მათი წარმატების გვირგვინი მსოფლიოს გუნდურ ტურნირში გამარჯვება აღმოჩნდა, რამაც სლოვენიაში, მსოფლიოს პირად-გუნდურ ჩემპიონატში, ექოსავით დაიქუხა. ძლიერი ჭიდაობით იქ ჩვენებმა დაამტკიცეს, რომ ეს მომავლის გუნდია და დარწმუნებული ვართ, ეროვნულ ნაკრებში ბევრსაც დაუფრთხეს ძილი - ეჭვიც არაა, ამათგან ზოგიერთი ნამდვილად იასპარეზებს რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე. გუგავასაც ამ ინტერვიუში მსოფლიოს ჩემპიონატის გამორჩეულ
- გუნდური ტურნირის ფინალით დავიწყოთ, სადაც ბერძნებს საწყის სამ წონაში ძალიან ძლიერები ჰყავდათ... რით გაანეიტრალეთ მათი ეს კოზირი?
- ბერძნებს ქვედა წონებში ევროპისა და მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონები ჰყავდათ, ჯგუფიდან კი იაპონია და კორეა გააგდეს. ჰოლანდიაც, მაგრამ იმათთან შედარებით, ამათზე აღარაა ლაპარაკი. ძირითადად სწორედ იმ სამი კაცით იგებდნენ. ერთი შეხედვით, ისინი აუღებელ ციხე-სიმაგრედ ჩანდნენ, მაგრამ ასე არც მე ვფიქრობდი და არც - ბიჭები. არც ერთს არ უფიქრია, რომ ამ პაექრობას დავთმობდით. ვერავის გამოვარჩევ იმ ხუთეულიდან, რომელმაც სტაბილურად იჭიდავა - ნებისმიერი მათგანი მხოლოდ დადებითად შემიძლია, დავახასიათო. აგრეთვე - ფრიდონ გიგანი.
- რომელიც თქვენი კოზირი აღმოჩნდა. რომან მასტოპულოსთან საჭიდაოდ, რატომ ამჯობინეთ ის ლევან გუგავას, რომელიც ცუდად არ ჭიდაობდა?
- გიგანი ფინალისთვის შემოვინახეთ, მანამდე კი იმიტომ არ გამომიყენებია, რომ გუგავაც იგებდა. არჩევანი მათი საჭიდაო სტილიდან გამომდინარე გავაკეთე - მასტოპულოსი სულ ზევიდან ჭიდაობს, მუდმივად გაწუხებს, ამას კი კისრულები ეხერხება. გიგანს ადრეც დაუმარცხებია ის. თან დასვენებული იყო. ამ სამი წონიდან ერთ-ერთში უნდა მოგვეგო, თორემ ღვინიაშვილისა და მატიაშვილის გამარჯვებებში დარწმუნებული ვიყავი. საბოლოოდ სამიდან ორში ვიმარჯვეთ, რაც მებრძოლმა და ჟინიანმა ხასიათმა განაპირობა. ბიჭებმა დარბაზი აიყოლიეს, ისე კარგად ჭიდაობდნენ. საერთოდ, გუნდური ნამდვილი სანახაობა გამოდგა. ჩვენების შემხედვარემ მეც ვისიამოვნე.
ასევე იხილეთ: ბექა ღვინიაშვილი: არ მგონია, ვალერი ლიპარტელიანთან საპაექროდ ვიყო მზად
- უშანგი მარგიანი პირადში არ დააყენეთ, გუნდურში კი ყველა შეხვედრა მოიგო...
- მარგიანი მხოლოდ გუნდურისთვის წავიყვანეთ და წელში გატეხა რუსეთის ნაკრები. ბერძნებთანაც პრინციპული შეხვედრა მოუგო ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ ალექსიოს ნტანაციდისს, მაგრამ იმათთან გიგანის წარმატების შემდეგ გამარჯვება გარანტირებული იყო, რადგან ზედა წონებში მაინც გავიმარჯვებდით, აი, რუსთან რომ წაეგო, მაშინ მეტოქე დაწინაურდებოდა და მძიმე წონაშიც გაგვიჭირდებოდა. თან, რუსებთან ევროპის ჩემპიონ ასლან ლაპინაგოვს ეჭიდავებოდა.
- ევროპის ჩემპიონატზე ნაჭიდავებ გუნდს რომ ადარებთ მსოფლიოსას, სრულად შეასრულეთ დასახული გეგმა?
- ეს ორი ტურნირი ძალზე ახლოა ერთმანეთთან - ერთთვიანი შუალედია, დროის ასეთ მცირე მონაკვეთში კი ძალზე ძნელია, ორჯერ შეხვიდე პიკში. ერთხელ რომ დაიჭერ ფორმას, მერე უნდა შეინარჩუნო, თორემ იმის დრო აღარაა, მოეშვა და მერე ისევ შეხვიდე ფორმაში. სეზონის დასაწყისიდანვე ისე ვემზადებოდით, რომ პიკში მსოფლიოზე უნდა შევსულიყავით, ევროპა კი მისთვის მოსამზადებელი ეტაპი იქნებოდა.
ვფიქრობ, მსოფლიოზე უფრო ფსიქოლოგიური გადაღლა იყო - სულ შეკრებები, ტურნირის მოლოდინი, განცდა... თან ასაკიც გასათვალისწინებელია - ჯერ კიდევ მოზარდები არიან, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ნორმალურად გამოვედით. თუ ვინმემ წააგო, უფრო იმ დაძაბულობით და არა - ცუდი ფიზიკური მომზადებით ან სხვა საჭიდაო ასპექტებით.
მაგალითად, გურამ თუშიშვილი მედლის კანდიდატი იყო, მაგრამ ფეხის არასწორად ჩადგმისთვის მოხსნეს. ვფიქრობ, აღარ ეყო ნერვები, ვერ მოთოკა თავი და უაზროდ გააკეთა ის მოძრაობა... ასევე გულდასაწყვეტი იყო ზაქარიაძის წაგებაც, რაც ასევე გადაღლილობის ბრალი მგონია. თან, ამ წონაში წილისყრამაც არ გაგვიმართლა, ჩვენები ერთ ჯგუფში მოხვდნენ.
- მძიმე წონაში რუსი ანტონ კრივობოკოვი სტაბილურად გვიგებს. რა ტაქტიკით შეიძლება მისი განეიტრალება?
- მატიაშვილთან მისი შეხვედრების ისტორია ასეთია - შარშანწინ რუსმა დამატებითში მოუგო. ევროპის წლევანდელ პირველობაზე მათ შეხვედრას სხვა დატვირთვა ჰქონდა - გუნდურის ბედს წყვეტდა და როგორც მერე თვითონ ლევანმა მითხრა, აფორიაქებული იყო, მსაჯების ზეწოლისა ეშინოდა და ამიტომ ვერ დაალაგა ჭიდაობა. ნამდვილად გვეგონა, რომ მსოფლიოზე უკეთესი შედეგი გვექნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.
ასევე იხილეთ: მომავლის გუნდი - უფროსებისგან გადაბარებული ესტაფეტა
ამ თემაზე ბევრი სამუშაოა, ანალიზი უნდა გავაკეთოთ. მისი ჭიდაობის ფირები გვაქვს, ჩავუჯდებით და შევიმუშავებთ ტაქტიკას. კრივობოკოვს კარგი ფიზიკური მონაცემები აქვს - წონით დიდია, რასაც ეფექტურად იყენებს: ხელები თუ კარგად უჭირავს, შემოგიშვებს და მერე ან წინ უნდა დაგატრიალოს, ან - უკან.
ევროპის შემდეგაც ვმუშაობდით მასზე, ზაქარიაძესაც ვამზადებდით, რომელმაც გერმანიაში სუფთად მოუგო, ისე დაახეთქა, მაგრამ წლეულს ევროპაზე გაფრთხილებებით რუსმა იმარჯვა. ამჯერად მატიაშვილს დავავალეთ, ხელი გაეთიშა, რომ მაშინდელივით არ გაეჩერებინა. ხელი კი გაუთიშა, მაგრამ კრივობოკოვმა ახლა უკნიდან გამოცერა. ერთი
სიტყვით, გვაჯობა, მოერია ჩვენს მძიმე წონოსნებს, რაც მეტ მუშაობას გვავალებს. ფაქტია, რომ რუსი ნიჭიერია, არ იგებს შემთხვევით. ჩვენები ყველას უგებენ - იმავე რუსებს, იაპონელებს, მონღოლს, ბრაზილიელს, მაგრამ ამას ვერაფერი მოუხერხეს. კიდევ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ და მეტი ანალიზი გავაკეთოთ. ფიზიკურად მართლაც კარგადაა მომზადებული. მატიაშვილმა მითხრა, მკლავებში იმხელა ძალა აქვს, მღლისო - ეტყობა, კარგადაა ნავარჯიშები. რომ შეხედავ, ასეთი განსაკუთრებული არაფერი ეტყობა, მაგრამ ძალიან ძნელი წასაქცევია - გდებას არ უშვებს, მოძრავია, წონასთან შედარებით ფეთქებადი ძალაც აქვს...
- ზაქარიაძის წაგება ახსენეთ, რაც მართლაც გულდასაწყვეტი იყო, მაგრამ ბრაზილიელი რუან სილვა ორჯერ ძალიან იოლად შეუშვა ილეთზე... ჩვენებურს თითქოს კონცენტრაცია აკლდა.
- მედალთან რაც უფრო ახლოს მიდიხარ, დატვირთვაც იზრდება. ფსიქოლოგიურად მდგრადია - ნამდვილად არაა მშიშარა, მაგრამ განცდა და ღელვა ყველას ახასიათებს. არავინ თქვას, რომ არ განიცდის და არ ფიქრობს მომავალ შეხვედრაზე.
მაშინ ბექა ღვინიაშვილი უნდა იყო, რომელიც რაც უფრო ახლოს მიდის მედალთან, ჟინიც მით უფრო ემატება და თვალებიც ემღვრევა ჭიდაობის სურვილისგან. ზაქარიაძე კარგი ბიჭია, მაგრამ რაღაც მომენტში გამოეპარა მეტოქის მოძრაობა. ეს რომ პირველი შეხვედრა ყოფილიყო, მოიგებდა, გადამწყვეტი პაექრობა კი ცოტა ძნელია.
- საინტერესოა, ღვინიაშვილის გამოსვლაზე როგორც თქვენი, ასევე უცხოელი სპეციალისტების შეფასებები, რაც აუცილებლად იქნებოდა.
- მან მსოფლიოს ჩემპიონატზე პირადსა და გუნდურში ჯამში 9 შეხვედრა ჩაატარა და ყველა წმინდად მოიგო - ამის მეტი რაღა უნდა ვილაპარაკოთ! კარგი გაგებით - არანორმალური მონაცემების მოჭიდავეა.
თან ყველა ასპექტში მაგარია - ტექნიკა, ფიზიკური, ფსიქოლოგიური მომზადება... შედეგად, გუნდში მოტორივითაა - მისი შემხედვარე, ყველა მშვიდადაა. ეს ყველაზე უფრო გუნდურში იგრძნობა. კი, იქ ჩვენც ვესაუბრებოდით მათ, რომ იქ სამშობლოსთვის ვჭიდაობთ და ეს პირად ინტერესზე მეტია; რუსებთან მშვენივრადაც განვეწყეთ, მაგრამ მას რომ ვუყურებ, როგორც მწვრთნელს, სხვა ხასიათზე მაყენებს, მსიამოვნებს მისი ცქერა.
ერთი წამით არ ფიქრობს იმაზე, რომ ვინმესთან არ წაიქცეს, არ წააგოს, არ აქვს მსგავსი განცდები.
პირიქით - სულ იმაზე ფიქრობს, როგორ მოუგოს, როგორ დაახეთქოს, როგორ წააქციოს... მასში მხოლოდ ეს ერთი მხარეა, ის მეორე კი - არა. წესით, ისიც უნდა ჰქონდეს, მაგრამ - არა.
თუმცა, არც ეს ვარგა და ხშირად ვესაუბრები, რომ ზედმეტი თავდაჯერება კარგი არაა. წინა წლებში მას ჰქონდა ამის მწარე გამოცდილება, მაგრამ წლეულს ერთი ზედმეტი მოძრაობა არ გაუკეთებია. ერთი სიტყვით, გვარს ამართლებს - დაღვინდა უკვე.
ღვინიაშვილი საჭიდაოდ რომ გადის, მთელი დარბაზი მას უყურებს, მსაჯები სხვა ტატამებიდანაც კი აქეთ იყურებიან. ასეთი რამე ზვიადაურების - ზურას და ჯარჯის ჭიდაობისას ხდებოდა და ისეთივე აურა აქვს ამასაც.
- თუმცა გუნდურში ზოგიერთ შეხვედრაში ფიზიკურად ცოტა გაუჭირდა...
- ბოლო შეკრებაზე ღვინიაშვილსაც, თუშიშვილსაც და კიდევ რამდენიმეს გრიპის ვირუსი შეეყარათ და ეს ამის ბრალია. თან, ცუდი მოჭიდავე არც ის რუსი რამაზან მალსიგენოვია. მასთან აგებდა კიდეც, მაგრამ საბოლოოდ აჯობა, თუმცა ამან დიდი ენერგია წაიღო. შეხვედრის შემდეგ მალსიგენოვმა უთხრა, ძლიერი ხარ, მაგრამ სხვა დროს მე მოგიგებო.
- ევროპის ვერცხლისა და მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსანი ლერი ჭელიძე გადავა 60 კილოგრამში თუ დარჩება 55-ში? ან სხვებიც ხომ არ შეიცვლიან წონას?
- არა, ჭელიძე აუცილებლად გადავა 60-ში. ასევე - გუგავაც. ჭელიძე ძალიან ნიჭიერი სპორტსმენია, მაგრამ როგორც ვიცი, ოჯახური პრობლემების გამო სპორტისთვის ვერ იცლიდა - ცოლი მოიყვანა, შვილიც შეეძინა და ვარჯიშს სათანადო დროს ვერ უთმობდა. მისი შესაძლებლობები კარგად ვიცი, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე წაყვანა არ იქნებოდა მიზანშეწონილი. აი, მსოფლიოსთვის კი რომ შევხედე, შევიდა ფორმაში, წავიყვანე და იმედებიც გაგვიმართლა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"