ნიკო ბიბილაშვილი: დარწმუნებული ვარ გორის ძიუდოს დიდ მომავალში!

AutoSharing Option
გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის ფალავნების წარმატებების შესახებ ბევრი გვესმის და იწერება.

მათი გამარჯვებებით მთელი საქართველო ამაყობს. შედარებით მცირეა ინფორმაცია ამ ფალავნების დაოსტატებაზე მზრუნველ სპეციალისტებზე.

ჩოხიან საჭიდაო სახეობებში (ძიუდო, სამბო, ქართული) ორი სპეციალისტი გამოირჩევა - ანზორ თენაძე და ნიკო ბიბილაშვილი.

ანზორი ჭიდაობის კომპლექსური სპორტსკოლის დირექტორიცაა, ნიკო ბიბილაშვილი კი ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილის პირადი მწვრთნელია.

შარშან იგი, "ლელოს" და არა მხოლოდ ამ გაზეთის ვერსიით, წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

დღეს შევეცდებით, მკითხველს უფრო ახლოს გავაცნოთ საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, 38 წლის ნიკო ბიბილაშვილი.

- როგორც შიდა ქართლში ხშირად ხდება, ბავშვობაში მეც ქართულს ვჭიდაობდი ნახერხმოყრილ არენაზე.

ერთხელ მშობლიურ სოფელ მეჯვრისხევში ნახერხზე გამართულ შეჯიბრებაში ვიჭიდავე. მაყურებელთა შორის ძიუდოს გორელი მწვრთნელი აბესალომ წიკლაურიც ყოფილა, რომელსაც მოვეწონე და მშობლებს სთხოვა, გორის ბამბეულის კომბინატის სპორტულ დარბაზში მივეყვანე. ასე დავიწყე სპორტსმენის კარიერა.

მქონდა რაღაც წარმატებები, ვიმარჯვებდი ზონალურ პირველობებზე, საქართველოს პირველობაზე ჭაბუკებში ორჯერ გავხდი ფინალისტი. მერე ქვეყანა ქაოსმა მოიცვა, ჩვენი დარბაზი საერთოდ დაიხურა.

მეორე დარბაზში გადავედი, მაგრამ იქაც არ იყო ნორმალური პირობები. მატერიალურადაც არ მილხინდა და მეგობრის დახმარებით წავედი მოსკოვში.

ვარჯიშიც განვაგრძე, თან ვმუშაობდი. მოვიგე ქალაქის პირველობა, მოსკოვის დიდ პრიზზე კი ბრინჯაოსპრიზიორი გავხდი. შეიარაღებული ძალების მსოფლიო პირველობაზე კი დავით მარგოშვილთან მესამე ადგილისათვის რომ წავაგე, რუსებმა ამითვალწუნეს და 2000 წელს სამშობლოში დავბრუნდი.

- და მწვრთნელობა დაიწყეთ?
- 2002 წელს გია და ანზორ თენაძეებმა კობა კურტანიძის სახელობის დარბაზი გახსნეს. მეც ჩემი ძმიშვილი იქ მივიყვანე. ხშირად ვრჩებოდი დარბაზში და რჩევებს თავადაც ვაძლევდი ძმიშვილს. ეს უყურადღებოდ არ დარჩენია გია თენაძეს, დამიძახა და შემომთავაზა, მათთან მემუშავა.

საყვარელ სახეობაში ახლა უკვე მწვრთნელობის შემოთავაზებაზე უყოყმანოდ დავთანხმდი.

რასაკვირველია, დიდი მადლობელი ვარ გია თენაძის, რადგან ახალი დაოჯახებული ვიყავი და სამუშაოს ძიებაში ისევ რუსეთში ვაპირებდი დაბრუნებას და, ვინ იცის, ჩემი ცხოვრება რა გზით წარიმართებოდა.

ორი წელიწადი გია თავად გვიხდიდა ხელფასს, მერე მუნიციალიტეტი. კიდევ ორიოდ წელიწადში კი გურამ პაპიტაშვილის სახელობის ახალ დარბაზში გადავედით, სადაც დღესაც ვაგრძელებთ საქმიანობას.

- პირველი წარმატება გაიხსენეთ, რომელმაც იმედი ჩაგისახათ...
- ძიუდოში პირველად განსაკუთრებულად გიორგი ფერსაშვილის საქართველოს ჭაბუკთა პირველობის პრიზიორობამ გაგვახარა; იქამდე კი სამბოში ჩემპიონები გახდნენ ზვიად ბაზანდარაშვილი და იოსებ პურიჭამიაშვილი, ფერსაშვილი კი იქაც გაპრიზიორდა.

მაშინ უკვე მივხვდით, რომ შეგვეძლო, გორის ძიუდოს აღორძინებისთვის რეალურად გვებრძოლა. ეს მართლაც აღმოჩნდა აღმასვლის დასაწყისი.

ლაშა შავდათუაშვილის თაობა გაცილებით პერსპექტიული იმიტომაცაა, რომ ისინი პირველი თაობის ნაკვალევზე მოვიდნენ. ერთმანეთის მაგალითსა და წარმატებებზე იზრდებოდნენ. კონკურენციის სასიკეთო გავლენა თავისსავე დარბაზში განიცადეს.

- ლაშა რით იყო გამორჩეული?
- ფიზიკურად არავისგან გამოირჩეოდა. ქუჩაში რომ ნებისმიერი ბავშვი გაგეჩერებინა, ვერ ვიტყოდი, ლაშა ამას მოუგებს-მეთქი.

სამაგიეროდ, დარბაზის სავარჯიშო გარემო მან საუკეთესოდ შეითვისა, მწვრთნელის რჩევებს სწორად აღიქვამდა და მაქსიმალურად ასრულებდა. ლაშა ისეთი მიზანმიმართულია, უდიდესი შედეგის გარეშე მისი კარიერა არ ჩაივლიდა.

- თქვენ გჯეროდათ ასეთ ახალგაზრდა ასაკში ოლიმპიურ თამაშებზე მისი წარმატების?
- მე მჯეროდა ლაშას დიდი მონდომების, თავდაუზოგავი ჭიდაობის. წინასწარ პროგნოზებში ბევრი მის მიერ ერთი მოწინააღმდეგის გადალახვის შესაძლებლობასაც დამაკმაყოფილებლად მიიჩნევდა. თავად კი გათვლა გაცილებით შორსმიმავალ გეგმებზე ჰქონდა.

ნახევარფინალში ებინუმას სწორედ იმ ფანდით მოუგო, რომელზეც ლონდონში წასვლის წინ მეუბნებოდა, რომ ჩვენი ნაკრების იაპონიაში შეკრებისას კარგად დააკვირდა და მეტოქის ხარვეზად დაინახა. უნგვართან ფინალში კი უკვე ძალიან მჯეროდა ჩემი შეგირდის გამარჯვების.

"ლელომ" რომ დაგვაჯილდოვა, მაშინაც აღვნიშნე, რომ არ მახსენდება სხვა შემთხვევა ისტორიაში, ძიუდოისტს ვარჯიშის დაწყებიდან ოლიმპიური ჩემპიონობა ორი ციკლის განმავლობაში მოეპოვებინოს.

- დამსახურებული მწვრთნელის ტიტული თქვენც ახალგაზრდა ასაკში მიიღეთ...
- ერთეულების ხვედრია ოლიმპიური ჩემპიონის მწვრთნელობა, ბევრი გამოცდილი სპეციალისტი კარიერას ამ სიხარულის შეგრძნების გარეშე ასრულებს. მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც ადრე წამახალისებელი სიტყვები არ დაიშურა, ვინც მარწმუნებდა, რომ ჩემი დაუღალავი შრომა შედეგს აუცილებლად გამოიღებდა. ამასთან, გათავისებული მაქვს, დამსახურებული მწვრთნელის ტიტული რაოდენ დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა.

- მწვრთნელებიც ხომ უფროსი თაობის ფუძეჩაყრილი ტრადიციების გამგრძელებლები არიან...
- საჭიდაო სახეობებში გორს მართლაც უძლიერესი სამწვრთნელო სკოლა აქვს. ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის მთავარი დადებითი მხარე გამოცდილი და ახალგაზრდა სპეციალისტების ერთობლივი მუშაობის სწორად შეჯერებაშია. პირადად მე ბევრი ვისწავლე ისეთი გამოცდილი სპეციალისტებისგან, როგორებიც არიან: გურამ პაპიტაშვილი, გივი ზაუტაშვილი, იოსებ ფუხაშვილი, ანზორ თენაძე.

- თქვენი აზრით, რა განაპირობებს შიდა ქართლში ჭიდაობის სახეობებში წარმატებებს?
- საფუძველთა საფუძველი ქართული ჭიდაობაა! ამას წინათ გორში ბელგიელები იყვნენ შეკრებაზე და მკითხეს, როდიდან არსებობს ქართული ჭიდაობაო. მე ვუთხარი, ალბათ, იგი ქართველი კაცის გაჩენასთან ერთად დაიბადა-მეთქი. ყველა ქართული ჭიდაობიდან მოვდივართ. პირველი ეკლესია რომ აშენდა, გვერდით საჭიდაოც გაკეთდა. კარგია, რომ ქართულ ჭიდაობაში საქართველოში ბოლო ხანებში მრავლად ტარდება შეჯიბრებები.

- თქვენი შეგირდები საქართველოს ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებშიც გამოდიან. ბუნებრივია, მათგანაც მოელით მაღალ შედეგებს...
- აუცილებლად! ახლა უკვე ყველამ კარგად იცის, სად იზრდება ბავშვი ფალავნად. ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილს დარბაზში ყველა პატარა ძიუდოისტი ბაძავს. მისნაირი კიმონოს ჩაცმა უნდათ, ბაძავენ ილეთების შესრულებაშიც. სასიხარულოა, რომ მომდევნო თაობებში ერთმანეთზე უკეთესი პერსპექტივა შეიმჩნევა. დარწმუნებული ვარ გორის ძიუდოს უფრო დიდ მომავალში!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული