ძიგორო კანოს ტურნირი: მარცხიანი დასაწყისი

AutoSharing Option
ლუხუმ ჩხვიმიანმა (60) თითო მოგება-წაგებით დაასრულა გამოსვლა ტოკიოში 29 ნოემბერს დაწყებულ ძიგორო კანოს მემორიალზე.

მოლოდინისამებრ, ჩვენებურმა თავიდან იოლად დაამარცხა ჰონგკონგელი იუკ ტინ ლეე - ჯერ ვაზარი აართვა, მერე კი წმინდად მოუგო.

მეორე წრეში ქართველს მეტოქედ სამხრეთკორეელი მსოფლიოს წლევანდელი მესამე პრიზიორი ვონ ჯინ კიმი ხვდა, რაც ასევე მოსალოდნელი იყო. მას პირველ შეხვედრაში საკმაოდ გაუჭირდა იაპონური ფესვების მქონე ბრაზილიელ ერიკ ტაკაბატაკეს დამარცხება - მხოლოდ იუკოთი აჯობა.

კიმთან ვერც ჩხვიმიანი გახდა ვერაფერს, თუმცა სანუგეშოდ ის თუ გვექნება, რომ ილეთი არ გაუშვია და გაფრთხილებებით
მოხსნეს. ამით ჩვენებური ტურნირსაც გამოეთიშა, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა მასზე შეიძლება ითქვას: მოსაგები მოიგო და წასაგები წააგო.

ჩხვიმიანი წლეულს საქართველოს ჩემპიონი კი გახდა, მაგრამ ჯერ მაინც ახალგაზრდაა - 20 წლის და საერთაშორისო ტურნირებში ასპარეზობის გამოცდილებაც აკლია, მეტოქე კი სერიოზული ჰყავდა. მართალია, კიმი საბოლოოდ ფინალში დამარცხდა მასპინძელთა წლევანდელ მსოფლიოს ჩემპიონ ნაოჰისა ტაკატოსთან, მაგრამ მანამდე მონღოლებთან დამაჯერებლად იმარჯვა - ქვეჯგუფში ამ სეზონში უკვე მეორედ აჯობა წონაში ანგარიშგასაწევ ბოლდბაატარ განბატის (ამჯერადაც იპონით), ნახევარფინალში კი მძიმე ბრძოლაში მსოფლიოს წლევანდელ ფინალისტ ამარტუვშინ დაშდავაასაც დააყრევინა ფარ-ხმალი.

ტაკატომ ფავორიტის შესაფერისად იჭიდავა და ოთხივე შეხვედრა იპონით მოიგო. ამათგან ყველაზე ძნელი ნახევარფინალური გამოდგა დაშდავაასთან, რაც მსოფლიოს წლევანდელი პირველობის ფინალის გამეორება გამოდგა. როგორც მაშინ, მასპინძელმა ახლაც იპონით იმარჯვა, თუმცა მანამ ვაზარიც აართვა მეტოქეს.

კარგი სტარტი აიღო ყაზახმა იელდოშ სმეტოვმაც, რომელმაც რუსთა სახელით მოჭიდავე გორელი ვიქტორ მშვიდობაძის შემდეგ მასპინძელი ტორუ შიშიმეც დააიპონა (თუმცა ქართველს ვაზარი ამოუქაჩა) და ნახევარფინალშიც გავიდა, მაგრამ იქ იაპონელებმა დაიბრიყვეს - ჯერ ტაკატომ დააბერტყა ვაზარ-იპონზე, მერე, ბრინჯაოსთვის პაექრობაში - შინჯი კიდომაც.

არადა, ეს ჯგუფი საკმაოდ ძლიერი იყო - აქ ბრაზილიელთა ოლიმპიური ბრინჯაოს მედალოსანი ფელიპე კიტადაიც გამოდიოდა, მაგრამ პირველივე ბრძოლაში შიშიმემ გააცამტვერა - ყველა სინჯის გდება ჩაუტარა.

66 კილოგრამშიც იაპონელმა - ტომოფუმი ტაკაჯომ გაიმარჯვა, ვინც ფინალში ბრწყინვალედ დააიპონა ბრაზილიელი ჩარლეს ჩიბანა.
საერთოდ, 29 ნოემბერს ტოკიოში იაპონელთა დღე იყო - ქალებშიც სამივე წონაში მათ გაიმარჯვეს. თან - ძირითადად ახალმა კადრებმა. 48 კილოგრამში სულაც 18 წლის გოგომ - ამი კონდომ მოიგო, ვინც სპორტული გმირობა ჩაიდინა - მოქმედ ოლიმპიურსა და მსოფლიოს ჩემპიონებს მოუგო.

17-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონმა კონდომ ნახევარფინალში ოლიმპიადის მომგები ბრაზილიელი სარა მენეზესი დააიპონა, ფინალში კი ძალზე ჭკვიანურად, კომბინაციური ილეთით ბეჭებზე დასცა მონღოლი მსოფლიოს გამარჯვებული ურანცეცეგ მუნკბატი.

კონდოს ასაკს და შესაძლებლობებს თუ გავითვალისწინებთ, არაა გამორიცხული, წარმატებით შეცვალოს ამ წონის ლეგენდარული თანამემამულე რიოკო ტომურა-ტანი, ვინც 7-ჯერ მოიგო მსოფლიოს პირველობა, ორჯერ - ოლიმპიადა, კიდევ ორჯერ იჭიდავა თამაშების ფინალი, ერთხელ კი ბრინჯაოც მოიპოვა.

იაპონელ ქალთა გუშინდელი სამეულიდან ცნობილი მხოლოდ 52-ში გამარჯვებული იუკი ჰაშიმოტოა - მსოფლიოს წლევანდელი მესამე პრიზიორი, ვინც ფინალში ბრაზილიელი მსოფლიოს ასევე წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი ერიკა მირანდა დააიპონა. ალბათ, ნაე უდაკას (57) გამარჯვება უფრო მისი მთავარი თანაგუნდელის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ კაორი მაცუმოტოს არყოფნას უნდა მივაწეროთ.

ვაჟები
60 კგ. 1. ნაოჰისა ტაკატო (იაპონია); 2. ვონ ჯინ კიმი (სამხრეთ კორეა); 3. შინჯი კიდო, ტორუ შიშიმე (ორივე - იაპონია).
66 კგ. 1. ტომოფუმი ტაკაჯო (იაპონია); 2. ჩარლეს ჩიბანა (ბრაზილია); 3. დავიდ ლაროსე (საფრანგეთი), რენ მიაზაკი (იაპონია).

ქალები
48 კგ. 1. ამი კონდო (იაპონია); 2. ურანცეცეგ მუნკბატი (მონღოლეთი); 3. სარა მენეზესი (ბრაზილია), ემი იამაგიში (იაპონია).
52 კგ. 1. იუკი ჰაშიმოტო (იაპონია); 2. ერიკა მირანდა (ბრაზილია): 3. ამდრეა ჩიტუ (რუმინეთი), აი შიშიმე (იაპონია).
57 კგ. 1. ნაე უდაკა (იაპონია); 2. მარტი მალოუ (აშშ); 3. ჩრისტა დეგუჩი, ანზუ იამამოტო (ორივე - იაპონია).

* * *
30 ნოემბერ კანოს მემორიალზე სამი ქართველი იჭიდავებს.

ფრიდონ გიგანი (73) პირველსავე წრეში იაპონელ მსოფლიოს ჩემპიონსა და ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსან რიკი ნაკაიას ხვდება.

ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ვერცხლის მედალოსანი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) მეორე წრიდან ჩაებმება შეჯიბრებაში ისლანდიელ იურა სვეინბჯორნთან შეხვედრით.

ასევე მეორე წრიდან დაიწყებს ასპარეზობას ამავე წონაში უშანგი მარგიანიც - ყაზახ დაულეტხან ჟაკიპოვს დაეჭიდება.

1 დეკემბერს ტოკიოში ქართული კვარტეტი იასპარეზებს. მსოფლიოს ვიცე და ევროპის ჩემპიონი ვალერი ლიპარტელიანი (90) თავიდან ისვენებს, მისი მეტოქე კი იაპონელი ჰიროტაკა კატოსა და შვედი იოაკიმ დვარბიხის შეხვედრაში გაირკვევა.

ალექსანდრე მსხალაძეს (100) წილისყრამ თავიდან იაპონელი მსოფლიოს ორგზის ბრინჯაოს მედალოსანი (ოღონდ - ქვედა წონებში) ტაკაში ონო არგუნა, ლევან მატიაშვილს (+100) ასევე მასპინძელთა ლიდერი, ქვეყნის ორგზის გამარჯვებული რიუ შიჩინოე, გიორგი ზაქარიაძეს (+100) გერმანელი სვენ ჰაინლე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული