თუმცა კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით შეგახსენებთ ამ საყურადღებო შედეგებს: 8 წონიდან მონაწილე 5-ის ფინალში; აქედან ერთი - ქართული ფინალი; ერთი წონის კვარცხლბეკზე ერთბაშად სამი ქართველი, გუნდური პირველი ადგილი და 11 მედალი: 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 5 ბრინჯაო. ამასთან, გიორგი ყიზილაშვილის შეგირდებიდან კიდევ ორმა იჭიდავა ბრინჯაოსთვის.
ჩემპიონები მიხეილ ბახბახაშვილი (66), ლაშა ბექაური (73), გოჩა ღვაჩლიანი (81) და მიხეილ ბექაური (90) გახდნენ. მეორეზე გიორგი კაპანაძე
ეს ტურნირი ევროპის ჩემპიონატისთვის ერთ-ერთი ბოლო საკონტროლო-შესარჩევი შეჯიბრებაა, რომელსაც ივნის-ივლისის მიჯნაზე კაუნასი უმასპინძლებს. საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ, სადაც გამოიკვეთა ის ძირითადი ბირთვი, საიდანაც მწვრთნელს ევროპაზე წასაყვანი ფალავნები უნდა შეერჩია, გუნდმა ერთი შესარჩევი შეჯიბრება უკვე გაიარა - აპრილის დასაწყისში ტულაში იჭიდავა.
იქ მწვრთნელმა ქვეყნის ყველა მედალოსანი წაიყვანა, თუმცა მათ უმედლოდ დარჩენილი რამდენიმე საინტერესო ფალავანიც დაამატა. ტულამ კიდევ უფრო "გაცხრილა" პოლონეთში წასაყვანი შემადგენლობა - ვინც იქ გამოიჩინა თავი, ახლაც მიეცა შანსი. ამ საკითხზე ჯერჯერობით არ ვიცით ყიზილაშვილის აზრი, ვინც გუნდთან ერთად წუხელ გვიან ღამით დაბრუნდებოდა თბილისში, მაგრამ ვინც ახლაც იყოჩაღა, დიდი ალბათობით, გაინაღდა კიდეც ლიტვაში წასვლა.
ამ ორი ტურნირის შედეგებით გარკვეული დასკვნების გამოტანა ჩვენც შეგვიძლია: ლუკა კაპანაძე, ბახბახაშვილი, ღვაჩლიანი, ლაშა და მიხეილ ბექაურები ორივე ტურნირზე საუკეთესონი იყვნენ ჩვენს გუნდში, ანუ მთავარი ფავორიტები არიან. ჭელიძე ტულაში მეორე იყო, სვიანაძე კი, ვისაც დიდად აქებენ, იქ ქვეჯგუფში დამარცხდა, მერე კი მის მომგებ რუს არუთინ ბაბლიანს ჭელიძემ აჯობა.
პოლონეთში ორივეს ერთნაირი შედეგი ჰქონდა და ორივე აზერბაიჯანელთა მომავალ ჩემპიონ მაჰამად აბდულაიევთან დამარცხდა, ოღონდ გარკვეული უპირატესობა აქაც ჭელიძის მხარესაა - მან ქვეჯგუფი მოიგო და ნახევარფინალში გავიდა, სვიანაძე კი მეოთხედფინალში დამარცხდა. ამასთან, ჭელიძემ სვიანაძეს ქვეყნის ჩემპიონატის ფინალშიც მოუგო, თუმცა სვიანაძეს ამჯერად ცუდად არ უჭიდავია და დიდი შანსია, წონაში მეორე ნომრად მაინც დააყენონ. ყიზილაშვილის აზრი არც ამ საკითხზე ვიცით, მაგრამ ის ფაქტი, რომ ტულაში წაგებულ სვიანაძეს შანსი კვლავ მისცა, რაღაცაზე მიუთითებს.
ქართული ფინალი და ერთ კვარცხლბეკზე სამი ქართველი 81 კილოგრამში ვიხილეთ. ამ წონის ნახევარფინალში სამი ქართველი გავიდა - ღვაჩლიანმა სულამანიძეს მოუგო, ახალკაცმა კი რუს საიდ გაჯიევს აჯობა დამაჯერებლად. ქართული ფინალი ღვაჩლიანის გამარჯვებით დასრულდა - ორი ვაზარით აართვა ახალკაცს.
ეს იყო ერთადერთი შეხვედრა, რომელიც ჩემპიონმა ქულებით მოიგო, თორემ დანარჩენ ოთხში წმინდად იმარჯვა. ღვაჩლიანი აქამდეც იქცევდა ყურადღებას და ამ ასაკში საქართველოს ჩემპიონატიც დამაჯერებლად მოიგო. გასაკვირი უფრო ისაა, ავანსების რეალიზება აქამდე რომ ვერ შეძლო, თუმცა უკვე შორს არც ეს დღე მოჩანს. ის ტულაშიც ფინალში გავიდა, მაგრამ უფრო შემთხვევითობის გამო წააგო ტაჯიკ ჯაკხონგირ მაჯიდოვთან.
აღსანიშნავია, რომ ტულაში მხოლოდ ორი ჩემპიონი გვყავდა და ორივე - ზემოხსენებული ბექაურები, რომლებმაც არც ახლა დაუთმეს ვინმეს პირველობა. ძალიან კარგად იჭიდავა და თავისი ტალანტი კიდევ ერთხელ დაამტკიცა ლაშა ბექაურმა, ვინც ზედიზედ მეორე ფინალი მოუგო რუს ნოვრუზ ნოვრუზოვს.
ნოვრუზოვის გარდა, ნიჭიერი ქართველი, ზოგადად, რუსების "სპეციალისტად" იქცა - ტულაში სამ რუსს აჯობა, ახლა - ორს. თან სულ სხვადასხვა ხალხს, ადრინდელიდან ნაცნობი მხოლოდ ნოვრუზოვი იყო. ბექაურმა 5 შეხვედრიდან სამში წმინდად იმარჯვა. ის ქვეყნის ჩემპიონატის ფინალში ლევან ფსუტურთან დამარცხდა, ვინც ტულაში პირველივე წრიდან გამოვარდა. ახლა მეოთხედფინალამდე კი მივიდა, მაგრამ სანუგეშოშიც პირველივე ორთაბრძოლა დათმო.
პოლონეთში მიხეილ ბექაურიც დამაჯერებელი იყო და ფინალში გადასასვლელ პაექრობაში კიდევ ერთხელ დაამარცხა არანაკლებ პერსპექტიული თანაგუნდელი მიხეილ კარიაული, ვისაც ტულაში ფინალში აჯობა. მოგვარისგან განსხვავებით, ეს ბექაური ქვეყნის ჩემპიონია.
რაკი მოგვარეებზე ჩამოვარდა სიტყვა, გეტყვით, რომ პირველ დღეს მედლისთვის სამი კაპანაძე იბრძოდა - ლუკა, გიორგი და საბა. ამათგან უმედლოდ მხოლოდ საბა დარჩა, თუმცა, როგორც გითხარით, დამამშვიდებლის ფინალში ისიც გავიდა და საბოლოოდ - მეხუთეზე. საინტერესოა, რომ ბექაურებიც და კაპანაძეებიც მხოლოდ მოგვარეები არიან ერთმანეთის.
პირველ დღეს ჩვენებიდან ყველაზე მეტად ბახბახაშვილმა ივაჟკაცა. ეს ბიჭი ქვეყნის მესამეპრიზიორია, მაგრამ ტულაშიც აჯობა ფავორიტებს და ახლაც. თუმცა საქმე მხოლოდ ოქროს მედალშიც არაა, ჭიდაობის ხარისხი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია და ბახბახაშვილმა პოლონეთში ხუთივე პაექრობა ხომ იპონით მოიგო (თან ლამის ყველა შეხვედრა ისეთი ძლიერი ქვეყნების ფალავნებთან ჰქონდა, როგორიც იაპონია, საფრანგეთი, აზერბაიჯანი და რუსეთია), ფინალში ნამდვილი "ბახ-ბახ ილეთით" დაამარცხა იაპონელი რანტო კაცურა, ვინც "კაცურად" დაიჭირა მტკივნეულზე.
ერთადერთი წონა, სადაც ამ ორ ტურნირზე არაფერი დამაიმედებელი არ გვინახავს, 50 კილოგრამია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
სვიანაძის შესახებ სტატიაში მოყვანილი იმფორმაციების უმეტესობა არასწორია.
ბერლინისა და ტულის ტურნირი ერთმანეთისგან განსხვავდება. სვიანაძემ ბერლინში ხუთი შეხვედრა მოიგო.