გამარჯვების გამოძახილი: გორის ძიუდოს ნანატრი გმირი!

AutoSharing Option
საქართველოს და, კერძოდ, გორს ახალი გმირი ჰყავს - ლაშა შავდათუაშვილი, მიუნჰენის ოლიმპიადიდან 40 წლის შემდეგ, როდესაც შოთა ჩოჩიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.

კიდევ ერთი გორელი ფალავანი გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. ლაშამ ეს თითქმის შოთას ასაკში შეძლო. გორელ მწვრთნელებს მუდამ იმედი ჰქონდათ მისი. მათ სწამთ, რომ ლაშას კიდევ ბევრი გამარჯვება აქვს წინ.

თარიღები ვახსენეთ და ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წლეულს გორის ძიუდოს სკოლას დაარსებიდან 50 წელი უსრულდება. თქვენმა მონა მორჩილმა ამასთან დაკავშირებით შარშან აღნიშნული თარიღისადმი მიძღვნილი წიგნის გამოცემის თაობაზე დაიწყო ფიქრი, შემდეგ
კი მუშაობა.

შარშან, როდესაც ჩანაფიქრი ახალგაზრდა გორელ სპეციალისტს, ლაშას პირად მწვრთნელს ნიკო ბიბილაშვილს გავანდე, მითხრა: "მოდი, ოლიმპიადამდეც დაგველოდე, რადგან იცოდე, იქიდანაც გექნება დასაწერი".

სიტყვა შესრულდა - ნიკოს და ანზორ თენაძის შეგირდმა საწერი თემა მართლაც დაგვიმატა.

ლონდონის ტატამზე ლაშა შავდათუაშვილის ყოველი გამარჯვების შემდეგ მახსენდებოდა მისი სახე, თბილისის საერთაშორისო ტურნირიდან მოგებით დაბრუნებული, გორის დარბაზში პირველად რომ ვნახე. მაშინ ლონდონის ლიცენზიის მოპოვების ალბათობაზე ვსაუბრობდით.

ლაშა ახალგაზრდებიდან სულ ორი თვის გადასული იყო უფროსებში და ჯერ მხოლოდ ორი ტურნირი ჰქონდა ნაჭიდავები. მიუხედავად თბილისში გამარჯვებისა, ბუნებრივია, ოლიმპიურ რეიტინგში ქულები მსუყედ არ ჰქონდა დაგროვილი.

ვკითხე, ოლიმპიადაზე შენი ასპარეზობის შანსის თუ გჯერა-მეთქი. შევატყე, თითქოს იმედიანად უყურებდა მოახლოებულ სალიცენზიო შეჯიბრებებს და მაინტერესებდა, მართლა ასე იყო, თუ მომეჩვენა. ჩვენმა გმირმა მისთვის დამახასიათებელი მორიდებით შემომხედა, გაიღიმა და მითხრა: "ამ მდგომარეობიდან ხომ ძალიან ძნელია, მაგრამ მე მაინც მჯერა და რა ვიცი". თან თვალებში ისე დამაკვირდა, აშკარად უნდოდა ამოეკითხა, თავად რას ვფიქრობდი ამაზე.

Sportall.Ge
ლაშა შავდათუაშვილის მშობლები

მაშინ იგი გავამხნევე, მაგრამ მიუხედავად მისი ტალანტის, პიროვნების პატივისცემის, მისი საოცარი შრომისმოყვარეობისა, გულის სიღრმეში ნამდვილად მიჭირდა დაჯერება, რომ დარჩენილ მცირე დროში ლაშა ლიცენზიას მოიპოვებდა. თუმცა, რასაკვირველია, ძალიან, ძალიან კი მინდოდა, რომ ეს მოეხერხებინა.

დარწმუნებული ვარ, მაშინ რეიტინგში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ქართული ძიუდოს ქომაგიც იგივე აზრზე იქნებოდა, მაგრამ შავადათუაშვილმა ჯერ მხოლოდ ლიცენზიის მოპოვებით შეძლო ერთი შეხედვით შეუძლებელი. მან დიდებში გადასვლიდან ხუთ თვეში მიიღო ოლიმპიადის საგზური, უშუალოდ ოლიმპიურ თამაშებზე კი ოქროს მედლით დაიმშვენა მკერდი!

ამას წინათაც აღვნიშნეთ გაზეთში, გია თენაძემ რომ მითხრა ამ ფალავნის შეფასებისას: "ლაშას უნდა ეხვეწო, გადამეტებით არ ივარჯიშოს".

ოლიმპიადაზე წასვლის წინ იქ სავარაუდო მოლოდინზე ბევრს აღარაფერს ამბობდა, თუმცა ბევრს შრომობდა და დარწმუნებული ვარ, სჯეროდა თავისი გამარჯვების. ოლიმპიადაზე წასვლის წინა დღეს კი დამირეკა და მადლობა გადაიხადა "ლელოში" მისი, როგორც ლიცენზიანტის შესახებ "თბილი წერილის" გამო (მისი სიტყვებია).

რა ვქნა, შეუძლებელია, ამ ბიჭზე თბილად არ ისაუბრო, მით უფრო, თუ პირადადაც იცნობ.

ლეგენდარული გორის ძიუდოს სკოლა ძალიან მონატრებული იყო ამ წარმატებას. ბოლოს ოლიმპიურ თამაშებზე გორიდან გიორგი ვაზაგაშვილმა აიღო მედალი (2000 წელი, ბრინჯაო). მაშინ გორის დარბაზში უკვე კოლაფსი იყო, სიდნეის თამაშების წინ ვაზაგაშვილს ტატამი შინ გაატანეს - სახლში მაინც ივარჯიშოსო (დარბაზში მუშაობა თითქმის საერთოდ შეწყვეტილი იყო).

Sportall.Ge
ლაშა შავდათუაშვილის მამა (მარცხნივ) და მწვრთნელი გია თენაძე (მარჯვნივ)

2003 წლიდან გია და ანზორ თენაძეებმა ერთი შენობის სართული იქირავეს, ძიუდოს სკოლა დააფუძნეს და, ფაქტობრივად, ნულიდან დაიწყეს ამ ქალაქში ძიუდოს აღორძინებისათვის შრომა. ახლა მათი მეცადინეობით გორელი ძიუდოისტები კეთილმოწყობილ დარბაზში ვარჯიშობენ, ძველებურად, ძლიერი სპეციალისტების ხელმძღვანელობით.

ლაშას პირადი მწვრთნელები ნიკო ბიბილაშვილი და ანზორ თენაძე არიან. ვულოცავთ მათ ამ წარმატებას! ვულოცავთ ბატონ გურამ პაპიტაშვილს, რომელიც თავის სახელობის დარბაზში ჯერაც ენერგიულად იღვწის! ვულოცავთ ყველა მწვრთნელს, ვინც იქ მუშაობს!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლაშარელა - მეექვსე გაელვება [+VIDEO]
ლაშა შავდათუაშვილის ოლიმპიური ოქრო მის მშობლიურ კარალეთში აღნიშნეს [+VIDEO]
ლიცენზიანტი ლაშა შავდათუაშვილი - გამართლებული ნდობა
მკითხველის კომენტარები / 7 /
სიტყვები არ მყოფნის... რა მაგარი ბიჭი ყოფილა ლაშა! მადლობა მის მწვრთნელებს!
ძია
11:47 31-07-2012
0
შეცდომაში ნუ შე გყავთ ხალხი, შოთა ჩოჩიშვილის შემდეგ, შოთა ხაბარელი გახდა გორიდან, ოლიმპიური ჩემპიონი, თუ იტყვით, რომ ხაბარელი ქარელიდან იყო, მაშინ ჩოჩიშვილიც ქარელელი იყო.
damangreveli.
13:26 31-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული