არადა, ჩვენს ბიჭებს არათუ ერთი ოქროს მოპოვება, არამედ სულაც დუბლის გაკეთება შეეძლოთ, რადგან ორივე მონაწილე - თამაზ კირაკოზაშვილიც (73) და იესო კვირიკაშვილიც (81) ფინალში გავიდა, მაგრამ საბოლოოდ ვერცხლს დასჯერდნენ.
ამათგან განსაკუთრებით სასიამოვნო კვირიკაშვილის წარმატებაა, რადგან ამ წონაში მთავარ მწვრთნელ ირაკლი ცირეკიძეს იმდენად რთული საკადრო პრობლემები აქვს, რომ გიორგი ქურდიანის ტრავმის შემდეგ ივნისში, ჭაბუკთა ევროპის პირველობაზე მონაწილე საერთოდ არ წაუყვანია.
კვირიკაშვილმა ფინალ
ფინალი კვირიკაშვილმა რუს მიხაილ იგოლნიკოვთან სუფთად წააგო. რუსი დღესდღეობით დაუმარცხებელია - ის ევროპის ბოლო სამი წლის უცვლელი ჩემპიონია.
თამაზ კირაკოზაშვილი ორი წლის წინ ევროპის ჭაბუკთა პირველობის ფინალში გავიდა, წლეულს კი იმავე ტურნირზე ბრინჯაო მოიპოვა და უტრეხტშიც ფავორიტთა შორის იყო. ამის მიუხედავად, პირველი ორი შეხვედრა გაფრთხილებებით მოიგო - სლოვენიელ მარტინ ჰოჯაკთან და ფინელ ოსკარ თვაურთან (ეს წლევანდელ ევროპირველობაზეც დაამარცხა). კირაკოზაშვილმა ყველაზე ძლიერად ნახევარფინალში იჭიდავა ყველაზე ტიტულოვან მეტოქესთან, ჩერნოგორიელ არსო მილიჩთან, ვინც ჩვენებურის მსგავსად, ევროპის წლევანდელი მესამე პრიზიორია. ფინალს კირაკოზაშვილი იუკოთი იგებდა, თუმცა ამანაც იპონით წააგო, ოღონდ თურქ ფალავანთან, ისლამ აბანოზთან.
ხუთშაბათს გოგოებში ჩვენმა ბოლო მონაწილემაც იჭიდავა – ხატია ჯანაშვილმა (63). მან პირველივე პაექრობა დათმო ებრაელთა მომავალ მესამე პრიზიორ პაზ ლიბელთან.
უტრეხტში ძიუდოისტთა ტურნირი 19 ივლისს დამთავრდება, როცა მორიგი ქართული დუეტი იასპარეზებს - გიორგი გველესიანი (90) და გიორგი ძებისაშვილი (+90). ისინი მეორე წრიდან ჩაებმებიან შეჯიბრებაში და გველესიანი პირველად ბრიტანელ ჯონ ჯაინეს ხვდება (მან ივნისში ტალინში, ევროპის პირველობაზე დავით რამაზაშვილი დაგვიმარცხა), ძებისაშვილი - ლიტველ მარტინას ვასკოვიჩიუსს.
ასევე იხილეთ:
ოლიმპიური ფესტივალი: გიორგი კაციაშვილმა გვასახელა