ავთანდილ ჭრიკიშვილი და ლევან წიკლაური 29 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონატზე იჭიდავებენ

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში ქალთა და ვაჟთაგან 29 აგვისტოსაც თითო წონა იჭიდავებს - 57 და 81 კილოგრამები.

ჩვენ კი კვლავაც ორი კაცი გვეყოლება საქომაგო - ევროპის წლევანდელი ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი და ევროპის მესამე პრიზიორი ლევან წიკლაური.

ორივე განთესილთა შორისაა - ჭრიკიშვილი სულაც მსოფლიოს რეიტინგის მეორე ნომერია, ხოლო წიკლაურმა, რადგან არ ჭიდაობს უძლიერესი კორეელი, მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიური ჩემპიონი ჯაე-ბუმ კიმი, ერთი ადგილით წინ წაიწია და ტურნირზე მეექვსეა.

ამით ჩვენებურები ბადის სხვადასხვა მხარეს მოხვდნენ, თორემ ადრინდელი განლაგებით, მათი გზები ადრევე იკვეთებოდა.

პირველ
წრეში ორივე ქართველი ისვენებს, მეორეში კი ჯერჯერობით მხოლოდ წიკლაურის მეტოქეა გარკვეული - ჩეხი იარომირ მუსილი. ისინი მხოლოდ წლეულს შეხვდნენ ერთმანეთს - ორჯერ და ორივეჯერ ქართველმა იმარჯვა - დიუსელდორფში, "დიდ პრიზზე" და ბაქოს "დიდ მუზარადზე".

მასთან წარმატების შემთხვევაში ჩვენებური მონღოლ უუგანბაატარ ოტგონბაატარსა და ჩინელ ვენტაო ჭანს შორის მოგებულს შეხვდება. სავარაუდოდ, ეს მონღოლი იქნება, რომელსაც წიკლაური არ შეხვედრია.

აი, ამ წრესაც თუ გაივლის, მეოთხედფინალამდე არ უნდა გაუჭირდეს, რადგან იქამდე ნაკლებად ცნობილი ამერიკელის გარდა, ისეთი არასაჭიდაო ქვეყნების წარმომადგენლებს შეხვდება, ავსტრალია, ანგოლა, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა და ახალი ზელანდია რომ არიან.

მეოთხედფინალში მის სავარაუდო მეტოქეთა შორის იაპონელი აზიის ვიცე-ჩემპიონი კეიტა ნაგაშიმა და ხორვატი ევროპის ვიცე-ჩემპიონი ტომისლავ მარიჯანოვიჩი არიან. ნაგაშიმასთან წიკლაური წლეულს მასტერსზე დამარცხდა, მარიჯანოვიჩს კი 4 პაექრობიდან 3 მოუგო. ის ერთიც ევროპის წლევანდელ პირველობაზე დათმო, თუმცა რევანში მალევე აუღო ბაქოს "მუზარადზე".

ევროპის ჩემპიონი ჭრიკიშვილი უფრო იოლ ჯგუფშია. ის თავიდან ისვენებს, მასთან შესახვედრად კი ბელორუსი ევროპის ვიცე-ჩემპიონი ალექსანდრ სტიაშენკა და ლატვიელი ევროპის პრიზიორი კონსტანტინ ოვჩინიკოვსი იჭიდავებენ.

ბელორუსს ქართველმა 4-დან ბოლო სამი პაექრობა მოუგო, ლატვიელმა კი შარშან ევროპის პირველობაზე ბრინჯაოს მედალი დაათმობინა - ეს მათი ერთადერთი შეხვედრაა.

ამათ გარდა, ჩვენებურს მერვედფინალამდე ღირებული მეტოქე არც ჰყავს, იქ კი მეტ-ნაკლებად ცნობილთაგან ვინ შეიძლება დაუპირისპირდეს? კანადელი ოლიმპიური პრიზიორი ანტოინ ვალოის-ფორტიერი (+2, ორივე შეხვედრა წლეულს მოუგო), გერმანელი სვენ მარეში (-2), ფრანგი ალაინ შმიტი (ჯერ არ შეხვედრია) და ამერიკელი ტრევის სტევენსი (+2,-1).

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში: უმედლობა და შეცდომები გრძელდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული