ჩემპიონი გიორგი კაციაშვილი (60) გახდა, სიმონ მამარდაშვილი (66) და მარიამ ჯანაშვილი (52) კი მესამეზე გავიდნენ.
ამდენად, ჩვენი ძიუდოისტების საერთო მონაგარი 4 მედალია - 2 ოქრო და ამდენივე ბრინჯაო. შეგახსენებთ, რომ ტურნირის სტარტზე ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძის კიდევ ერთი შეგირდი - ერეკლე არხოზაშვილი (55) გახდა.
კაციაშვილი ჭაბუკებში ევროპის შარშანდელი მესამე პრიზიორია, ოღონდ - 55
ეტყობა, ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი ივნისში, ტალინში ჭაბუკთა წლევანდელ ევროპის პირველობაზე წარუმატებლობისა - ჩანს, ახალ წონაში ადაპტაციისთვის დრო არ ეყო. ოლიმპიური ფესტივალი შედარებით სუსტი შეჯიბრებაა, ვიდრე - ევროპის ჩემპიონატი.
სხვა თუ არაფერი, ახლა წონაში ქვეყნიდან მხოლოდ თითო კაცი გამოდის, იქ კი ზოგან მაინც შეიძლება ორის დაყენება.
თან იმხელა ტურნირის შემდეგ სპორტსმენებს ფორმის პიკი გადავლილი აქვთ, ბევრი კი მსოფლიოსთვის ისვენებს და იკრებს ძალებს. ამის მიუხედავად, სუსტი გამარჯვებას ვერც ფესტივალზე შეძლებს და უფრო ამიტომაც გვგონია, რომ კაციაშვილი ახლა მოერგო ახალ წონას.
ჩვენებურმა უტრეხტში იმით დაასრულა გამოსვლა, რითაც ტალინში დაიწყო - ესტონეთში ბელორუს დმიტრი მინკოუს პირველ წრეში მოუგო, ჰოლანდიაში კი ფინალში დაამარცხა.
თუმცა იქამდე გრძელი გზა იყო - საკმაოდ იოლი მოგება იპონით საკმაოდ ძლიერ ებრაელთან, ევროპის წლევანდელ მესამეპრიზიორ დანიელ ბენ დავიდთან, ორი ვაზარი არაბული წარმოშობის შვედ მუსტაფა აბუ-რამადანთან, "გასეირნება" პორტუგალიელ დავიდ რაისთან - იუკო, ვაზარი და იპონი, მედგარი ომი და ორი ვაზარი ნახევარფინალში აზერბაიჯანელთა მომავალ მესამეპრიზიორ ჰიდაიატ ჰეიდაროვთან. ამ ყველაფრის გვირგვინი კი ფინალში მინკოუსთან მოპოვებული ასევე ორი ვაზარი გამოდგა.
ხუთი შეხვედრა და ხუთივეში წმინდად გამარჯვება - შესანიშნავი შედეგია!
მარიამ ჯანაშვილი ივნისში ტალინში ევროპის ჩემპიონი გახდა და ახლაც ფავორიტად ჩავიდა ტურნირზე.
ამართლებდა კიდეც ამ იმედებს, ავბედითი შეხვედრა რომ არა ნახევარფინალში ფრანგთა მომავალ ჩემპიონ გვენელ პატინთან... არადა, ჯანაშვილმა ეს ტურნირიც, ევროპის პირველობის დარად, ძლიერად ჩაატარა - იმ ერთადერთი შეხვედრის გარდა, ოთხი მოიგო და კვლავ ყველა წმინდად! თანაც - ამჯერადაც ბევრი ილეთი გააკეთა.
მაგალითად, პირველ ორ ორთაბრძოლაში ესპანელ სონია გონსალეს მონტეროს და უკრაინელ ირინა სკოპიჩს სამ-სამი, ანუ სამივე ხარისხის თითო გდება ჩაუტარა, მეოთხედფინალში ბელგიელ მარინე ბაუმანსსა და დამამშვიდებლის ფინალში გერმანელ ლაურა ასკერმანს კი თითო იპონი აკმარა.
ცხადია, ამდენი ილეთი არაა ცოტა, რაც ჯანაშვილის შემტევ სტილზე მიუთითებს. თუმცა სურვილი და მისწრაფება ერთია, ხოლო მას რომ რეალურად შეუძლია ამდენი გდებების გაკეთება, ეს ყველაზე მთავარია.
ევროპის წლევანდელი პირველობა მამარდაშვილმაც ჩააგდო, ახლა კი რეაბილიტაციის შანსი მშვენივრად გამოიყენა. მან დამაჯერებლად მოიგო თავისი ქვეჯგუფი, თან რევანშიც აიღო სომეხ ალბერტ მკრტიჩიანთან ტალინში მარცხისთვის. თუმცა ძალიან კი გაუჭირდა ეს მოგება - მხოლოდ გაფრთხილებით აჯობა მეტოქეს, მანამდე კი იოლად დააიპონა დანიელი მარკუს ფრერი.
მამარდაშვილს ფრიად გაუძნელდა სლოვაკ მარტინ ბეციკთანაც. შეიძლება ითქვას, რომ მასთან მარცხსაც გადაურჩა - ვაზარით აგებდა, მაგრამ დასრულებამდე წუთნახევრით ადრე იპონზე დააგდო. ამით ნახევარფინალშიც გავიდა, სადაც რუსთა მომავალ ჩემპიონ ისმაილ ჩასიგოვთან უკვე თვითონ მოჰყვა სუფთაზე. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დანიელ რასმუს დეკარტთან მორიგი იპონი მიითვალა.
17 ივლისს ჩვენი ძიუდოისტებიდან უმედლოდ მხოლოდ გურანდა შოთაძე (57) დარჩა, რომელიც პირველივე შეხვედრაში მასპინძელთა მომავალ ჩემპიონ ჰილდე ჯაგერთან დამარცხდა.
აქვე შევნიშნავთ, რომ შოთაძე ჯანაშვილთან ერთად შარშან 57-ში გამოდიოდა, მაგრამ რადგან მათთვის ეს არ იყო ოპტიმალური წონა, 52-მდე დასწიეს. ამჯერად შოთაძე ისევ ზედა წონაში დააყენეს, რადგან, როგორც გითხარით, ამგვარ ტურნირში წონაში ქვეყნიდან მხოლოდ თითო კაცის გამოყვანაა დაშვებული. ეტყობა, ჩვენებურზე წონის ასეთმა ცვლილებამაც იმოქმედა.
18 ივლისს ტურნირში ქართველთა მორიგი "დესანტი გადაეშვება". ევროპის 2011 წლის ვიცე-ჩემპიონი ჭაბუკებში თამაზ კირაკოზაშვილი, რომელმაც მაშინდელი 60 კილოგრამიდან უკვე 73-ში ამოინაცვლა და წლეულს ევროპირველობაზე ბრინჯაოც მოიპოვა, პირველ წრეში თავისუფალია, მისი მეტოქე კი სლოვენიელ მარტინ ჰოჯაკისა და უნგრელი გაბორ სარეგის პაექრობაში გამოვლინდება.
მისსავე ქვეჯგუფშია ოსკარ თვაურიც ფინეთიდან. იესო კვირიკაშვილი (81) პირველად ლატვიელ გინტს ბუმეისტერსს შეხვდება, ამ ჯგუფში კი ტიტულოვანთაგან ავსტრიელი ევროპის წლევანდელი მესამეპრიზიორი მაქსიმილიან შნაიდერი მოხვდა.
ტრავმების გამო ეს წონა ჩვენთვის იმდენად პრობლემატურია, რომ წლეულს ცირეკიძეს ევროპის პირველობაზე არავინ წაუყვანია.
დღესვე იჭიდავებს ჩვენი ბოლო მონაწილე გოგოების ტურნირში - მარიამ ჯანაშვილის უმცროსი და ხატია ჯანაშვილი (63) - ის მეორე წრეში ებრაელ პაზ ლიბელს შეხვდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"