ძიუდოისტი ელენე ქებაძე ბრინჯაოთი დაბრუნდა

AutoSharing Option
ამ უქმეებზე ჩეხურ ლიბერეცში ევროპის თასი ჩატარდა ახალგაზრდა ძიუდოისტთა შორის, თუმცა მასში ჩვენგან მხოლოდ გოგოები გამოვიდნენ.

იქ კახა მოცრაძემ სალომე აბაშიძე (52), სოფიო ბერიძე, ნინო მარტიაშვილი, მარიამ ციხელაშვილი (სამივე - 57), თეა სუხიტაშვილი (70) და ელენე ქებაძე (+78) წაიყვანა.

ექვსივე მათგანი ქართველ ძიუდოისტ ქალთა იმ პირველი ნაკადიდანაა, ყოფილი საბჭოთა კავშირის დაშლით გამოწვეული წყვეტის შემდეგ გოდერძი ველიჯანაშვილის ხელმძღვანელობით ხელმეორედ რომ შეუდგა საქართველოში ქალთა ძიუდოს აღორძინებას.

სამწუხაროდ, მოგვიანებით ველიჯანაშვილი პირადი პრობლემების გამო ძიუდოს დროებით ჩამოშორდა.

ეს თაობაც მიივიწყეს და თანდათან დაიკარგა. არადა,
მათში ბევრი ნიჭიერი მოზარდი იყო, რომლებსაც სათანადო ხელშეწყობის პირობებში გარკვეული შედეგების მიღწევა შეეძლოთ.

ახლა ველიჯანაშვილი დაუბრუნდა ძიუდოს და ამ გოგოებმაც პირი იბრუნეს ტატამისკენ.

იმ თაობაში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ქებაძე იყო, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ჭაბუკთა შორის ფრიად პრესტიჟული ანტალიის ევროპის თასი მოიგო და მერე რამდენიმე არანაკლებ ძლიერ ტურნირზეც იყოჩაღა.

ლიბერეცშიც ჩვენი ექვსეულიდან წარმატებით მხოლოდ ქებაძემ იასპარეზა - ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ის პირველ წრეში ისვენებდა, მეოთხედფინალში კი უკრაინელთა მომავალ ფინალისტ ელიზავეტა კალანინასთან წააგო იპონით. სამაგიეროდ, სანუგეშოში იყოჩაღა და ჯერ უზბეკ სანეაიმ ერკინბაევას სძლია ვაზარით, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი პოლონელ ანა ზალეზნას გაფრთხილებებით მოუგო.

სამწუხაროდ, ჩვენი გუნდის სხვა წევრებიდან ციხელაშვილის გარდა, ყველა ადრევე გავარდა. აბაშიძე პირველივე წრეში იპონით დამარცხდა მომავალ ჩემპიონთან, პოლონელ ევროპის ორგზის მესამეპრიზიორ კაროლინა პინკოვსკასთან, მერე კი სანუგეშოში გაფრთხილებებით დათმო შეხვედრა უნგრელ ლუცა პოლგართან.

ცოტა უკეთ გამოვედით 57 კილოგრამში, სადაც საერთო სურათი ციხელაშვილმა ცოტა გამოაცოცხლა - მართალია, უმედლოდ დარჩა, მაგრამ ორი შეხვედრა მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა. ის პირველ წრეში ისვენებდა, მერე კი შვედ მატილდა ვალენს გაფრთხილებით მოუგო, ხორვატ ტენა სიკიჩთან კი ორი ვაზარით წმინდა მოგება მიითვალა.

ამის შემდეგ ის ორჯერ დამარცხდა და ორივე პაექრობა მომავალ ბრინჯაოს პრიზიორებთან დათმო - ბრაზილიელ ფლავიო გომესთანაც და პოლონელ არლეტა პოდოლაკთანაც იპონით წააგო.

თავიდან ბერიძე და მარტიაშვილიც ისვენებდნენ, მერე კი, შესაბამისად, ავსტრიელ ლეა სიქსტლთან და კანადელ კატერინა ბაუჩემინ-პინარდთან დამარცხდნენ. სუხიტაშვილმა ჯგუფში პირველივე წრეში უკრაინელ იანა კრიუკოვასთანაც წმინდად წააგო და სანუგეშოშიც - კანადელ ალიქს რენაუდ-როისთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული