პაპინაშვილს გაუმართლა, შავდათუაშვილს - არა

AutoSharing Option
ორშაბათს ბრაზილიურ რიო დე ჟანეიროში ძიუდოისტთა მსოფლიოს პირველობა იწყება, წუხელ გამართულმა წილისყრამ კი ჩვენებურთა მეტოქეები გამოავლინა.

პირველ დღეს ჩვენგან მხოლოდ ამირან პაპინაშვილი (60) იჭიდავებს, რადგან ქალთა ტურნირში მონაწილე არ გვყავს. პაპინაშვილს გაუმართლა, რადგან რეიტინგიდან გამომდინარე, იაპონელი ნაოჰისა ტაკატო და ბრაზილიელი ოლიმპიური პრიზიორი ფელიპე კიტადაი ფინალამდე ისედაც არ ხვდებოდნენ, ახლა კი რამდენიმე ლიდერის გამოკლებამ იმავე ეტაპამდე უხერხული მეტოქეები - ყაზახი იელდოშ სმეტოვი და რუსი ბესლან მუდრანოვიც ააცილა.

წონაში პირველ ნომრად განთესილი პაპინაშვილი თავიდან ისვენებს, მისი მეტოქე კი ზიმბაბველ ლაზარუს არუფანდიკას და თურქ
აჰმეტ შაჰინ კაბას შეხვედრაში გაირკვევა. ამავე ჯგუფში არიან ყაზახი აშხატ ტელმანოვი, სომეხი ევროპის მედალოსანი ჰოვანეს დავთიანი და აზერბაიჯანელი მსოფლიოს პრიზიორი ილგარ მუშკიევი, მაგრამ ეს სამეული ჩვენებურს მეოთხედფინალამდე ვერ შეხვდება (სომეხი და აზერბაიჯანელი სულაც პირველ წრეში ერთმანეთში ჭიდაობენ). ვფიქრობთ, პაპინაშვილს ნახევარფინალში გასვლა ხელეწიფება, იქ კი სავარაუდო მეტოქეებად მონღოლები ჩანან - დაშდაავა და განბატი.

არ გაუმართლა ლაშა შავდათუაშვილს (66) - ის პირველ წრეში თავისუფალია და მეორეში ჩრდილოკორეელ იონ სინ ჩოეს კი ეჭიდავება, მაგრამ მის ჯგუფში მოხვდნენ ბრიტანელი კოლინ ოუტსი, უზბეკთა ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი რიშოდ სობიროვი, რუსი ალიმ გადანოვი და ყაზახი აზამატ მუკანოვი, "დიდი მუზარადისა" და პან-ამერიკის გამარჯვებული მასპინძელი ლუის რევიტე, კორეელი ჯუნ-ჰო ჩო, იაპონელი მასააკი ფუკუოკა... თან, ამათთან შეხვედრა მხოლოდ ნახევარფინალამდე ელის, ტურნირის გადამწყვეტი ეტაპი კი მერე იწყება...

ზებედა რეხვიაშვილი (73) პირველ შეხვედრას დომინიკელ ფაუსტო დივიეკასთან გამართავს. მეორე ბრძოლაში, შესაძლოა, ისევ რუსი მურატ კოძოკოვი ერგოს, ვისაც აქამდე იოლად უგებდა. ამავე ჯგუფშია ევროპის წლევანდელი სლოვენიელი ჩემპიონი როკ დრაკშიჩიც.

ნუგზარ ტატალაშვილმა (73) თავიდან, სავარაუდოდ, იოლად უნდა აჯობოს ჩილელ ტომას ბრინგასს. მას პრობლემებს მონღოლი მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი ხაშბაატარ ცაგანბაატარი ან ებრაელი საგი მუკი თუ შეუქმნიან, თორემ ვფიქრობთ, ტატალაშვილს რეხვიაშვილზე მეტად გაუმართლა.

81-შიც ორი მონაწილე გვეყოლება და ორივე განთესილი, ოღონდ ერთმანეთს ფინალამდე არ შეხვდებიან. ავთანდილ ჭრიკიშვილი ჯერ ისვენებს, მისი მეტოქე კი ბელორუსი ალექსანდრ სტიაშენკასა და ლატვიელი კონსტანტინს ოვჩინიკოვსის პაექრობაში გაირკვევა, რომლებთანაც დადებითი ბალანსი აქვს, როგორც კანადელ თანაჯგუფელთან, ოლიმპიურ პრიზიორ ანტოინ ვალოის-ფორტიერთან. ჯგუფში ჭრიკიშვილს განსაკუთრებულად ძლიერი და დაუძლეველი არავინ ჰყავს.

დიდად არც ლევან წიკლაური გაუწირავს წილისყრას, თუმცა მის ჯგუფში იაპონელი კეიტა ნაგაშიმა და ევროპირველობაზე მისი მომგები ხორვატი ევროპის ვერცხლისმედალოსანი ტომისლავ მარიჯანოვიჩი (ამას მერე რევანში კი აუღო) არიან, მაგრამ მათ მხოლოდ მეოთხედფინალში შეხვდება, ხოლო იქამდე მისვლა არ უნდა გაუჭირდეს, ტრავმამ თუ არ შეუშალა ხელი. წიკლაური ტურნირში მეორე წრიდან ჩაებმება ჩეხ იარომირ მუსილთან შეხვედრით.

ვალერი ლიპარტელიანი (90) ნახევარფინალში რუს კირილ დენისოვზე გადის, თვითონ კი რთულ ჯგუფში არაა - აქ ყველაზე გამოსარჩევი ფრანგი ლუდოვიკ გობერტი და ბრაზილიელი ედუარდო სანტოსი არიან (ესეც უფრო მასპინძლობის გამო). ლიპარტელიანი თავიდან ისვენებს, მერე კი, შესაძლოა, გობერტის შეხვდეს.

თავიდან ლომერ ჟორჟოლიანიც (100) ისვენებს, მასთან შესახვედრად კი ანგოლელი და კამერუნელი იჭიდავებენ. სხვებთან ერთად ამ ჯგუფში მასპინძელთა მსოფლიოს ჩემპიონი ლუსიანო კორეა და ფრანგი სირილ მარეც მოხვდნენ, ოღონდ ჩვენებურამდე ისინი ერთმანეთს ხვდებიან.

ნახევარფინალში ადამ ოქრუაშვილსაც (+100) რეიტინგით "დაგეგმილი" ფრანგი ტედი რინერი ერგო, მაგრამ მას არც ჯგუფში გაუმართლა - მეოთხედფინალში რუსთა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს, ოლიმპიური ვერცხლის მფლობელ ალექსანდრ მიხაილინს ან კორეელ გუჰამ ჩოს შეხვდება. იქამდე მისვლა ოქრუაშვილს არ უნდა გაუძნელდეს - თავიდან სამოელ დერეკ სუას ხვდება, მერვედფინალში კი პოლონელი მაციეჟ სარნაცკი ან ანგოლელი დენის სილვა ელოდება.

შეხვედრები ბრაზილიაში თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს კი შეგიძლიათ, GMG-ზე უყუროთ.

ასევე იხილეთ:
ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატის წინ: იაპონიამ ჭორები გაამართლა
მკითხველის კომენტარები / 1 /
გამარჯვებიტ გევლოტ ქარტველებო
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული