შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში ყველაზე წარმატებული ძიუდოს კერა სწორედ ამ კუთხეშია და ბაზაც ერთი ჩვეულებრივი სოფლის (ხელვაჩაურის რაიონი, ახალსოფელი) სასპორტო სკოლაშია.
ამას წინათ, საქართველოს ჩემპიონატზე აჭარლებმა სამი ოქროს, ერთი ვერცხლის და რვა ბრინჯაოს მედალით გუნდური პირველობაც მოიპოვეს.
ამ გამარჯვებების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი აჭარის ქალთა ძიუდოს სექციის ხელმძღვანელი, გუნდის მთავარი მწვრთნელი ნანა კირკიტაძეა. მოდით, ახლოს გავეცნოთ მას და მის საქმიანობას.
- ქალბატონო ნანა, თავდაპირველად იმაზე მოგვიყევით, თუ როგორ მოხვდით ძიუდოში?
-
მძლეოსნობით ვიყავი გატაცებული და მშობლიურ ახალსოფელში სკოლის ფიზაღზრდის მასწავლებლად ვმუშაობდი. ბავშვობიდან ენერგიული, ჯანიანი ვიყავი და ჩემს დროს ძიუდო რომ ყოფილიყო, კიმონოს უთუოდ ადრევე ჩავიცვამდი.
ამიტომ 2004 წელს ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში ქალთა ძიუდოს სექციის ამოქმედება რომ შემომთავაზეს, უყოყმანოდ დავთანხმდი. ამოქმედებაო, ვამბობ იმიტომ, რომ ცოტა ხანს ფუნქციონირებდა და გაჩერდა.
მე და კიდევ ერთი ბათუმელი მწვრთნელი ნათია აბუსერიძე ერთობლივად შევუდექით შრომას. დიდი ენთუზიაზმით გავიარე შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული მომზადება. საგულისხმოა, რომ აჭარაში მხოლოდ ჩვენთან, ახალსოფელშია დანერგილი ქალთა ძიუდო. თავს არ ვიქებთ, მაგრამ წარმატება ჩვენმა თავდადებულმა გარჯამ მოიტანა.
დავდიოდით სკოლებში და პერსპექტიულ გოგოებთან ვეწეოდით აგიტაციას. პირველ რიგში, იმას ვუსვამდით ხაზს, რომ სპორტი ჯანმრთელობაა, გარდა ამისა, ვინაიდან ცხოვრებაში არაფერია გამორიცხული, გოგონებს თავდაცვაც უნდა შეეძლოთ.
მომავალი სპორტსმენებისთვისაც წამახალისებელია პრემიალური ჯილდოები, რასაც ბოლო წლებში ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლება წარმატებული ძიუდოისტებისთვის გასცემს.
- და მაინც, დარბაზში მოსვლისგან ბევრი იკავებს თავს?
- მართლია, ზოგი უარობს, მაგრამ მრავალგზის შეთავაზებისა და მშობლებთან ჩვენი საუბრის შემდეგ მაინც მოდიან სავარჯიშოდ. ვინც უარს ამბობს, მიზეზად ჭიდაობით ქალის ფიგურის შესაძლო დამახინჯებას ასახელებს.
ჩვენ კი ვეუბნებით, ნახონ უკვე სახელოვანი ირინა ლეონიძე და შორენა შარაძე, რომლებიც, მიუხედავად მრავალწლიანი ვარჯიშისა, შესანიშნავად გამოიყურებიან.
- ვიცით, რომ სამბოშიც ნაყოფიერად მოღვაწეობთ...
- დიახ, 2012 წელს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მომანიჭეს. განსაკუთრებით ლეონიძეს და შარაძეს მოაქვთ ამ ეტაპზე წარმატებები.
ეს უკანასკნელი ევროპის ჩემპიონია სამბოში ახალგაზრდებს შორის, ორივე კი ევროპის და მსოფლიოს პრიზიორები არიან როგორც ახალგაზრდებში, ისე დიდებში. დღესდღეობით არაერთი წარმომადგენელი გვყავს როგორც ძიუდოს, ისე სამბოს საქართველოს ნაკრებებში - ჭაბუკებში, ახალგაზრდებში და დიდებში. დამეთანხმებით, რომ ეს მნიშვნელოვანი შედეგია.
- ხელშეწყობა ძირითადად რომელი უწყებისგან გაქვთ?
- გვერდით გვიდგას აჭარის სპორტის დეპარტამენტი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა და სასპორტო სკოლა. მათი დიდად კმაყოფილები ვართ. ვარჯიშები უფასოა, ხშირად გვაქვს შეკრებები, კვება და სასტუმროში საცხოვრებელი პირობები ნორმალურია. შეჯიბრებებზე მუნიციპალიტეტი გვაფინანსებს.
დიდი ხელშეწყობა გვაქვს საქართველოს ძიუდოისტ ქალთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ გია თენაძისგან. ყოველივე ეს მთლიანობაში სპორტსმენ გოგონებს აძლევს სტიმულს, მეტი მონდომებით ივარჯიშონ და მოიპოვონ თვალსაჩინო გამარჯვებები.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"