იმ სემინარს საქართველოდან ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე, ჭაბუკთა ნაკრების მთავარი დამრიგებელი გიორგი ყიზილაშვილი, უმაღლესი კატეგორიის არბიტრი და რიოს ოლიმპიადაზე ნამსაჯები ვლადიმერ ნუცუბიძე და ასევე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი ამირან ტოტიკაშვილი ესწრებოდნენ.
გუშინ ისინი ძიუდოს აკადემიაში ეროვნული ნაკრების ვარჯიშსაც დაესწრნენ და სპორტსმენებს ეს ცვლილებები გააცნეს.
ცვლილებები კი
ამიერიდან ვაჟებში შემცირდა საჭიდაო დრო და ის ქალებისას გაუთანაბრდა, 4-წუთიანი გახდა; კოკას შემდეგ წარსულში იუკოც გავაცილეთ და მხოლოდ ორი შეფასება დარჩა - ვაზარი და იპონი; აღარ იქნება გაფრთხილება და დაშვებულია ყველანაირი ჩავლება; ფეხზე ხელის მოკიდებისთვის ძიუდოისტი ეგრევე არ იხსნება შეჯიბრებიდან და სხვა...
ერთადერთი, რაც კვლავაც მკაცრად იგმობა, პასიური ჭიდაობა და ინერტულობაა ტატამზე. ახალ წესებს პირველად სულ მალე, ორიოდ დღეში - 14-15 იანვარს ტუნისში "აფრიკის ღია კონტინენტურ თასზე" გამოცდიან, რომელიც ვაჟებშიც ტარდება და - ქალებშიც.
- ირაკლი ცირეკიძე: ახალი წესები ჩვენს ძიუდოისტებს სასიკეთოდ წაადგებათ
- კომენტარი: ახალი წესები პირდაპირი დარტყმაა ქართველი ძიუდოისტებისთვის!
- ძიუდოში ახალი წესები დაამტკიცეს, რომლებიც პირველ რიგში, ქართველებს გაახარებს
ბუნებრივია, მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა ბანაკი ახალ წესებსაც ჰყავს, თუმცა ახლა რამდენიც უნდა ვიკამათოთ, ყველაფერს მაინც დრო გამოაჩენს, მანამ კი თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "კოჭი ალჩუზე დაგვიჯდა" - რაკიღა ქამარში თუ სხვა ტიპის ჩავლებების ნება დაგვრთეს, ეს უკვე ჩვენი ჭიდაობაა. ახლა მთავარია, სპორტსმენები და მწვრთნელები დროულად გაერკვნენ ამ შეღავათებში.
ახალი წესების შესახებ განმარტებები ვლადიმერ ნუცუბიძეს ვთხოვეთ, რამდენად მისაღებად მიაჩნია ეს რეფორმები ზოგადად ძიუდოს და კონკრეტულად ქართველი ათლეტებისთვის. თუმცა დასაწყისში იმაზე დავეკითხეთ, თუ რამ გამოიწვია წესების რევიზირების საჭიროება, რაზეც შემდეგი გვიპასუხა:
"ამ ცვლილებებით უქმდება ყველა ის წესი, რომელიც საკამათო იყო, ორმაგი სტანდარტი უდგებოდა, მსაჯის სუბიექტურ მიდგომაზე იყო დამოკიდებული და ხარვეზივით ჩანდა ძიუდოში. ამიერიდან ეს ყველაფერი გარკვეულია.
მაგალითად - ჩავლებები, მაჯასთან ოდნავ ახლოს მოკიდა თუ არა, თითები ჰქონდა შეყოფილი, ან არასწორი ჩავლება ჰქონდა და ასე შემდეგ. მსაჯი ხშირად ჰაერში აჩერებდა გდებას და არავის არ ესმოდა, რატომ გააჩერა შეხვედრა. მაყურებელი ხედავს, რომ ვიღაცამ მოჰკიდა ხელი და დააგდო, მაგრამ თურმე სადღაც არასწორად მოუკიდია ის ხელი და ამიტომ არ ითვლება!
აი, ასეთი მომენტები არ იქნება, როგორც, მაგალითად, იმაზე მსჯელობა, იდაყვები დადო თუ არა; ორივე იდაყვი თუ დადო, მაშინ როგორ გადაირჩინა თავი; იუკო იყო თუ ვაზარი ანუ ბევრი სადავო მომენტი ამოწურულია.
ამასთან, ადრე ერთ შიდოს მიაღებინებდა მეტოქეს და მერე ის ფალავანი ინარჩუნებდა იმ უპირატესობას მთელი ხუთი წუთის მანძილზე და ამით იგებდა. ახლა შეხვედრა დამატებით დროში გადავა და ის შიდო ხუთი წუთი კი არა, უსასრულობამდე უნდა შეინარჩუნოს და როდემდე ეყოფა გამძლეობა? ამიტომ ეს წესიც მისასალმებელია, გაფრთხილება ქულას რომ არ ნიშნავს, გდება უნდა გააკეთო. ყველაფერი იქითკენაა მიმართული, რომ ილეთი გაკეთდეს, ჭიდაობა სანახაობრივი გახდეს".
ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, ჩვენთვის რამდენადაა მისაღები ეს ცვლილებები, თუმცა ნუცუბიძე ამაზეც იმედიან პასუხს იძლევა:
"ეს წესები ჩვენთვისაც კარგია, რადგან სპეციფიკური ჩავლებები გვაქვს - ქამრიდან, გვერდიდან, წინა ქამრიდან, მოგვერდებს ვაკეთებთ, ახლოდან ვეჭიდავებით და ვეკვრებით.
ეს ყველაფერი აქამდე იდევნებოდა, რადგან ძიუდო კლასიკურ იაპონურ საწყისს უნდა დაბრუნებოდა, ახლა კი მიდგომა შეიცვალა და ეს ყველაფერი ისევ დაუშვეს - კი ბატონო, იყოს კლასიკური ძიუდოც და იყოს ესეც. მთავარია, იყო შეტევაში და ილეთი გაკეთდეს. შეტევაში თუ ხარ, მაშინ ყველაფერი დასაშვებია.
ხშირად ისე ხდებოდა ამ ახლო ჭიდაობიდან გამომდინარე, რომ გადავლების ან გვერდიდან ქამრის აღების მომენტში ზუსტად ვერ არტყამდა ხელს და ქამარს ქვევითაც მოუხვდებოდა, რისთვისაც შეჯიბრებიდან ხსნიდნენ. ამით ყველანაირად მომზადებული ძიუდოისტი, რომელიც ჩემპიონიც შეიძლება, გამხდარიყო, სულაც უმედლოდ ამთავრებდა ტურნირს, ახლა მხოლოდ გააფრთხილებენ და ისევ ექნება წარმატების მოპოვების შანსი".
ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც ქომაგთა უკმაყოფილების მიზეზია, იუკოს გაუქმება და მხოლოდ ორი შეფასების დატოვებაა. ნუცუბიძეს ამაზეც დავეკითხეთ, თუმცა ამ ცვლილებასაც მიესალმება.
"ჩემთვის ეს ზუსტად იგივე თემაა, როგორიც თავის დროზე კოკას გაუქმება იყო -ეს როგორ შეიძლება, დაიკარგა ძიუდოო და ასეთები. ამ დროს არაფერი არ დაკარგულა.
მსგავსი ცვლილებები რიგით მაყურებელზეა გათვლილი, თორემ სპეციალისტისთვის დიდს არაფერს წარმოადგენს, ტაბლოზე იუკო ეწერება თუ ვაზარი. მისთვის მთავარია, გდება შეაფასოს, მაგრამ ჩვეულებრივი მაყურებელი, რომელიც შემთხვევით მოხვდა ტელევიზორთან ძიუდოს ტურნირისას ან დარბაზში ახლობელს გაჰყვა, ხედავს მხოლოდ იმას, რომ ერთმა მეორე დააგდო. ის ვერაფრით ვერ ახსნის, რა პოზიციაზე დაეცა - ოდნავ ზურგისკენ, ოდნავ მუცლისკენ, გადაგორდა, გადმოგორდა თუ რა ქნა.
მაგრამ თანაბარ შეფასებას თუ მისცემ, მისთვის ეს მისაღებია, ხოლო რაც საზოგადოებისთვის მისაღებია, შემდგომი განვითარებაც იმ მიმართულებით უნდა წარიმართოს, რომ ყველასთვის მარტივი და ადვილად აღქმადი იყოს. ამიტომ იუკოს და ვაზარის გათანაბრება წინგადადგმული ნაბიჯი მგონია.
ჩემთვის ჭიდაობის სახეობებიდან ყველაზე დახვეწილი სუმოა, სადაც ყველაფერი გათვლილია - ტიტულები, ილეთები, წესები და სხვა. სუმო ყველაზე ადვილი საყურებელია იმ მაყურებლისთვის, ვინც არანაირი წესი არ იცის - ერთმა მეორე უნდა გაიყვანოს წრიდან ან დააგდოს ძირს. იქ მეტი წესი არ არსებობს. შესაბამისად, ძიუდოც ასე გამარტივებისკენ მიდის, რომ უცხო თვალმა, რაც შეიძლება, ადვილად აღიქვას".
დასასრულს, ნუცუბიძემ სემინარზე მომხდარი ერთი საგულისხმო ფაქტიც გაიხსენა:
"რუსეთის დელეგაციის ერთ-ერთი წევრი გამეხუმრა, ქართველებმა როგორ მოახერხეთ და ჩააწყვეთ, რომ რაც თქვენ გინდოდათ, ის წესები შემოსულიყოო.
ისინი იმაზე ნერვიულობენ, რომ ნაკრებში რუსი ძიუდოისტი ვეღარ მოხვდება. აქამდე კავკასიელებთან ერთად ნაწილი მაინც თუ ჰყავდათ რუსი, ამ ახალი წესებით ისინიც ვერ მოხვდებიან გუნდში, რადგან ეს ცვლილებები კავკასიელებისთვის ბევრად უფრო პრივილეგირებულია".
ახალ წესებთან დაკავშირებით გაურკვეველი მხოლოდ გუნდურის საკითხი რჩება, თუმცა ის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადასაწყვეტია და არა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციისა.
შეგახსენებთ, რომ ლაპარაკია ოლიმპიადაზე გუნდური ტურნირის დაშვებაზე, ოღონდ ეს იქნება შერეული გუნდი, სადაც სამი წონა ვაჟებისა იქნება და ამდენივე - ქალებისა. ამ წინადადებით ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ უკვე მიმართა სოკ-ს და ახლა ჯერი იმათზეა, მიიღებენ თუ არა ამ ნოვაციას, მაგრამ ძიუდოში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე გუნდური ტურნირი ისევ ძველი პრინციპით ჩატარდება ანუ ვაჟებიც და ქალებიც ცალ-ცალკე გუნდებად გამოვლენ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"