებელი სვლა და ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ...
- გეთანხმებით. პირველობისთვის ორი ყაიმი მყოფნიდა, მაგრამ ამას ხომ მიღწევა უნდოდა. ტურნირის ფინიშზე, როცა ყოველ ნახევარ ქულასაც ოქროს ფასი აქვს, უბრძოლველად ვინ რას დაგითმობს. მერვე ტურში სლოვენიელ ლაურა უნუკს შავი ფიგურებით მძიმე ბრძოლის შემდეგ დავუზავდი. ბოლო ტურში რუს ირინა დროგოვოზთან კი მოსაგებად ვიყავი განწყობილი, დებიუტში უკეთესი პოზიციაც მქონდა, მაგრამ შუა თამაშში ყველაფერი აირია. ენდშპილში ისევ დავეუფლე უპირატესობას და, რომ ვნახე, კონკურენტები მშვიდობიანად დაშორდნენ მეტოქეებს, ირინას ყაიმი შევთავაზე, რაზეც სიამოვნებით დამთანხმდა. ექვსი მოგებით და სამი ყაიმით ევროპის ჩემპიონობა შევინარჩუნე, რამაც ძალიან გამახარა.

- სამომავლოდ რას აპირებთ?
- ევროპის ჩემპიონატმა ძალიან დამღალა, ამიტომ ახლა ცოტას დავისვენებ და დავიწყებ მზადებას 18-წლამდელთა მსოფლიოს პირველობისთვის, რომელსაც 22 სექტემბრიდან ხანტი-მანსიისკი უმასპინძლებს.

შარშან მსგავს ტურნირში ცუდად ვითამაშე - მეექვსე-მეშვიდე ადგილები გავიყავი. წლევანდელ შეჯიბრებაზე რეიტინგით მეოთხე-მეხუთე ვიქნები, მაგრამ ამას არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რადგან შარშანდელთან შედარებით ერთი წლით გავიზარდე, მეტი გამოცდილება შევიძინე, თან ევროპის პირველობამ მომავლის პერსპექტივები დამანახვა.

ვეცდები, შესაძლებლობის მაქსიმუმი გამოვავლინო და მედლების კოლექცია ახალი ჯილდოთი გავიმდიდრო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გამარჯვებას გისურვებთ მსოფლიო ჩემპიონატზე! ზედიზედ ორჯერ ევროპის ჩემპიონატის მოგებით თქვენ უკვე სერიოზული პრეტენზია განაცხადეთ რომ გახდეთ მსოფლიოს ჩემპიონი.
ლუკა
15:32 31-08-2016
0

სიახლეები პოპულარული