ტაქტიკა, უპირველეს ყოვლისა! - ევროპის ჩემპიონატის შეფასება

AutoSharing Option
პარასკევს, სასტუმროდან გასვლისას ლაშა შავდათუაშვილის (73) პირადი მწვრთნელი ნიკო ბიბილაშვილი ძალიან უხასიათოდ მეჩვენა, რაც ცუდად მენიშნა. არადა, ლაშამ ტურნირი კარგად დაიწყო და უკრაინელ სიარჰეი დრებოტს იოლად გაუსწორდა. სანერვიულო თითქოს არაფერი ჩანდა, იმდენად დაკვირვებით იჭიდავა საკმაოდ გამოცდილ უკრაინელთან და ილეთი მშვენივრად მოამზადა. ვარსკვლავებს არც დრებოტი ეთამაშება, თუმცა ავსტრიელი ლუკას რაიტერი კიდევ უფრო სუსტია და მასთან მარცხს ვერავინ იფიქრებდა.

- ევროპის ჩემპიონატი: ოქრო გუნდი, მეცხრედ! [VIDEO]

საუბედუროდ, სწორედ ეს ყველაზე ნაკლებად რეალური ვარიანტი ახდა. ვფიქრობ, ჩვენებურმა სათანადოდ არ შეაფასა მეტოქე, თორემ ის,
რომ ოლიმპიური ჩემპიონის სადარი ფალავანი არაა, მგონი, საკამათო არავისთვისაა.

საუბედუროდ, პარასკევი დღე არა მარტო დავიწყეთ ასეთი უპატიებელი მარცხით, არამედ დავასრულეთ კიდეც - ზებედა რეხვიაშვილი სულ ფრენა-ფრენით ჩაება ჩემპიონატში და "ტორვარის" დარბაზი პირველივე შეხვედრიდან გრიგალივით შეაზანზარა, როცა რუმინელ ვლად ვისანს კვლავ ნახტომში გაუკეთა მტკივნეული, თუმცა საღამოს 14 წამში წააგო.

ვისანთან ზუსტად ის ილეთი გამოიყენა, როგორიც წლეულს პარიზშიც გვაჩვენა და რომლის მსგავსიც ვარშავურ ტატამზე არ გვინახავს. სამწუხაროა, რომ ჩვენებურმა ძალიან კარგად დაწყებული საქმე ძალიან ცუდად დაამთავრა და საბოლოოდ ისე გამოვიდა, მხოლოდ ჩაიქროლა "ტორვარის" დარბაზში, თუმცა - ხმაურიანად და გრიალით: პირველ შეხვედრაში ხომ საყოველთაო აპლოდისმენტები მოიპოვა, მომდევნო ორ შეხვედრაშიც არანაკლები ოვაციები მიიღო, რადგან ულამაზესი, ერთმანეთისგან განსხვავებული სტილის ჭიდაობა აჩვენა.

ისე ჩანს, რომ მტკივნეული მისი კოზირი ხდება. მაგალითად, მეორე ბრძოლაშიც უნგრელ ატილა უნგვართან ცხადად "იკითხებოდა", ძირითადად ამაზე რომ მუშაობდა და საბოლოოდ მიაღწია კიდეც მიზანს, თუმცა მანამდე თავი ჭკვიანური ქმედებითაც დაგვამახსოვრა: როცა ვერც ძველებურად "აფრენილმა" დაუჭირა ხელი და ვერც ტატამზე მყარად მდგარმა მოიგდო ილეთზე, ერთ მომენტში შეგნებულად დაჰყვა გდებაზე და დავარდნისთანავე დაუჭირა ხელი...

მესამე შეხვედრაში ასე ვეღარ გააკეთა, მაგრამ მაინც დამაჯერებელი გდებით მოიგო. სამაგიეროდ, გერმანულ სტილთან ვერაფერს გახდა, რადგან ტაქტიკურად ცოტა მეტი მუშაობა მართებს (ამ მხრივ ნაკლი გუნდურშიც გამოავლინა). თუმცა, ალალად ვთქვათ, დომინიკ რესელთან წაგების რაღაც ალბათობას კიდევ ვუშვებდით, მაგრამ ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ხორვატ დომინიკ დრუზეტასთან მარცხი წარმოუდგენელი იყო... მით უფრო, ვერაფრით ვიფიქრებდით 14 წამში წაგებას.

გუნდს ტაქტიკურად მეტი რომ მართებს, ეს ირაკლი ცირეკიძემაც აღიარა და მართლაც საკითხავია, რა ასეთი ქართული ფენომენია ეს ნახევარფინალში წაგება და მით უფრო, ბრინჯაოსთვის კიდევ უფრო სუსტი გამოსვლა?

მესმის, რომ ნახევარფინალში გამოსვლა ფსიქოლოგიურად ძალიან ძნელია - ბევრი რამ დევს სასწორზე, მაგრამ თუ არ მოიგებ, მაშინ რაღა აზრი აქვს ან ნახევარფინალში გასვლას, ან - ტურნირზე წასვლას? ჩემპიონობა თუ გვინდა, ჯერ ხომ ნახევარფინალი უნდა გაიარო, ვერასგზით ვერ გადაახტები. ან ბრინჯაოსთვის ხომ შეიძლება იბრძოლო?

თუ ვინმე იტყვის, რომ ნახევარფინალში წაგების მერე ძნელია ბრინჯაოსთვის საბრძოლოდ განწყობა, მას ჩეხი ლუკაშ კრპალეკის (+100) მაგალითს შევახსენებ - ეს ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი კაცი როგორ ბავშვივით ხარობდა, როცა ბრინჯაო მოიპოვა.

ერთი სიტყვით, ტაქტიკის გარდა, მწვრთნელებს განწყობაზეც ბევრი აქვთ სამუშაო. საბოლოოდ, თითო ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო არაა ცუდი შედეგი, ოღონდაც ევროპის პირველობაზე ბევრად მეტიც შეიძლება.

გუნდური ეიფორია
გუნდურში გამარჯვების შემდეგ პრესცენტრში დაბრუნებულებს ერთმა რუსმა ჟურნალისტმა სიცილით გვითხრა, მერამდენედ უნდა მოგვიგოთო და მოგვილოცა წარმატება... წინა დღით სხვა რუსმა კოლეგამ მომილოცა პირადში ჩვენების მიღწევა და დასძინა, ვფიქრობ, ხვალ, მინიმუმ, ნახევარფინალში გახვალთო, რაზეც მყისვე მივუგე - მე კიდევ ვფიქრობ, ჩვენ ჩემპიონები გავხდებით-მეთქი. "მოჩოთქა" ბიჭმა, რუსები ბადის მეორე მხარეს რომ მოხვდნენ და თავისი ჭკუით, გამოგვიწერა წაგება.

გუნდურში აზერბაიჯანს ისეთი ამბავი დაემართა, ისტორიას არ ახსოვს: ბრინჯაოსთვის შეხვედრას უკრაინას 3:0 უგებდნენ და მათმა მეოთხე მონაწილემ ჭიდაობა არ ისურვა, ხელი მეტოქისკენ გაიშვირა, იმას მიეცით მოგებაო, თუმცა მსაჯებმა ეს შეხვედრაზე გამოუცხადებლობად ჩაუთვალეს, გუნდს 0:5 ტექნიკური წაგება ჩაუთვალეს და შეჯიბრებიდანაც მოხსნეს, ბრინჯაო კი უკრაინას გადასცეს.

ირაკლი ცირეკიძე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"პირად პირველობაზე თუ ვილაპარაკებთ, ძალიან მაგარი ბიჭები არიან - ჩემპიონებიც და მომავალი გამარჯვებულებიც, თუმცა სამუშაო მაინც ძალიან ბევრია. არის გამოსასწორებელი ხარვეზები, რაც ევროპის ამ ჩემპიონატმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა. მათზე სამუშაოდ დრო საკმარისია, გამოსწორებაში კი მთელი სამწვრთნელო შტაბი იქნება ჩართული და ვეცდებით, ბოლომდე აღმოვფხვრათ.

გუნდურ ჩემპიონატში საქართველოს ნაკრები ყოველთვის ფავორიტია, პირადში კი ბევრმა ფავორიტმა გუნდმა ვერ წარმოაჩინა სათანადოდ თავი. ბოლომდე უნდა ფლობდე იმ მეთოდებს, რაც გამარჯვებამდე მიგიყვანს.

ვფიქრობ, იყო პატარ-პატარა რაღაცები, რასაც აკლებენ - უკვე შემდგარი ჩემპიონებიც და მომავალი ჩემპიონებიც, რომლებიც უნდა გახდნენ მომავალი გამარჯვებულები. ამის პოტენციალი ნამდვილად არის.

ფაქტია, პატარა ხელის შემშლელი მომენტები იყო, თუმცა, მაინც ვფიქრობ, იყვნენ იმდენად მომზადებულები, ჩემპიონობა მაინც შეეძლოთ, მაგრამ იმ ხარვეზებზე უნდა იმუშაონ. ფსიქოლოგიასაც ვგულისხმობ და უფრო - ტაქტიკურად გამართულ ჭიდაობას.

არიან მდიდარი არსენალის მქონე სპორტსმენები, მაგრამ ტაქტიკურად უშვებენ შეცდომებს. არიან მებრძოლი სპორტსმენებიც, თუმცა ისინი ქართულ ნიჭს ბოლომდე ვერ იყენებენ".

დავით ქევხიშვილი, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი:
"წამოსვლამდეც დაახლოებით იმის პროგნოზს ვაკეთებდით, რისი გაკეთებაც შევძელით ევროპის ჩემპიონატზე. გუნდი ფორმირების პროცესშია - ბევრმა წონა შეიცვალა, ბევრიც ოლიმპიადის შემდეგ ახალ რელსებზე ეწყობა...

ასეთ პირობებში ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო და პარალელურად, სამი წაგებული ნახევარფინალი, ჩემი აზრით, კარგი შედეგია. მით უმეტეს, გუნდურში ტიტული დავიცავით და ზედიზედ მეოთხედ გავხდით ჩემპიონები.

ეს გუნდური ტურნირი ძალიან კარგ განწყობას ქმნის ნაკრებში. შეიძლება ვიღაცისთვის არაა მნიშვნელოვანი, მაგრამ ბიჭებისთვის, მომავალი თაობისთვის ძალიან კარგია. მით უფრო, უშუალო კონკურენტ რუსეთთან მერამდენე მოგებაა.

ამდენად, მიმაჩნია, რომ ევრო-2017 არ იყო წარუმატებელი, ნორმალურად გამოვედით. უკეთესიც შეიძლებოდა, მაგრამ ამისთვის უკეთ უნდა იმუშაონ ბიჭებმა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ისე ამხელა სტატიაში ერთი სიტყვა თუშიშვილზე რომ დაწერილიყო ურიგო არ იქნებოდა
0

ირაკლი

ფიზიკა,სუნთქვა,ტაქტიკა და ფსიქოლოგიაზე გაუათმაგე ბიჭებს ვარჯიში ...იაპონიაც უნდა მოიტოვო უკან და გ ა ა ხ ა რ ო საქართველო!
glaxuna
18:51 25-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული