თბილისის გრან პრის წინ: ვარსკვლავები დაგვიძვირდა

AutoSharing Option
31 მარტს თბილისის ოლიმპიურ სპორტის სასახლეში სტარტს აიღებს ძიუდოისტთა "დიდი პრიზის" ტურნირი, რომელიც ამ რანგში წლეულს მეოთხედ ჩატარდება. ამ რანგის შეჯიბრებათა დარად, ისიც სამდღიანია - 31-ში, პარასკევს დაწყებული, კვირას, 2 აპრილს დასრულდება.

ტურნირზე რეგისტრაციის ვადა უკვე დასრულდა, მაგრამ გარკვეული გამონაკლისები ყოველთვის ხდება და ვიქონიოთ იმედი, რომ კიდევ დაგვემატებიან მონაწილენი. თუმცა, სამწუხაროდ, წინა წლების გათვალისწინებით, არც ისაა გამორიცხული, ვინმე დაგვაკლდეს კიდეც, სადღეისოდ კი "დიდ პრიზზე" დარეგისტრირებულია 284 ძიუდოისტი მსოფლიოს 38 ქვეყნიდან: 188 მონაწილე - ვაჟებში და 96 - ქალებში, თუმცა კიდევ
ვიმეორებთ, ეს ციფრი აუცილებლად ცვალებადი იქნება.

რაოდენობა კი კარგია, მაგრამ, სამწუხაროდ, მონაწილეთა შორის არ ჩანან ძიუდოს წამყვანი ქვეყნები: იაპონია, სამხრეთი კორეა, გერმანია, იტალია და საფრანგეთი მხოლოდ ქალთა გუნდებით ჩამოდიან, ვაჟებში მონაწილეობას კი არ გეგმავენ.

ვაჟებში ძლიერი და ანგარიშგასაწევი გუნდებიდან ჩამოდიან ბრაზილია, აზერბაიჯანი, უნგრეთი, ირანი, ისრაელი, ყაზახეთი, ჰოლანდია, მონღოლეთი, რუსეთი, სერბეთი, უზბეკეთი და უკრაინა. მონაწილეთა შორის ყველაზე შორიდან გვესტუმრნენ ბრაზილიელები, რომლებიც ევროპაში ტურნეზე არიან და ჩვენც დაგვდეს პატივი; ვენესუელა და კოლუმბია - ეს სამხრეთამერიკული "დესანტი", აგრეთვე - კანადა და ავსტრალია, აფრიკიდან კი ამჯერად მხოლოდ ორი გუნდი გვეწვევა: კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და გვინეა-ბისაუ.

ჩვენი ვაჟთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი ცირეკიძე მასპინძლის 28-კაციან კვოტას სრულად იყენებს. ამას ქალთა ტურნირის 8 მონაწილეც ემატება და, ცხადია, ყველაზე მეტი მონაწილე ჩვენ გვეყოლება.

სტუმართაგან ყველაზე დიდი გუნდით რუსეთი ჩამოდის - 24 ძიუდოისტი (13 - ვაჟი, 11 - ქალი). შემდეგ მოდიან აზერბაიჯანი და ყაზახეთი - 18-18, ბრაზილია - 15, უზბეკეთი - 14, ჰოლანდია - 13, ავსტრია - 12, ირანი, დიდი ბრიტანეთი - 11-11, უნგრეთი, მონღოლეთი და პორტუგალია - 10-10.

სამაგიეროდ, სომხეთს, ბულგარეთს, კანადას, სლოვენიას, ხორვატიას, ბელორუსს და ყირგიზეთს მხოლოდ თითო მონაწილე ჰყავთ დარეგისტრირებული და არც ერთი არაა მათი ნაკრების გამოკვეთილი ლიდერი (ყირგიზეთიდან საქართველოდან წასული ოსი ოთარ ბესტაევი (60) გვეწვევა).

განსაკუთრებით, სომხებისა გვიკვირს, რომლებიც ყოველთვის სრული და ძლიერი გუნდებით ჩამოდიოდნენ ჩვენს ტურნირზე. თან სიახლოვის გამო მათთვისაც მისაღებია ახლო სამეზობლოში ასეთი რანგის შეჯიბრებაზე ჩასვლა. ვიმედოვნებთ, ისინი მხოლოდ არსენ გაზარიანის (73) იმედად არ ჩამოვლენ.

გვეუცნაურა, რომ მონაწილეთა შორის არც თურქები არიან. არადა, მათ ნაკრებს სათავეში ირაკლი უზნაძე ჩაუდგა, ვისაც დავით ასუმბანი ეხმარება.

სამწუხაროდ, ტურნირში არც ჩვენი მთავარი ლიდერები გამოვლენ და უცხოელებშიც ვარსკვლავთა ნაკლებობაა. დარჩენილ დროში თუ არაფერი შეიცვალა, ტურნირის მთავარი ვარსკვლავი ჰოლანდიელთა ევროპის სამგზის ჩემპიონი და მსოფლიოს ამდენივეგზის ვერცხლისმედალოსანი, ორგზის ოლიმპიური ბრინჯაოსპრიზიორი ჰენკ ხროლი იქნება, თუმცა ისიც ამჯერად მძიმე წონაშია დარეგისტრირებული.

ზოგადად, წინასწარი მონაცემებით, ყველაზე ძლიერი გუნდით ჰოლანდია ჩამოდის: ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი, ქართული წარმოშობის თორნიკე ჭკადუა (60), სამ ვან ტ ვესტენდე (73), ფრანკ დე უაიტი (81), ნოელ ვან ტ ენდი (90), მიხაელ კორელი (100), როი მეიერი და ჰენკ ხროლი (ორივე - +100).

ვარსკვლავები რუსებსაც ჰყავთ თავიანთ 13-კაციან ვაჟთა გუნდში - ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონი მანსურ ისაევი (73) და იმავე თამაშების ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის გამარჯვებული ალექსანდრ მიხაილინი (+100), მაგრამ, ხროლისგან განსხვავებით, მათი კარიერა დაღმასვლას განიცდის და საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ უბრუნდებიან ტატამს (განსაკუთრებით - ისაევი). თუმცა რუსებსაც ძლიერი გუნდი მოჰყავთ და ვშიშობთ, ჩვენს შესუსტებულ ნაკრებს მათთან გაუჭირდება.

განაცხადში საბრძოლო შემადგენლობა უწერიათ ებრაელებს: ალონ რაჰიმა, დანიელ ბენ დავიდი (ორივე - 60), ბარუხ შამილოვი (66), ტოჰარ ბუტბული (73) და პეტერ პალჩიკი (100).

უკრაინიდან იჭიდავებს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი ზანთარაია (66), ამ ფონზე კი ცოტა გასაკვირია, რომ პორტუგალიიდან არ ჩამოდის ანრი ეგუტიძე (81). სამაგიეროდ, იქაურებს ეყოლებათ სერგეი ოლეინიჩი (66) და ჟორჟე ფონსეკა (100).

სამაგიეროდ, შარშანდელის დარად, ქალებში წლეულსაც გაცილებით ძლიერი შემადგენლობა იკრიბება: საფრანგეთი, ბრიტანეთი, უნგრეთი, ბელგია, იტალია, ბრაზილია, რუსეთი, უკრაინა, ბელორუსი და სხვები ლამის ოპტიმალური გუნდებით ჩამოდიან, ჰოლანდია კი მთავარ ფავორიტებს ასვენებს.

სპორტის ახალ სასახლეში პარასკევს ვაჟებში 60 და 66, ქალებში კი 48-52 კლოგრამების მონაწილენი იჭიდავებენ. მეორე დღეს ტატამზე, შესაბამისად, 73-81 და 57-63-ის წარმომადგენლები გავლენ, კვირას კი ვაჟებში სამივე დარჩენილი წონის - 90, 100 და +100-ის, ხოლო ქალებში 70 და +70-ის ძიუდოისტებს დაეთმობათ ასპარეზი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული