პრაღის ტურნირი: საჭიდაოდ გოგონებიც დაირაზმნენ

AutoSharing Option
შაბათს, 4 მარტს, პრაღაში "ევროპის ღია თასი" ტარდება ძიუდოისტ ქალთა შორის, რომელშიც საქართველოდან 4 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას: ოლიკო ალადოშვილი (48), მზია ბებოშვილი (52), მარიამ ჯანაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი (57).

ეს უფროსთა შეჯიბრებაა, თუმცა ჩვენგან ახალგაზრდული ნაკრები გამოვა, ხოლო ლიპარტელიანი სულაც ჭაბუკთა გუნდის წევრია. უბრალოდ, მთავარ მწვრთნელ გია თენაძეს გამოცდილების მისაღებად მაინც მიჰყავს და აქედანვე აჩვევს უფროსებთან ჭიდაობას.

როგორც ეტყობა, ბებოშვილმა საბოლოოდ გადაჭრა ზედმეტი წონის პრობლემა და წარმატებით დაიკლო. ყოველ შემთხვევაში, ის ისევ 52-შია დაყენებული, ხოლო ჯანაშვილს დიდად არც სთხოვენ წონის
დაკლებას და 52-ში დადგომას.

როგორც ადრე გაცნობეთ, ნაკრების ხელმძღვანელობა ელოდება ძიუდოს სამყაროში მოსალოდნელი რეფორმების დასრულებას, რომლის ერთ-ერთი პუნქტიც ოლიმპიადის პროგრამაში გუნდური ტურნირის შეტანაა, რაც შერეული გუნდის გამოყვანას ითვალისწინებს, ამ რეფორმაში კი 57 კილოგრამი ქალთა წონადაა მოაზრებული. თუ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეს შეთავაზება მიიღო, მაშინ 57 კილოგრამში ჯანაშვილი ნამდვილად დაგვჭირდება. სწორედ ამიტომ ჯერჯერობით ჯანაშვილს უფრო 57-ში აჭიდავებენ, თუმცა მის აზრსაც ითვალისწინებენ. ის ჯერ კიდევ დაკვირვების ქვეშაა და თუ გაუჭირდება ახალ წონაში ფეხის მოკიდება, მაშინ 52-ში დააბრუნებენ.

ყოველ შემთხვევაში, მისთვის პრაღის ტურნირი კარგი გაკვეთილი იქნება, რადგან საქართველოში ტურნირებიც აკლია და - მისი დონის სპარინგ-პარტნიორებიც. საგულისხმოა, რომ ამ ერთდღიანი შეჯიბრების დასრულებისთანავე პრაღაში კემპიც ჩატარდება და მასში ჩვენებიც მიიღებენ მონაწილეობას.

ამ შეჯიბრების პარალელურად - 4-5 მარტს ანტალიაში ევროპის თასი გაიმართება ჭაბუკთა შორის, სადაც ჩვენი გოგონების გუნდიც გამოვა, სულ 11 სპორტსმენი. მათ შორის რამდენიმე უკვე ტიტულოვანი მოზარდიც გვეყოლება - ჭაბუკებში მსოფლიოს ფინალისტი სოფიო სომხიშვილი (+70), ევროპის მესამეპრიზიორი მარიამ ჭანტურია (63) და სხვა.

ბოლო წლებში პირველად ხდება, როცა ანტალიაში ბიჭები არ მიდიან - მათ უფრო ძლიერი შეჯიბრება არჩიეს და მალე ტულაში გაემგზავრებიან, გოგოები კი ანტალიაში ერთობლივ ვარჯიშებზეც დარჩებიან.

იუნიორთა ნაკრები
40 კგ. ნინო წერეთელი
44 კგ. ანა ასანიშვილი
48 კგ. სალომე ბლიაძე
52 კგ. მარიამ გურგილიანი, ეკატერინე ტატუნაშვილი
57 კგ. თინათინ რევაზიშვილი
63 კგ. მარიამ ჭატურია, ინდირა სილაგაძე
70 კგ. მარიამ თეთრაძე
+70 კგ. სოფიო სომხიშვილი, სალომე მაყიშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რას გააკეთებს მზია ბებოშვილი ჩაიხანის კარაოკედან არ გამოსულა 6 თვეა))) აგერ ნახავთ პირველივე შეხვედრაში როგორ წააგებს...
გიორგი
19:25 01-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული