საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: ძიგორო კანოს ტურნირზე მცირე გუნდით

AutoSharing Option
29 დეკემბერს ტოკიოში ძიგორო კანოს მემორიალი იწყება. პირველ დღეს ჩვენგან მხოლოდ ლუხუმ ჩხვიმიანი (60) იჭიდავებს, რადგან 66-ში მონაწილე არ გვეყოლება.

ჩხვიმიანი პირველ წრეში ჰონგკონგელ იუკ ტინ ლეეს ხვდება, მასთან წარმატების შემთხვევაში კი კორეელთა წლევანდელ მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსან ვონ ჯინ კიმისა და ბრაზილიელ ერიკ ტაკაბატაკეს შორის მოგებულს შეხვდება. ამავე ჯგუფშია კიდევ ერთი ანგარიშგასაწევი ფალავანი - მონღოლი ბოლდბაატარ განბატი, ვინც წლეულს მსოფლიოზე ბრინჯაოსთვის პაექრობა სწორედ კიმთან წააგო. ამ ჯგუფშია მასპინძელთა დებიუტანტი იუმა ოშიმაც.

შაბათს 73-ისა და 81-ის ფალავნები იჭიდავებენ. ფრიდონ გიგანი (73) პირველსავე
წრეში უძლიერეს მასპინძელს, ოლიმპიადის ვიცე და მსოფლიოს ჩემპიონ რიკი ნაკაიას დაეჭიდება...

81-ში ჩვენი ორივე ფალავანი პირდაპირ მეორე წრეშია დაშვებული, იქ კი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, ევროპის წლევანდელი გამარჯვებული ავთანდილ ჭრიკიშვილი ისლანდიელ იურა სვაინბორნს ხვდება, უშანგი მარგიანი - ყაზახ დაულეტხან ჟაკიპოვს.

ჭრიკიშვილის ჯგუფში სიძლიერით ისევ ახალგაზრდებში ბერძენთა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ ალექსიოს ნტანაციდისს და მასპინძელ ტაკანორი ნაგასეს თუ გამოვარჩევთ, ოღონდ თან ისიც გავიხსენოთ, როგორ მოუგო ბერძენს მარგიანმა ახალგაზრდებში მსოფლიოს გუნდურ პირველობაზე.

თავად მარგიანი უფრო ძლიერ ჯგუფშია - იაპონელთა აზიის ვიცე-ჩემპიონი კეიტა ნაგაშიმა, ამერიკელი ტრევის სტევენსი, შვედი რობინ პაჩეკი და პოლონელი ტომას სზცზეპანიკი - ახალგაზრდა ქართველისთვის ყველა საჯილდაო ქვაა.

კვირას დანარჩენი სამი წონის ფალავნები იასპარეზებენ. 90-ში ვალერი ლიპარტელიანი პირველ წრეში თავისუფალია, მაგრამ საკმაოდ ძლიერ ჯგუფშია. მისი თავდაპირველი მეტოქე იაპონელი ჰიროტაკა კატოსა და შვედი იოაკიმ დვარბიხის (ამას ჩვენებურმა აგვისტოში მსოფლიოზე მოუგო) შეხვედრაში გაირკვევა, მეოთხედფინალის სავარაუდო მეტოქედ კი წინა კვირას აბუ დაბის "დიდი პრიზის" ჰოლანდიელი ფინალისტი ნოელ ვან ტ ენდიცაა.

ალექსანდრე მსხალაძეს (100) წილისყრამ თავიდან იაპონელი მსოფლიოს ორგზის ბრინჯაოსმედალოსანი (ოღონდ - ქვედა წონებში) ტაკაში ონო არგო. მძიმე წონაში ორი ჩვენებური იასპარეზებს.

ლევან მატიაშვილის პირველი მეტოქე მასპინძელთა ლიდერი, ქვეყნის ორგზის გამარჯვებული რიუ შიჩინოეა.

გიორგი ზაქარიაძე ჯერ გერმანელ სვენ ჰაინლეს ეჭიდავება, წარმატების შემთხვევაში კი მასაც იაპონელი მასარუ მომოსე ელოდება.

ტურნირის დასრულების შემდეგ ჩვენი ნაკრები იქვე ერთობლივ ვარჯიშებშიც მიიღებს მონაწილეობას, სადაც ამ ოქტეტს ამირან პაპინაშვილი (60), შალვა ქარდავა (66), ლაშა შავდათუაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (სამივე - 73), ნოდარ მეტრეველი (100) და ადამ ოქრუაშვილი (+100) დაემატებიან.

იაპონიაში საჭიდაოდ თუ შეკრებაზე ახალგაზრდული ნაკრების წევრები - ბექა ღვინიაშვილი (90) და გურამ თუშიშვილიც უნდა წასულიყვნენ, რომლებიც იაპონური შეკრებიდან უნდა გადასულიყვნენ ტოკიოში, მაგრამ რადგან ნაკრებს სწორედ იმ შეკრებაზე მომხდარი ინციდენტის გამო ნაადრევად მოუხდა სამშობლოში დაბრუნება, მათთვის ვიზების გაფორმება აღარ მოესწრო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული