ირაკლი უზნაძის გადაწყვეტილებით, ტურნირში ლუხუმ ჩხვიმიანი (60), ფრიდონ გიგანი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი (ორივე - 81), ვალერი ლიპარტელიანი (90), ალექსანდრე მსხალაძე (100), ლევან მატიაშვილი და გიორგი ზაქარიაძე (ორივე - +100) იჭიდავებენ, ხოლო ერთობლივ შეკრებაზე მათ ამირან პაპინაშვილი (60), შალვა ქარდავა (66), ლაშა შავდათუაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (სამივე - 73), ნოდარ მეტრეველი (100) და ადამ
უზნაძე თავდაპირველად აპირებდა, სატურნირო კვოტა სრულად აეთვისებინა, ანუ ყველა წონაში 2-2 კაცი დაეყენებინა. მისი გეგმით, ქარდავას, პაპინაშვილს და ოქრუაშვილს უნდა ეჭიდავათ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო მათ საშეკრებო სიაში გადაინაცვლეს (მაგალითად, ქარდავას ხელი სტკივა). ეტყობა, 73-ში ლიდერთა სამეულიდან ვერავინ მოიშუშა ტრავმა იმდენად, რომ მწვრთნელს მათი შეჯიბრებაზე გაყვანა გაებედა, უადგილოდ კი არ გარისკა.
უზნაძეს იაპონიაში ახალგაზრდული ნაკრების წევრები - ბექა ღვინიაშვილი (90) და გურამ თუშიშვილიც უნდა ეჭიდავებინა, რომლებიც თავიანთ გუნდთან ერთად ადრევე გაემგზავრნენ იაპონიაში შეკრებაზე და ტოკიოშიც იქიდან უნდა გადასულიყვნენ, მაგრამ შეკრებაზე მომხდარი ინციდენტის გამო გუნდმა ნაადრევად დატოვა ქვეყანა (იხილეთ ვრცლად). შესაბამისად, ასე ექსტერნად მათთვის ვიზების ხელახლა გაფორმება ვეღარ მოესწრო.
კანოს მემორიალი სამდღიანია, თუმცა ჩვენგან იქ ქალები არ გამოვლენ. 29 ნოემბერს ვაჟებში 60-66 კილოგრამის ფალავნები იასპარეზებენ, 30-ში - 73-81-ის, დანარჩენები კი 1-ელ დეკემბერს იჭიდავებენ. ტრადიციულად, წლევანდელი ტურნირიც ძლიერია რაოდენობრივადაც და შემადგენლობითაც - მასში 46 ქვეყნის 336 სპორტსმენი გამოდის. მათ შორის - ვაჟებში 38 ნაკრებია 187 მონაწილით.
წილისყრა და ქართველთა ხვედრი
28 ნოემბერს გამართულმა წილისყრამ ჩვენებურთა მეტოქეები გამოავლინა.
29-ში ჩხვიმიანი პირველ წრეში ჰონგკონგელ იუკ ტინ ლეეს ხვდება, მასთან წარმატების შემთხვევაში კი კორეელთა წლევანდელ მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსან ვონ ჯინ კიმისა და ბრაზილიელ ერიკ ტაკაბატაკეს შორის მოგებულს შეხვდება. ამავე ჯგუფშია კიდევ ერთი ანგარიშგასაწევი ფალავანი - მონღოლი ბოლდბაატარ განბატი, ვინც წლეულს მსოფლიოზე ბრინჯაოსთვის პაექრობა სწორედ კიმთან წააგო. აქვეა მასპინძელთა დებიუტანტი იუმა ოშიმაც.
73-ში აშკარად არ გაუმართლა გიგანს - პირველივე წრეში უძლიერეს მასპინძელს, ოლიმპიადის ვიცე და მსოფლიოს ჩემპიონ რიკი ნაკაიას დაეჭიდება... ასეთი მეტოქის შემდეგ მომდევნო შანსებზე საუბარი ცოტა ძნელია, არადა, მეორე წრეში გიგანს შეიძლება ახალგაზრდებში ბერძენთა ევროპის სამგზის ჩემპიონი, დედით ქართველი გიორგიოს აზოიდისი შეხვდეს, ვისაც, ეტყობა, ქვედა წონიდან 73-ში ამონაცვლება გადაუწყვეტია. თუმცა შეიძლება დროებითაც ჭიდაობდეს აქ.
81-ში ჩვენი ორივე ფალავანი პირდაპირ მეორე წრეშია დაშვებული, იქ კი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, ევროპის წლევანდელი გამარჯვებული ჭრიკიშვილი ისლანდიელ იურა სვაინბორნს ხვდება, მარგიანი - ყაზახ დაულეტხან ჟაკიპოვს.
ჭრიკიშვილის ჯგუფში სიძლიერით ისევ ახალგაზრდებში ბერძენთა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ ალექსიოს ნტანაციდისს და მასპინძელ ტაკანორი ნაგასეს თუ გამოვარჩევთ, ოღონდ ბერძენზე საუბრისას თან ისიც გავიხსენოთ, როგორ მოუგო მას მარგიანმა ახალგაზრდებში მსოფლიოს გუნდურ პირველობაზე. თავად მარგიანი უფრო ძლიერ ჯგუფშია - იაპონელთა აზიის ვიცე-ჩემპიონი კეიტა ნაგაშიმა, ამერიკელი ტრევის სტევენსი, შვედი რობინ პაჩეკი და პოლონელი ტომაშ შეპანიკი - ახალგაზრდა ქართველისთვის ყველა საჯილდაო ქვაა.
კვირას ვალერი ლიპარტელიანი პირველ წრეში თავისუფალია, მაგრამ საკმაოდ ძლიერ ჯგუფშია. მისი თავდაპირველი მეტოქე იაპონელი ჰიროტაკა კატოსა და შვედი იოაკიმ დვარბიხის (ამას ჩვენებურმა აგვისტოში მსოფლიოზე მოუგო, ისე კი, მანამდეც დაუმარცხებია) შეხვედრაში გაირკვევა, მეოთხედფინალის სავარაუდო მეტოქე კი წინა კვირას აბუ დაბის "დიდი პრიზის" ჰოლანდიელი ფინალისტი ნოელ ვან ტ ენდიცაა.
ალექსანდრე მსხალაძეს (100) წილისყრამ თავიდან იაპონელი მსოფლიოს ორგზის ბრინჯაოსმედალოსანი (ოღონდ - ქვედა წონებში) ტაკაში ონო არგუნა. ონოს ამბავი გასაკვირია - კარიერა 81-დან დაიწყო და 100-მდე ავიდა...
როგორც გითხარით, მძიმე წონაშიც ორი ჩვენებური იასპარეზებს, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მათ დიდად გაუმართლათ. მატიაშვილის პირველი მეტოქე მასპინძელთა ლიდერი, ქვეყნის ორგზის გამარჯვებული რიუ შიჩინოეა. მასთან ბრძოლა იოლი არ იქნება. არადა, ამ ჯგუფში ცოტა მონაწილეა - კიდევ ერთი წყვილი გამოდის მხოლოდ, რომელიც პოლონელმა დამიან ნასიადკომ და ბრაზილიელმა დავიდ მოურამ შეადგინეს. ამ დუეტის დამარცხება და ნახევარფინალში გასვლა მატიაშვილს ნამდვილად შეუძლია.
ახლა კი დაველოდოთ შიჩინოესთან შეხვედრას და გავითვალისწინოთ, რომ ახალგაზრდა ქართველს ტიტულოვანი ბრაზილიელი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი და ოლიმპიური მესამე პრიზიორი რაფაელ სილვა ჰყავს დამარცხებული.
ზაქარიაძე ჯერ გერმანელ სვენ ჰაინლეს ეჭიდავება, წარმატების შემთხვევაში კი მასაც იაპონელი მასარუ მომოსე ელოდება. ბევრი და მით უფრო, ტიტულოვანი ფალავნებით დატვირთული არც ეს ჯგუფია - დასახელებული ტრიოს გარდა, აქ მხოლოდ ტაივანელი ჰუან ვენ ვანი და სამხრეთკორეელი სოო-ვან კიმი არიან.
საყურადღებოა, რომ ტოკიოში კვლავ არ ჩასულა ამ წონის ფრანგი ვარსკვლავი, მსოფლიოს 6-გზის და ოლიმპიური ჩემპიონი ტედი რინერი... როგორც ამბობენ, მას შემდეგ, რაც 2010 წელს ისევ ტოკიოში, აბსოლუტურ წონაში მსოფლიოს პირველობის ფინალი მსაჯთა გადაწყვეტილებით (რაც მართლაც საკამათო იყო) მასპინძელ დაიკი კამიკავასთან წაგების შემდეგ დაიქადნა, რომ ტოკიოში აღარასოდეს ჩავიდოდა საჭიდაოდ. ჯერჯერობით სიტყვას ასრულებს და მას შემდეგ ტოკიოში მართლაც არ უჭიდავია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"