ძიუდოს ამბები. მეტოქე: რიო ყურადღების ცენტრში

AutoSharing Option
ძიუდოისტთა მსოფლიოს პირველობამდე ერთი თვეც არ რჩება - 26 აგვისტოს იწყება ბრაზილიურ რიო დე ჟანეიროში.

გაირკვა მისი მონაწილე კიდევ ერთი ძლიერი გუნდის - ყაზახეთის ვაჟთა ნაკრების საბოლოო შემადგენლობა: იელდოშ სმეტოვი, აშხატ ტელმანოვი (ორივე - 60), სერგეი ლიმი, აზამატ მუკანოვი (66), ერტუგან ტორენოვი (73), დაულეტხან ჟაკიპოვი (81), ისლამ ბოზბაევი (90), მაქსიმ რაკოვი (100) და ერჟან შინკეევი (+100).

როგორც ვხედავთ, ერმენ იმანბეკოვმა ნაკრებში ყველა უძლიერეს შეგირდს უხმო. ყაზახთა გასახარად, გუნდშია მსოფლიოს ექსჩემპიონი რაკოვი, ვისაც ტრავმის გამო სეზონის ლამის ნახევარი გაუცდა.

მოგვიანებით მან
ტრავმა მოიშუშა და ახლახან მოსკოვის "დიდ მუზარადზე" მეხუთე ადგილზეც გავიდა. ის ახლაც მოსკოვშია და გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

რაკოვი ამ ნაკრებში ყველაზე ტიტულოვანია და მსოფლიოზეც წონის ლიდერთა შორის იქნება, თუმცა მისი ამბავი ნაკლებად გვეხება, რადგან, სამწუხაროდ, ამ წონაში სათანადო ფალავანი არ გვყავს.

ამიტომ ჩვენთვის რაკოვზე მეტად საყურადღებო 60 კილოგრამია, კონკრეტულად კი სმეტოვის ფაქტორი, რომელიც ევროპის ჩემპიონ ამირან პაპინაშვილის ერთ-ერთი უხერხული კონკურენტია.

სმეტოვი მსოფლიოს რეიტინგში სადღეისოდ მეცხრე ადგილზეა, თუმცა უახლოეს დღეებში ქულათა გარდაუვალი გადაჯგუფების შემდეგ, რაც მის წინ მდგომებს გარკვეულ მარაგს დააკლებს, განთესილ რვა კაცში მოხვდება და დიდი შანსია, პაპინაშვილს ბრაზილიაში მეოთხედფინალში გადაეყაროს.

საუბედუროდ, სტატისტიკა მის მხარესაა - ორივე შეხვედრა ყაზახმა მოიგო. ისინი წლევანდლამდე ერთმანეთს არ შეხვედრიან, წლეულს კი 20 წლის ყაზახმა ჯერ თებერვალში თბილისის ტურნირზე აჯობა თავისზე 5 წლით უფროს ქართველს, მაისში კი მასტერსზეც დაამარცხა. ჩვენებურს დადებითი ბალანსი აქვს ტელმანოვთან - კარიერაში სამივე ორთაბრძოლა მოუგო.

ვფიქრობ, ევროპისა და ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილისთვისაც სერიოზული კონკურენტი იქნება ლიმი, ვინც სადღეისოდ რეიტინგში მეოთხეა.

მან ბოლო ხანებში ამოქაჩა მასტერსის ტურნირის მოგებით, როცა ფინალში იაპონელი ტომოფუმი ტაკაჯო მტკივნეულით დაამარცხა და ერთბაშად 700 ქულა შეიმატა, თორემ მანამდე რეიტინგში ბევრად დაბლა იყო.

ვერ გეტყვით, რამდენად სერიოზულია ერთი შეჯიბრების მიხედვით დასკვნების გამოტანა. მით უფრო, წლეულს კიდევ ორ ტურნირში იჭიდავა და ვერ ვიტყვით, რომ წარმატებით გამოვიდა - თურქეთის "დიდ პრიზზე" მეხუთე იყო, პარიზის "დიდ მუზარადზე" - მეშვიდე, თუმცა ეს ბიჭი წინა წლებთან შედარებით სულ უფრო უმატებს. ის ჩვენებურს ჯერჯერობით არ შეხვედრია.

ყაზახთა გუნდიდან ყურადღებას ბოზბაევზეც შევაჩერებთ, რომელიც ადრე 81-ში გამოდიოდა, წლეულს კი 90-ში გადმოინაცვლა და სადღეისოდ რეიტინგში 21-ეა. თუმცა საყურადღებოა, რომ საამისოდ მხოლოდ სამი ტურნირის შედეგები ეყო, რადგან ამ წონაში ჯერჯერობით მეტი არ უჭიდავია.

იმანბეკოვის გუნდში სამი დებიუტანტია - ტელმანოვი, ტორენოვი და ჟაკიპოვი. რაც შეეხება მძიმეწონოსან შინკეევს, ჩვენთვის საშიში არც ის გვგონია.

ყაზახეთის ნაკრებზე საუბარს ერთი გარემოებით დავასრულებთ, რაც, გარკვეულწილად, ქართულ რეალობასაც ეხება - იმანბეკოვმა ამ პოსტზე გერმანელი ფლორიან ველიჩი შეცვალა, რომელიც სულ რაღაც 3-4 თვის მიწვეული ჰყავდათ, მაგრამ სპორტსმენები აუჯანყდნენ ფრიად საინტერესო მიზეზით - ვარჯიშებზე უფრო მეტი ყურადღება ტანვარჯიშისა და აერობიკის ილეთებს ეთმობა, ვიდრე - ძიუდოსასო.

თავის მხრივ, ველიჩმა ბოლო წლებში ყაზახეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ძიუდოისტი, პეკინის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი აშხატ ჟიტკეევი ჩაანაცვლა, ვისაც ლონდონური თამაშების ჩაგდება არ აპატიეს - მისი გუნდი ბრიტანეთში უმედლოდ დარჩა.

თქვენი არ ვიცი, მე კი, როცა ველიჩის უცნაური მეთოდების შესახებ წავიკითხე, ჩვენი ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი პეტერ ზაიზენბახერი გამახსენდა.

ჩვენი არ იყოს, ყაზახებისაც გასაკვირია - როცა ხეირიანი მწვრთნელი სახლში ჰყოლიათ, რატომ დაუწყეს უცხოელს ძებნა? მართალია, იმანბეკოვს ჯერ ისეთი მასშტაბური წარმატება არ მოუპოვებია, როგორიც ირაკლი უზნაძემ გააკეთა ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ აზიის პირველობაზე ყაზახებმა ოთხი ბრინჯაო მოიპოვეს, ხოლო მათი რამდენიმე ფალავანი წონის ლიდერად გვევლინება.

ზაიზენბახერის არჩევანი
31 ივლისს რიო დე ჟანეიროში წასაყვანი შემადგენლობა თვითონ ზაიზენბახერმაც დაასახელა, რომელიც აზერბაიჯანის ნაკრებში მუშაობს.

ილგარ მუშკიევი (60), ნიჯატ შიხალიზადე (66), რუსტამ ორუჯევი (73), ტურალ შაფგულიევი (81), შაჰინ გახრამანოვი (90), ელხან მამადოვი, ელმარ გასიმოვი (ორივე - 100) - აი, ასეთია მისი შემადგენლობა, რომელიც რამდენადმე გადახალისებულია. უპირველესად, თვალშისაცემია ოლიმპიურ ჩემპიონ ელნურ მამადლის (73) არყოფნა, თუმცა ეს ადრევე გაცხადდა - ფეხის ტრავმის გამო მას სეზონის დიდი ნაწილი გაუცდა.

ასევე გვენიშნა ევროპის ვიცე-ჩემპიონ ტარლან კერიმოვის (66) უარყოფა, თუმცა ესეც ტრავმის ბრალი გვგონია და არა მწვრთნელის ხუშტურებისა - ამ მიზეზით დიდხანს არსად უასპარეზია, მაგრამ წლეულს ბაქოში "დიდ მუზარადზე" იჭიდავა და მეხუთეზეც გავიდა.

ევროპის პირველობისგან განსხვავებით, ავსტრიელმა ამჯერად არ ისურვა ჩვენი ტურნირის წლევანდელ ჩემპიონ შეხმადი მაგომედოვის სამსახური - რატომღაც ზაიზენბახერი მას არ წყალობდა და უპირატესობას მუდამ გახრამანოვს ანიჭებდა.

მწვრთნელს არავინ მიჰყავს მძიმე წონაში, სადაც რეალურად, არც ჰყავთ ძლიერი ფალავანი, ხოლო თუ ვინმეა ანგარიშგასაწევი, ისევ ჩვენგან წაყვანილი ვახტანგ ბიტიევი - ადამ ოქრუაშვილის უმცროსი ძმა, ვინც იქ დედის გვარით ასპარეზობს.

როგორც ვხედავთ, ზაიზენბახერმა შემადგენლობაში დატოვა ევროპისა და მსოფლიოს მედალოსანი მამადოვი, ვისაც თავისი ჩვეულებისამებრ, გუნდის გაახალგაზრდავების მოტივით ასაკის გამო მისვლისთანავე "დაასო კბილი", რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადამდე სპორტიდან მაინც წავა და მისი სამსახური არ მჭირდებაო.

ამას ბაქოში გვარიანი უკმაყოფილება მოჰყვა და, ეტყობა, ხელმძღვანელობამ ასეთ ხისტ ნაბიჯზე ხელი ააღებინა.

სხვათა შორის, ზაიზენბახერს იქ ჩასვლის უმალ მამადლისთანაც მოუვიდა სერიოზული უკმაყოფილება გაზრდილი დატვირთვების გამო.

როგორც ამბობენ, სკანდალი თვით ქვეყნის პირველ პირამდეც კი მივიდა. ეს არცაა დაუჯერებელი იმის გათვალისწინებით, რომ მამადლი პეკინის ოლიმპიადაზე გამარჯვების შემდეგ აზერბაიჯანში ეროვნული გმირი გახდა და პრეზიდენტის კარზე სასურველი სტუმარია.

ჰოდა, ამბობენ, რომ კონფლიქტისთანავე ზაიზენბახერმა ფედერაციის პრეზიდენტს დაურეკა შეგირდის მოსარჯულებლად, სპორტსმენმა - ქვეყნის პრეზიდენტსო. თუმცა ეს ამბავი მამადლის ტრავმამაც ჩააწყნარა, ავსტრიელს კი ბრაზილიურ გუნდში გასარკვევი ერთადერთი მონაწილის საკითხი დარჩა - 60 კილოგრამში მეორე ნომრად მსოფლიოზე ვუგარ შირინლი წაიყვანოს თუ ორხან საფაროვი.

აზერბაიჯანელების და ჩვენი ინტერესები 100-სა და მძიმე წონებში არ გადაიკვეთება - პირველში ჩვენ არ გვაქვს ამბიცია, მეორეში - იმათ.

გასიმოვისა და მამადოვის შემდეგ მათთვის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი მსოფლიოს პრიზიორი მუშკიევია, თუმცა პაპინაშვილმა მას უკლებლივ ყველა - ხუთივე პაექრობა მოუგო. დანარჩენ წონებზეც ვერ ვიტყვი, რომ ძალიან უნდა გვეშინოდეს მათი, თუმცა სათვალავიდანაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩამოვწეროთ.

ოღონდ ეგ კია - ზაიზენბახერმა ისინიც თუ ისეთივე მეთოდებით ავარჯიშა, რასაც საქართველოს ნაკრებში მიმართავდა, გაგვიოლებია საქმე და ეგაა.

გუნდი ბრუნდება

მსოფლიოს პირველობისთვის ჩვენი ნაკრებიც ემზადება, რომელმაც დაასრულა ერთობლივი საწვრთნელი კემპი სოჭში და ამ დილით უკვე თბილისში ჩამოფრინდებოდა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენები იქ მოსკოვიდან წავიდნენ, სადაც "დიდი მუზარადის" ტურნირში იჭიდავეს და თითო ოქრო-ვერცხლიც მოიპოვეს - პაპინაშვილი ჩემპიონი გახდა, ევროპის პრიზიორი ზებედა რეხვიაშვილი (73) კი მესამეზე გავიდა.

ნაკრები ერთ შეკრებას საქართველოში გაივლის, მერე კი რიო დე ჟანეიროში გაემგზავრება და აკლიმატიზაციის მიზნით დასკვნით შეკრებას იქ გაივლიან. თუმცა ამ სამზადისსა და, ეგებ, მსოფლიოზე წასაყვან შემადგენლობაზეც უფრო დაწვრილებით ირაკლი უზნაძისგან შევიტყობთ, მანამ კი ევროპის პრიზიორ ლევან წიკლაურზე ვთქვათ, რომელმაც მოსკოვში ჩასვლისთანავე ფეხი იტკინა და ამიტომ ტურნირში არ უჭიდავია.

გამოკვლევებით დადგინდა, რომ მას მენისკი აწუხებს და საოპერაციოა, მაგრამ არის რაღაც შანსი, მსოფლიოზე გამაყუჩებლებით იჭიდაოს.

ის შეკრებაზე მაინც წაიყვანეს, რადგან სწორედ ეს აინტერესებდათ - რამდენად რეალურია ამის იმედი? მწვრთნელები და ექიმები მას სოჭში დააკვირდებოდნენ და საბოლოო ვერდიქტს ისე გამოუტანდნენ.

ამიტომ მათ დაბრუნებამდე გადაჭრით ვერაფერს გეტყვით, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, წიკლაურმა მთელი შეკრება ნორმალურად ჩაატარა და ჩვეულებრივ ვარჯიშობდა. თუმცა დაველოდოთ გუნდის ჩამოსვლას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული