გარკვეულწილად, ეს არცაა გასაკვირი, რადგან არაბულ საამიროებში ირაკლი უზნაძემ ძირითადად ახალგაზრდები და სათადარიგოები წაიყვანა გამოცდილების მისაღებად. ამიტომ შედეგიც შესაბამისია.
22 ნოემბერს მოჭიდავე კვარტეტიდან თითო ბრძოლა მოიგეს ვაჟა მარგველაშვილმა (66) და ზურაბ ნოზაძემ (73), ლერი ჭელიძე (60) და გიორგი ქალდანი (66) კი პირველივე შეხვედრაში დამარცხდნენ.
ახალგაზრდებში ევროპის შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი და მსოფლიოს წლევანდელი მესამე პრიზიორი ჭელიძე საქართველოს პირველობის შემდეგ მეორედ
ასევე პირველივე ბარიერს შეასკდა ქალდანიც - მონღოლ ალტანსუკ დოვსდოონთან წმინდად წააგო.
ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი მარგველაშვილი პირველ წრეში იოლად, იპონით გაუსწორდა ამერიკელ მიშაელ ვალენტინეს, მაგრამ მერე რუსთა ევროპის ჩემპიონ ალიმ გადანოვთან ასევე წმინდად დამარცხდა.
ვფიქრობ, ამ კვარტეტიდან ყველაზე გუილდასაწყვეტი ნოზაძის მარცხი იყო. მან თავიდან რუმინელი ფლორიან რობერტ პაპი დაჯაბნა - ჯერ იუკო აართვა, მერე კი სუფთადაც დააგდო, მეორე შეხვედრაში კი მასპინძელთა მოლდოველ ვიქტორ სკვორტოვთან გაფრთხილებებით წააგო.
რბილად რომ ვთქვათ, ეს გაფრთხილებები მსაჯის ნამუსზეა... განსაკუთრებით - ბოლო, მაგრამ მასპინძლებმა ერთი წლის წინ იმდენი ფული გადაიხადეს, მთელი მოლდოვას ნაკრები იყიდეს, ამ ერთი შეხვედრის მოკვარახჭინება რომ გასჭირვებოდათ.
თუმცა ნოზაძესაც შეეძლო, ცოტა სხვანაირად და ცოტა უკეთ ეჭიდავა - უკვე მეორე წუთიდან მეტოქეს დაღლა დაეტყო და ოდნავ ტემპის მომატება ქართველს წარმატებას მოუტანდა. ვფიქრობთ, მას ზედა წავლებაზეც მეტი აქცენტი უნდა გაეკეთებინა და მეტოქე ამგვარად დაეტვირთა, რაც აუცილებლად მოუპოვებდა გაფრთხილებებს. მწვრთნელიც ამისკენ მოუწოდებდა, მაგრამ ნოზაძე უფრო ხშირად მაჯაზე უღებდა ჩავლებას, ისიც - ცალი ხელით და ვერც სათანადო გაგრძელებას ახერხებდა. არადა, ის კარგი ფიზიკური მომზადებით გამოირჩევა და ახლაც მკვეთრად აღემატებოდა მასპინძელს.
* * *
23 ნოემბერს აბუ დაბიში კიდევ ორი ჩვენებური იჭიდავებს - პაატა ღვინიაშვილი (90) და როსტომ ხახალეიშვილი (+100).
ღვინიაშვილი თავიდან ჰოლანდიელ ნოელ ვან ტ ენდეს ხვდება, ამათში მოგებულს კი უზბეკი შერალი ჯურაევი ელოდება.
ხახალეიშვილის პირველი მეტოქე ალჟირელი ბილალ ზოუანია, მასთან მოგების შემთხვევაში კი გერმანელ ანდრე ბრაიტბარტს დაეჭიდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"