ეკატერინბურგის გრან სლემი: ვინ დაიხურავს რუსულ მუზარადს?

AutoSharing Option
ამ უქმეებზე რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში ძიუდოისტთა მორიგი "დიდი მუზარადი" ტარდება, რომელშიც საქართველოდან მხოლოდ ვაჟთა ნაკრები მიიღებს მონაწილეობას და ისიც - არასრული გუნდით: მონაწილე არ გვეყოლება 73 კილოგრამში, სადაც ლიდერი ლაშა შავდათუაშვილი ისეც არ მიჰყავდათ, ახალგაზრდებს კი ჯანმრთელობის გამო შეექმნათ პრობლემები.

სამაგიეროდ, რუსეთში წავიდა გუნდის ლიდერი, ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ფინალისტი ვალერი ლიპარტელიანი (100). მოგეხსენებათ, მას თითი სტკიოდა და სწორედ ამიტომ იყო საეჭვო ეკატერინბურგში მისი წასვლა. საბედნიეროდ, ეს პრობლემა დადებითად გადაწყდა და ლიპარტელიანიც იჭიდავებს.

ამ ტურნირზე შედგება რუსეთიდან გადმოსული
გიორგი პარკატის
(100) ნათლობაც და გავიგებთ, გამოუჩნდება თუ არა ღირსეული რეზერვი ლიპარტელიანს.

ირაკლი ცირეკიძემ იმთავითვე განსაზღვრა, რომ ამ ტურნირზე ნაკრების ლიდერთა უმეტესობა არ იჭიდავებდა და მათ ნაცვლად შანსს ახალგაზრდებს აძლევს.

დაგვეთანხმებით, ძალიან საინტერესოც იქნება, როგორ იასპარეზებენ ეკატერინბურგში ბაგრატ ნინიაშვილი (66), თამაზ კირაკოზაშვილი (81) და ნიკა სიდამონიძე (90) - ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდები, რომლებიც ახლა იწყებენ ბრძოლას ნაკრებში დასამკვიდრებლად.

ამ ტურნირის შემდეგ ნაკრები იქვე დარჩება რამდენიმედღიან ერთობლივ შეკრებაზე. მერე თბილისში დაბრუნდება, თვის ბოლოს კი შორეულ ქვეყანაში გაემგზავრება აღმოსავლეთ აზიაში - ჯერ კორეაში გამართავს ერთობლივ შეკრებას, იქიდან კი იაპონიაში გადაინაცვლებს ანალოგიური მიზნით.

ეს ყველაფერი - ტურნირიც და შეკრებებიც მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების შემადგენელი ნაწილია, რომელიც აგვისტო-სექტემბრის გასაყარზე ბუდაპეშტში გაიმართება.

ეკატერინბურგში შაბათს ასპარეზი 60, 66 და 73-ის ფალავნებს დაეთმობათ, კვირას კი 81, 90, 100-ის და მძიმე წონების ძიუდოისტები იასპარეზებენ.

საქართველოს ნაკრები
60 კგ. ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი
66 კგ. ლაშა გიუნაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი
81 კგ. თამაზ კირაკოზაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი
90 კგ. უშანგი მარგიანი, ნიკა სიდამონიძე
100 კგ. ვალერი ლიპარტელიანი, გიორგი პარკატი
+100 კგ. ლევან მატიაშვილი, ონისე ბუღაძე

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული