ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველებმა 5 მედალი მოიპოვეს

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრებმა შთამბეჭდავად იჭიდავა კვირას სარაევოში დასრულებულ თანატოლთა ევროპის პირველობაზე - სამივე წონის ფინალში გვყავდა მონაწილე.

სამიდან ორში ოქრო მოვიპოვეთ; ჯამში 6 კაციდან 4-მა მედალი ირგუნა. გია გუგავას შეგირდებიდან ჩემპიონები ჭაბუკთაგან გადმოსული ტალანტები - ბექა ღვინიაშვილი (90) და გურამ თუშიშვილი (100) გახდნენ.

ანალოგიურ წარმატებამდე მხოლოდ ერთი გამარჯვება დააკლდა ლევან მატიაშვილს (+100), ხოლო მესამეზე გიორგი ზაქარიაძე (+100) გავიდა. ამ მონაგარს შაბათს ლევან გუგავას (73) მიერ მოპოვებული მეორე ადგილიც უნდა დავუმატოთ და, ამდენად, ჩვენმა ნაკრებმა სარაევოში გამოსვლა 5 მედლით
დაასრულა - 2-2 ოქრო-ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

ჩვენებს კიდევ ორი ბრინჯაოს მოპოვებაც შეეძლოთ, მაგრამ ლუხუმ ჩხვიმიანი (60) და თორნიკე ოთინაშვილი (100) დამამშვიდებლის ფინალში დამარცხდნენ და მეხუთეზე დარჩნენ. მთლიანობაში, ჩვენი 10-კაციანი გუნდიდან მედლამდე 7 მივიდა. ჩვენი ბიჭები საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორეზე გავიდნენ, იმის მიუხედავად, რომ ამჯერად გოგოები არ გვყავდა (მათ რუსებმა გაუსწრეს სწორედ გოგოების მედლების ხარჯზე), ხოლო ცალკე ბიჭებში პირველები არიან. „ქართველი ბიჭების სპრინტი და სამი მედალი მესამე დღეს“ - ასე დაასათაურა თავისი წერილი ევროპის ძიუდოს კავშირმა.

ღვინიაშვილმა და თუშიშვილმა ტურნირზე ყველა შეხვედრა წმინდად მოიგეს, იპონებით, თუმცა თუშიშვილმა ერთით ნაკლები პაექრობა ჩაატარა - ოთხი. ღვინიაშვილმა ფინალში 2 წუთში ამ ტურნირის შარშანდელი ჰოლანდიელი ვიცე-ჩემპიონი მიხაილ კორელი შებოჭა, მანამდე კი შარშანდელი ევროპირველობის კიდევ ერთი ჰოლანდიელი მედალოსანი, ოღონდ მესამე პრიზიორი მაქს დე ვრეეზე და პორტუგალიელი ცელიო დიასი გამოაგდო, რომელმაც აგვისტოში ბრაზილიაში უფროსთა მსოფლიოს პირველობის მეოთხედფინალიდან კინაღამ რუსი ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს მედალოსანი კირილ დენისოვი დაიფრინა.

თუშიშვილმა გამარჯვება საეჭვო მხოლოდ ფინალში გახადა, როცა ფრანგ ნაბილ მაჩტროსთან ვაზარი ვერ შეინარჩუნა და მეტოქეს კონტრილეთით ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა, მაგრამ მალევე ყველაფერი თავის ადგილას დააყენა, როცა ფრანგი მშვენიერი ბრუნით იპონზე გაისროლა.

მატიაშვილს შარშან მოპოვებული ევროპის ჩემპიონის ტიტულის შესანარჩუნებლად 20-იოდე წამი დააკლდა, თუმცა იმ მომენტში რუს ანტონ კრივობოკოვსაც გაუმართლა, იმდენად მარტივად გამოცელა იუკოზე. რუსმა ნახევარფინალში ზაქარიაძეც დაგვიმარცხა და ქართული ფინალი ჩაშალა. ზაქარიაძემ მაინც სასიამოვნოდ გაგვაოცა, ხოლო ბრინჯაოსთვის პაექრობაში ლამაზი წერტილი დასვა, როცა ფრანგი ნაბილ ზალაგი უზადო მოგვერდზე წამოიღო.

ასევე იხილეთ:
ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის პირველობაზე დღეს 6 ქართველი იბრძოლებს
მკითხველის კომენტარები / 2 /
ყოჩაღ ბიჭებო!
100 კილოში თუშიშვილი მე მგონი მოგვიხსნის პრობლემებს უფროსებში. მატიაშვილი ძალიან მომეწონა, ღვინიაშვილი ხომ მაგარია, თუმცა ძალიან რისკზე მიდის ხოლმე, ლიპარტელიანის მინუსიც იყო ეს ადრე, მაგრამ გამოასწორა
რომანი
10:42 23-09-2013
0
ყოჩაღ ბიჭებო!
100 კილოში თუშიშვილი მე მგონი მოგვიხსნის პრობლემებს უფროსებში. მატიაშვილი ძალიან მომეწონა, ღვინიაშვილი ხომ მაგარია, თუმცა ძალიან რისკზე მიდის ხოლმე, ლიპარტელიანის მინუსიც იყო ეს ადრე, მაგრამ გამოასწორა
რომანი
10:44 23-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული