ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი: ღმერთო, შეეწიე ჩემპიონს მგლების ხორუმში

AutoSharing Option
26 აგვისტოს რიო დე ჟანეიროში ძიუდოისტთა მსოფლიოს პირველობა იწყება. 25 აგვისტოს გამართულმა წილისყრამ კი ჩვენებურთა მეტოქეები გამოავლინა.

გაუმართლა ამირან პაპინაშვილს (60), რომელიც ქართველთაგან პირველი იასპარეზებს (ტურნირი თბილისის დროით საღამოს დაიწყება) - რეიტინგის რამდენიმე ლიდერის გამოკლებამ მას ფინალამდე ააცილა უხერხული მეტოქეები - ყაზახი იელდოშ სმეტოვი და რუსი ბესლან მუდრანოვი (იაპონელი ნაოჰისა ტაკატო და ბრაზილიელი ოლიმპიური პრიზიორი ფელიპე კიტადაი ისედაც ცდებოდნენ).

ყაზახი მის ჯგუფში მაინცაა, ოღონდ - აშხატ ტელმანოვი. სხვათაგან გამოსარჩევია უხერხული სტილით ცნობილი სომეხი ევროპის მედალოსანი ჰოვანეს დავთიანი და აზერბაიჯანელი მსოფლიოს
პრიზიორი ილგარ მუშკიევი, მაგრამ ეს სამეული ჩვენებურს მეოთხედფინალამდე ვერ შეხვდება (სომეხი და აზერბაიჯანელი სულაც პირველ წრეში ერთმანეთში ჭიდაობენ).

ამათგან ჩვენებურისთვის ყველაზე საშიში დავთიანი გვგონია, თორემ მუშკიევს სულ უგებს. წონაში პირველ ნომრად განთესილი პაპინაშვილი თავიდან ისვენებს, მისი მეტოქე კი ზიმბაბველ ლაზარუს არუფანდიკას და თურქ აჰმეტ შაჰინ კაბას შეხვედრაში გაირკვევა.

მონღოლები - დაშდაავა და განბატი მეზობელ B ჯგუფში მოხვდნენ - სწორედ იქიდან გაირკვევა ჩვენებურის მეტოქე ნახევარფინალში.

სამაგიეროდ, ვერ ვიტყვით, რომ ლაშა შავდათუაშვილს (66) დიდად გაუმართლა - პირველ წრეში თავისუფალია და მეორეში ჩრდილოკორეელ იონ სინ ჩოეს კი ეჭიდავება, მაგრამ მის ჯგუფში არიან და მეთექვსმეტედფინალში შეიძლება შეხვდნენ ბრიტანელი კოლინ ოუტსი და უზბეკთა ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი რიშოდ სობიროვი, მერვედფინალში - რუსი ალიმ გადანოვი ან ყაზახი აზამატ მუკანოვი, მეოთხედფინალში - მოსკოვური "დიდი მუზარადისა" და პან-ამერიკის გამარჯვებული მასპინძელი ლუის რევიტე, კორეელი ჯუნ-ჰო ჩო, იაპონელი მასააკი ფუკუოკა.

თავს იმით თუ დავიმშვიდებთ, რომ ბრიტანელს ჩვენებურმა ლონდონის ოლიმპიადაზე მოუგო, სობიროვი კი ახალი გადმოსულია ამ წონაში და მარტის მერე ან არ უჭიდავია, ან - წარუმატებლად გამოვიდა.

ამის გამო მას ამ წონაში რეიტინგი არ აქვს და ამიტომ შეხვდა ჩვენებურს ასე ადრე. იმავე მიზეზით (წლეულს წონა შეიცვალა და რეიტინგით განთესილებში ვერ მოხვდა) უკრაინელთა ქართველ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ გიორგი ზანთარაიას პირველივე შეხვედრაში რეიტინგის ლიდერი მონღოლი დავაადორჯი ერგო.

ზებედა რეხვიაშვილი (73) პირველ შეხვედრას დომინიკელ ფაუსტო დივიეკასთან გამართავს.

მასთან წარმატება არ უნდა გაუჭირდეს, მერე კი, შესაძლოა, ისევ რუსი მურატ კოძოკოვი ერგოს, ვისაც აქამდე იოლად უგებდა.

ამავე ჯგუფშია ევროპის წლევანდელი სლოვენიელი ჩემპიონი როკ დრაკშიჩიც, ნახევარფინალში კი ჰოლანდიელი მსოფლიოსა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი დექს ელმონტი ელოდება, რომელიც საკმაოდ იოლ ჯგუფშია.

ნუგზარ ტატალაშვილმა (73) თავიდან, სავარაუდოდ, იოლად უნდა აჯობოს ჩილელ ტომას ბრინგასს, ამ ჯგუფში კი მონღოლი მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი ხაშბაატარ ცაგანბაატარი, ებრაელი საგი მუკი და კიდევ რამდენიმე მეტ-ნაკლებად ანგარიშგასაწევი ფალავანი მოხვდა. ვფიქრობთ, ტატალაშვილს რეხვიაშვილზე მეტად გაუმართლა.

81-შიც ორი მონაწილე გვეყოლება და ორივე განთესილი, ოღონდ ერთმანეთს ფინალამდე არ შეხვდებიან.

ავთანდილ ჭრიკიშვილი პირველ წრეში თავისუფალია, მისი მეტოქე კი ბელორუსი ალექსანდრ სტიაშენკასა და ლატვიელი კონსტანტინს ოვჩინიკოვსის პაექრობაში გაირკვევა - ჩვენებურს ორივესთან დადებითი ბალანსი აქვს.

იმავეს ვიტყვით კანადელ თანაჯგუფელზე, ოლიმპიურ პრიზიორ ანტოინ ვალოის-ფორტიერზე.

მეტიც - ჯგუფში ჭრიკიშვილს განსაკუთრებულად ძლიერი და დაუძლეველი არავინ ჰყავს. დიდად არც ლევან წიკლაური გაუწირავს წილისყრას, თუმცა მის ჯგუფში იაპონელი კეიტა ნაგაშიმაა. ასევეა ხორვატი ევროპის ვერცხლისმედალოსანი ტომისლავ მარიჯანოვიჩი, ვისთანაც ჩვენებური ევროპირველობაზე დამარცხდა, თუმცა მერე რევანში კი აუღო. თან, მათ მხოლოდ მეოთხედფინალში შეხვდება, ხოლო იქამდე მისვლა არ უნდა გაუჭირდეს, ტრავმამ თუ არ შეუშალა ხელი. წიკლაური ტურნირში მეორე წრიდან ჩაებმება ჩეხ იარომირ მუსილთან შეხვედრით.

მოლოდინისამებრ, ვალერი ლიპარტელიანს (90) ნახევარფინალში რუსი კირილ დენისოვი "ჩაუჯდა", თვითონ კი რთულ ჯგუფში არაა - აქ ყველაზე გამოსარჩევი ფრანგი ლუდოვიკ გობერი და ბრაზილიელი ედუარდო სანტოსი არიან (ესეც უფრო მასპინძლობის გამო).

ლიპარტელიანი თავიდან ისვენებს, მერე კი, შესაძლოა, გობერის შეხვდეს, მანამ ამან ვენესუელელ მერვინ როდრიგესთან სენსაცია თუ არ შემოგვთავაზა.

თავიდან ლომერ ჟორჟოლიანიც (100) ისვენებს, მასთან შესახვედრად კი ანგოლელი და კამერუნელი იჭიდავებენ.

სხვებთან ერთად ამ ჯგუფში მასპინძელთა მსოფლიოს ჩემპიონი ლუსიანო კორეა და ფრანგი სირილ მარეც მოხვდნენ, ოღონდ ჩვენებურამდე ისინი ერთმანეთს ხვდებიან.

ნახევარფინალში ადამ ოქრუაშვილსაც (+100) რეიტინგით "დაგეგმილი" ფრანგი ტედი რინერი ერგო, დიდად გამართლებულს კი ვერც ჯგუფურ წილისყრას დავარქმევთ - აქ რუსთა მსოფლიოს სამგზის გამარჯვებული, ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი ალექსანდრ მიხაილინი და კორეელთა ტანდაბალი "კერკეტი კაკალი" გუჰამ ჩო მოხვდნენ.

ოქრუაშვილი თავიდან სამოელ დერეკ სუას ხვდება, მერვედფინალში კი პოლონელი მაციეჟ სარნაცკი ან ანგოლელი დენის სილვა ელოდება.

ამათი გავლა არ უნდა გაუჭირდეს, მაგრამ ვნახოთ, ჯგუფის ქვედა ნაწილიდან ვინ ამოძვრება მეოთხედფინალში ჩვენებურთან შესახვედრად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
კაი თუ ძმა ხარ... ლაშა ის კაცია თუ მზადაა ყველას რომ კაცურად დახვდება, წინასწარ რად უნდა ვიშვიში, გავა და მოიგებს... წარმატებები ბიჭებო, ორი ოქროთი ვიწყებთ :)
PARFIUMER
13:45 26-08-2013
0
ჩემპიონი იმას ნიშნავს, რომ ყველას უნდა მოუგოს. შენზე უკეთესი თუ არი ვინმე არ გაგიმართლა რსა შუაშია. გამართლება რად უნდა ტრიუმფით გაიარა ლონდონის ოლიმპიადა და აქაც ეგრე გამოვა ყველას გვჯერა. მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონია ბიჭი და ფავორიტიც ლაშაა.
levani
13:57 26-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული