აღსანიშნავია, რომ რეხვიაშვილი იუბილარი იყო - 23 წლის გახდა და საუკეთესო საჩუქარი უძღვნა საკუთარ თავს. მან ასეთ სოლიდურ ტურნირზე პირველად იჭიდავა ცხვირის ოპერაციის შემდეგ, რაც სასიკეთოდ წაადგა - აღარც სუნთქვა უჭირდა და ფიზიკურადაც ჩინებულად გამოიყურებოდა. თან ახალ წონაში გამოდიოდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია თავისი საუკეთესო თვისებების წარმოჩენაში...
ავსტრიაში ორივე
რეხვიაშვილმა ბავშვური ფანდით დაამარცხა კანადელი ოლიმპიური პრიზიორი ანტოინ ვალოის-ფორტიერი - გარეფეხი ჩაუხვია და ხელი ჰკრა.
გოგოჭურმა კი კონტრილეთი დაუპირისპირა რუსი მურატ გასიევის მცდელობას, კარგად მიიზიდა თავისკენ, შეეკრა და ბრუნით გამეტებით დაანარცხა პირდაპირ ბეჭებზე. გდება იმდენად ლამაზი იყო, ძიუდოს ევროპული კავშირის პირდაპირი რეპორტაჟების წამყვანმა, ბრიტანელმა შელდონ ფრანკო-რუქსმა სულ ფანტასტიკური ილეთი იძახა.
რეხვიაშვილმა ფინალამდეც საკმაოდ ძლიერ მეტოქეებს მოუგო - ჩერნოგორიელი სრდჯან მრვალჯევიჩი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია, ამერიკელმა ტრევის სტევენსმა კი ლონდონის ოლიმპიადაზე ბრინჯაოსთვის პაექრობა კანადელ ვალოის-ფორტიერთან დათმო. მანამდე ჩვენებურმა ჩეხი ივან პეტრი დააიპონა, ნახევარფინალში კი რუსი დებიუტანტი მიხაილ კაზიდუბიც ბეჭებზე დააგდო.
გოგოჭურმა წინასწარ შეხვედრებში ჰოლანდიელი მაქს დე ვრეეზე, არგენტინელი კრისტიან შმიდტი, ჩეხი მიხალ კრპალეკი და იაპონელი ტაკეში სუგაჰარა ჩამოიცილა გზიდან.
ჩვენი გუნდის სხვა წევრებიდან მეტ-ნაკლებად დამაიმედებელი ჭიდაობით სამი უნდა გამოვარჩიოთ - ფრიდონ გიგანი, თამაზ კირაკოზაშვილი (ორივე - 73) და გიორგი პაპუნაშვილი (81), რომლებმაც 2-2 შეხვედრა მოიგეს. ისინი უმედლოდ კი დარჩნენ, მაგრამ ასაკისა და გამოცდილების კვალობაზე, მაინც ხარისხიანი ჭიდაობა აჩვენეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია 17 წლის კირაკოზაშვილი, რომელსაც ჯერ ახალგაზრდებშიც არ უჭიდავია, ამჯერად კი უფრო გამოუცდელობით წააგო.
გელა კელიხაშვილმა (66), ზურაბ ნოზაძემ (73) და პაატა ღვინიაშვილმა (90) თითო პაექრობა მოიგეს და მერე წააგეს; გიორგი ბროლაშვილი, პაატა მერებაშვილი (ორივე - 60), გიორგი ქალდანი (66), ლაშა ზურაბიანი (81), დავით ლორიაშვილი, რევაზ ჩიკოიძე (ორივე - 100), გიორგი ზაქარიაძე, როსტომ ხახალეიშვილი, ონისე ბუღაძე და გიგა გელაშვილი (ოთხივე - +100) პირველივე შეხვედრებში დამარცხდნენ.
კვარცხლბეკი, ვაჟები
60 კგ. 1. რიო კავაბატა (იაპონია); 2. ფელიპე კიტადაი; 3. დიეგო სანტოსი (ბრაზილია), ხუან პოსტიგოსი (პერუ).
66 კგ. 1. კენგო ტაკაიჩი (იაპონია); 2. ბატსუური ადიია (მონღოლეთი). 3. იუჰეი როკუგო (იაპონია), რენე შნაიდერი (გერმანია).
73 კგ. 1. ტაკენორი ნაკამურა (იაპონია); 2. ოდბაიარ განბაატარი (მონღოლეთი); 3. ზელიმხან ოზდოევი (რუსეთი), ალექს რომბო და სილვა (ბრაზილია).
81 კგ. 1. ზებედა რეხვიაშვილი (საქართველო); 2. ნატოინ ვალოის-ფორტიერი (კანადა); 3. სრდჯან მრვალჯევიჩი (ჩერნოგორია), მარსელ ოტი (ავსტრია).
90 კგ. 1. ზვიად გოგოჭური (საქართველო); 2. მურატ გასიევი (რუსეთი); 3. ვალტერ ფაკენტი (იტალია), პეტერ პალტჩიკი (ისრაელი).
100 კგ. 1. ლუსიანო კორეა (ბრაზილია); 2. ჩინგიზ მამედოვი (ყირგიზეთი); 3. ივან რემარენკო (არაბთა გაერთიანებული საამიროები), რიოსუკე ტაკაჰაში (იაპონია).
+100 კგ. 1. ბარნა ბორი (უნგრეთი); 2. ტაკეში ოჯიტანი (იაპონია); 3. სოსლან ბოსტანოვი (რუსეთი), მარიუს პასკევიჩიუსი (ლიტვა).