თბილისის გრან პრი. III დღე: დასასრული ჩვენთვის სასიამოვნო ფინალით [VIDEO]

AutoSharing Option
ადამ ოქრუაშვილმა (+100) წელის სიმტკიცით და ფიზიკური ჯანით გადაჩეხა შეკვრაზე შესული უკრაინელი სტანისლავ ბონდარენკო, რისთვისაც ვაზარი დაიმსახურა, თუმცა ეპიზოდი ამით არ დასრულებულა და ქართველმა მძიმეწონოსანმა კვლავ გვანახა ჩვეული სურათი - მთელი სიმძიმით დააწვა წასაგებად განწირულ, აფართხალებულ მეტოქეს და შებოჭა.

ჩვენთვის სასიამოვნო ასეთი ფინალით დამთავრდა თბილისის წლევანდელი "დიდი პრიზი", ოქრუაშვილმა კი მესამე ოქრო და მეექვსე მედალი მოგვიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ოქროზე უკვე ვთქვით და, სხვა სინჯის 3 მედლიდან 1 ვერცხლია, 2 - ბრინჯაო. ოქრუაშვილის გარდა, ჩემპიონები ლუხუმ ჩხვიმიანი (60) და ლაშა გიუნაშვილი
(66) გახდნენ, ამირან პაპინაშვილი (60) მეორეზე გავიდა, ბრინჯაო კი უშანგი მარგიანმა (90) და ლევან მატიაშვილმა (+100) ირგუნეს.

მედლების მოპოვებასთან ახლოს იყვნენ ქალებიც, მაგრამ მძიმეწონოსანი ელენე ქებაძე ბრინჯაოსთვის შეხვედრაში სახიფათო ილეთისთვის მოხსნეს და იტირა კიდეც, მარიამ ჯანაშვილი (57) კი მეშვიდეზე გავიდა.

ვაჟებში ტატო გრიგალაშვილსაც (73) ერთადერთი მოგება დააკლდა ბრინჯაოს მოპოვებამდე, თუმცა მან მაინც დიდი სიმპათია დაიმსახურა (წერილს მასზე და სხვა ახალგაზრდებზე ხვალ შემოგთავაზებთ). მძიმეში გუგა კიბორძალიძეც მეხუთეზე დარჩა, ოღონდ მან ბრინჯაოსთვის ბრძოლა მატიაშვილთან დათმო.

საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენი ნაკრები მესამეზე გავიდა ბრაზილიის და რუსეთის შემდეგ, ვაჟებში კი ყველა ჩამოიტოვა. საერთო ჩათვლაში ბრაზილია-რუსეთმა 10-10 მედალი მოიპოვა და ორივეს 3-3 ოქრო ჰქონდა, მაგრამ ბრაზილიელებმა ვერცხლის მედლებით აჯობეს. თუმცა მათ ამ წარმატებებს ძირითადად ქალების ხარჯზე მიაღწიეს, თორემ ვაჟებში რუსებმა 2 ოქრო, სამხრეთამერიკელებმა კი 1 მოიპოვეს.

ულიდერებოდაც საინტერესო და მწვრთნელებისთვის დილემა
არავინ კამათობს იმაზე, რომ ლიდერთა გამოსვლის შემთხვევაში ბევრად უკეთეს სანახაობას ვიხილავდით (შედეგი ხომ, თავისთავად, გაცილებით უკეთესი იქნებოდა), თუმცა მათ არყოფნაშიც საინტერესო ბრძოლები გაიმართა და ტურნირმა მწვრთნელებსაც ბევრი სიახლე დაანახა. რაც მთავარია, ჩვენი ახალგაზრდების ნაწილმა კარგად წარმოაჩინა თავი.

მაგალითად, პირველ დღეს წარმატებას თუ ძირითადად 60-კილოგრამიანებში და უმეტესად - პაპინაშვილისგან ველოდით, ყველაზე დიდი სიურპრიზი 66-ში გიუნაშვილმა შემოგვთავაზა, რასაც, ალბათ, ბევრი ნამდვილად არ ელოდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საერთოდაც, პირველი დღე მშვენიერი გამოდგა - 2 ოქრო 2 შესაძლებლიდან. სამაგიეროდ, მეორე დღეს დავრჩით უმედლოდ და მხოლოდ გრიგალაშვილმა გამოგვიკეთა გუნება, მესამე დღე კი როგორი ფინალითაც დაგვირგვინდა, უკვე გითხარით.

ამ შეჯიბრების შედეგებით საგრძნობლად დაიძაბა შიდა კონკურენცია ევროპის ჩემპიონატის წინ. მაგალითად, 60-ში, 66-სა და მძიმე წონებში ისეთმა ძიუდოისტებმა გაიმარჯვეს, რომლებიც არ იყვნენ ევროპის პირველობის წინასწარ განაცხადში. არ ვამტკიცებთ, რომ ამ გამარჯვებით ჩხვიმიანმა, გიუნაშვილმა და ოქრუაშვილმა გაინაღდეს 20-23 მარტს ვარშავაში, კონტინენტის პირველობაზე წასვლა, მაგრამ შანსი ნამდვილად გაუჩნდათ და რეალურ კანდიდატებად იქცნენ. თავის მხრივ, ეს საფიქრალია მწვრთნელთა საბჭოსთვის - ორი წონის გარდა, აქამდე გაორების დიდ პერსპექტივას დანარჩენებში ვერ ხედავდნენ, ახლა რეალური პრეტენზია სხვებშიც გაჩნდა.

თუმცა მწვრთნელებს საფიქრალი სხვა მხრივაც მიეცათ. მაგალითად, ჩხვიმიანმა ამ სეზონში უკვე მეორედ მოუგო პაპინაშვილს, ოღონდ საქართველოს ჩემპიონატის ფინალში პაპინაშვილი არ გამოუცხადდა, ახლა კი უშუალო ორთაბრძოლაში აჯობა და თანაც - დამაჯერებლად, სრულიად დამსახურებულად, ორი გდება გაუკეთა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჩხვიმიანი რომ ლიდერად იქცა, მგონი, საკამათო არავისთვისაა, თუმცა მწვრთნელებისთვის იოლი არც ევროპის ჩემპიონისა და მსოფლიოს პრიზიორ პაპინაშვილის სახლში დატოვება იქნება. მით უფრო, ნაოლიმპიადევს ესეც კარგად აჭიდავდა და აზიელებსაც კი დაერია. იმდენად წარმატებით, რომ "აზიური სინდრომის" დაძლევაზეც დაიწყეს ლაპარაკი.

თუმცა ევროპირველობაზე აზიელები ისედაც ვერ შეაწუხებდნენ, პაპინაშვილი კი ადრეც და ახლაც კონტინენტის პირველობაზე ყოველთვის იყო მედლის მოპოვების ძალზე რეალური კანდიდატი. ასეთი კაცის "ჩამოწერა" ვერ იქნება იოლი, მაგრამ დაყენებაც წინასწარ განაცხადში ცვლილებების შეტანას და გადაჯგუფებებს გამოიწვევს.

თან 66-შიც თუ იგივე მოხდება - იქაც მხოლოდ ერთი კაცი იყო შეგულებული. არადა, გიუნაშვილი არაა პაპინაშვილივით ტიტულოვანი, მაგრამ ზედიზედ მეორე "დიდ პრიზზე" იღებს მედალს აღმავალი დინამიკით - ბაქოში მესამე იყო, ახლა კი გაიმარჯვა.

არადა, მან პორტუგალიაში სეზონის პირველი ტურნირი (თანაც, რანგით ბევრად დაბალი - "ევროპის ღია კონტინენტური თასი") წააგო და რომ არა ფედერაციის ნოვაციური მიდგომა, მინიმუმ, ერთი წლით დაიკარგებოდა დიდი ძიუდოსთვის.

ასეთივე ვითარება შეიქმნა მძიმე წონაშიც - ოქრუაშვილს მედლებიც უმაგრებს ზურგს (ევროპული თამაშების ოქრო, მსოფლიოს ბრინჯაო) და ახლანდელი გამარჯვებაც. მან პირველ შეხვედრაში რუსთა მსოფლიოს სამგზის და ევროპის ექვსგზის ჩემპიონი, ლონდონის ოლიმპიადის ფინალისტი ალექსანდრ მიხაილინი გაფრთხილებებით მოახსნევინა, ყაზახ იელამან იერგალიევს წმინდად მოუგო, ბრაზილიელ დავიდ მოურას კი ბოლო წამებზე ამოუქაჩა ვაზარი და იპონზე დააგდო. ამ წონაში დღემდე შედეგებით ლიდერი გურამ თუშიშვილი იყო, ვინც ასევე გასათვალისწინებელია.

მატიაშვილმა პირადი შეხვედრა მოუგო ჯერ ონისე ბუღაძეს, მერე - კიბორძალიძეს, თუმცა ევროპაზე მისი წასვლის შანსი მაინც მცირე გვგონია. სამაგიეროდ, წინასწარ განაცხადში ბუღაძე იყო, ვინც ამ წაგებით, სავარაუდოდ, საევროპო წყალიც გადაიწურა, თუმცა დაველოდოთ მწვრთნელთა გადაწყვეტილებებს.

წინსვლა "ფიზიკასა" და ჭიდაობაში
ამ ტურნირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნაკრებმა ფიზიკურ კონდიციებშიც საგრძნობლად მოუმატა და დაბლაჭიდში ჭიდაობაც ბევრადაა გაუმჯობესებული. ამ კომპონენტებში წინსვლა გუნდს ჯერ კიდევ პარიზში გამოსვლისას შეეტყო, ახლა კი პროგრესი დადასტურდა.

ბუნებრივია, ამ მიმართულებით სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია, მაგრამ ადრინდელთან შედარებით წინსვლაც თვალშისაცემია. განსაკუთრებით - დაბლაჭიდში, თუმცა ერთი რამ მაინც შეინიშნება: ამას უფრო ახალი თაობა ეტანება. ალბათ, ესეც გასაგებია - მათ ახლა აქვთ "სწავლის ასაკი" და სწავლობენ, უფროსებში კი "ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიას" პრინციპი მოქმედებს. თან დაბლაჭიდში ჩვენები ადრე თუ მხოლოდ შებოჭვას ახერხებდნენ, ახლა მახრჩობელა და მტკივნეული სულ უფრო ძლიერი იარაღი ხდება - მტკივნეულს არა მარტო ხელით, უკვე ფეხითაც აკეთებენ.

ქალებმა განსაკუთრებული ვერც ამჯერად გვაჩვენეს რამე, თუმცა მათგან ამ ეტაპზე დიდ შედეგს არც არავინ ელოდა, უფრო გამოცდილების მისაღებად აჭიდავებდნენ და მათზეც ხვალინდელ ნომერში მოგითხრობთ.

თბილისის გრან პრი. კვარცხლბეკი
ვაჟები
60 კგ
1. ლუხუმ ჩხვიმიანი; 2. ამირან პაპინაშვილი (ორივე - საქართველო); ფელიპე პელიმი (ბრაზილია), ისლამ იაშუევი (რუსეთი).

66 კგ
1. ლაშა გიუნაშვილი (საქართველო); 2. ტუმურკულეგ დავაადორჯი (მონღოლეთი); 3. ჩარლეს ჩიბანა (ბრაზილია), იაკუბ შამილოვი (რუსეთი).

73 კგ
1. გიოსჯონ ბობოევი (უზბეკეთი); 2. ტომი მაკიასი (შვედეთი); 3. ჟანსაი სმაგულოვი (ყაზახეთი), უალი კურცევი (რუსეთი); 5. ტატო გრიგალაშვილი (საქართველო).

81 კგ
1. ვიქტორ პენალბერი (ბრაზილია); 2. ალან ხუბეცოვი (რუსეთი); 3. აზიზ კალკამანულუ (ყაზახეთი), საედ მოლაე (ირანი); 7. გიორგი პაპუნაშვილი, ამბაკო ავალიანი (ორივე - საქართველო).

90 კგ
1. სტანისლავ რეტინსკი; 2. მიხაილ იგოლნიკოვი (ორივე - რუსეთი); 3. უშანგი მარგიანი (საქართველო), შახზოდბეკ საბიროვი (უზბეკეთი).

100 კგ
1. ყაზბეგ ზანკიშიევი (რუსეთი); 2. მარტინ პაჩეკი (შვედეთი); 3. იევგენიუს ბოროდავკო (ლატვია), რაფაელ ბუზაკარინი (ბრაზილია).

+100 კგ
1. ადამ ოქრუაშვილი (საქართველო); 2. სტანისლავ ბონდარენკო (უკრაინა); 3. ლევან მატიაშვილი (საქართველო), დავიდ მოურა (ბრაზილია); 5. გუგა კიბორძალიძე; 7. ონისე ბუღაძე (ორივე - საქართველო).

ქალები
48 კგ
1. სტეფანიე არისა კოიამა (ბრაზილია); 2. მარინა ჩერნიაკი (უკრაინა); 3. მარია პერსიდსკაია (რუსეთი), მელანი კლემენტი (საფრანგეთი).

52 კგ
1. ამანდინ ბუშარი (საფრანგეთი); 2. ერიკა მირანდა (ბრაზილია); 3. დარია სკრიპნიკი (ბელორუსი), ჟოანა რამოსი (პორტუგალია).

57 კგ
1. ირინა ზაბლუდინა (რუსეთი); 2. რაფაელა სილვა (ბრაზილია); 3. ნატალია გოლომიდოვა (რუსეთი), მარგრიეტ ბერგსტრა (ჰოლანდია); 7. მარიამ ჯანაშვილი (საქართველო).

63 კგ
1. მაგდალენა კრსაკოვა (ავსტრია); 2. ედვიგ გვენდი (იტალია); 3. კატრინ უნტერვურტზახერი (ავსტრია), ანდრეა ლესკი (სლოვენია).

70 კგ
1. მარია პორტელა (ბრაზილია); 2. ელვისმარ როდრიგესი (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია); 3. ნატაშა აუსმა (ჰოლანდია), ჟაბინა გერცსაკი (უნგრეთი).

78 კგ
1. ანასტასია ტურჩინი (უკრაინა); 2. სამა ჰავა კამარა; 3. მადელაინ მალონი (ორივე - საფრანგეთი), ასუნტა გალეონე (იტალია).

+78 კგ
1. მარინა სლუცკაია (ბელორუსი); 2. მარია სუელენ ალტემანი (ბრაზილია); 3. სვიტლანა იარომკა (უკრაინა), მერსედეს ჟიგეტვარი (უნგრეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული