ოქროს დუბლი ავსტრიიდან: რეხვიაშვილი და გოგოჭური ჩემპიონები გახდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა კვირას, 16 თებერვალს, ორი ოქრო მოიპოვა ავსტრიულ ობერვარტში, "ევროპის ღია კონტინენტურ თასზე" და გუნდურ ჩათვლაში მეორეზე გავიდა იაპონიის შემდეგ. ჩემპიონები ზებედა რეხვიაშვილი (81) და ზვიად გოგოჭური (90) გახდნენ.

აღსანიშნავია, რომ რეხვიაშვილი იუბილარი იყო - 23 წლის გახდა და საუკეთესო საჩუქარი უძღვნა საკუთარ თავს. მან ასეთ სოლიდურ ტურნირზე პირველად იჭიდავა ცხვირის ოპერაციის შემდეგ, რაც სასიკეთოდ წაადგა - აღარც სუნთქვა უჭირდა და ფიზიკურადაც ჩინებულად გამოიყურებოდა. თან ახალ წონაში გამოდიოდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია თავისი საუკეთესო თვისებების წარმოჩენაში...

ავსტრიაში ორივე
ჩემპიონმა ხუთ-ხუთი შეხვედრა ჩაატარა და უკლებლივ ყველა იპონით მოიგეს. ფინალიც ორივეს ძალიან ლამაზი გამოუვიდა.

რეხვიაშვილმა ბავშვური ფანდით დაამარცხა კანადელი ოლიმპიური პრიზიორი ანტოინ ვალოის-ფორტიერი - გარეფეხი ჩაუხვია და ხელი ჰკრა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გოგოჭურმა კი კონტრილეთი დაუპირისპირა რუსი მურატ გასიევის მცდელობას, კარგად მიიზიდა თავისკენ, შეეკრა და ბრუნით გამეტებით დაანარცხა პირდაპირ ბეჭებზე. გდება იმდენად ლამაზი იყო, ძიუდოს ევროპული კავშირის პირდაპირი რეპორტაჟების წამყვანმა, ბრიტანელმა შელდონ ფრანკო-რუქსმა სულ ფანტასტიკური ილეთი იძახა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რეხვიაშვილმა ფინალამდეც საკმაოდ ძლიერ მეტოქეებს მოუგო - ჩერნოგორიელი სრდჯან მრვალჯევიჩი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია, ამერიკელმა ტრევის სტევენსმა კი ლონდონის ოლიმპიადაზე ბრინჯაოსთვის პაექრობა კანადელ ვალოის-ფორტიერთან დათმო. მანამდე ჩვენებურმა ჩეხი ივან პეტრი დააიპონა, ნახევარფინალში კი რუსი დებიუტანტი მიხაილ კაზიდუბიც ბეჭებზე დააგდო.

გოგოჭურმა წინასწარ შეხვედრებში ჰოლანდიელი მაქს დე ვრეეზე, არგენტინელი კრისტიან შმიდტი, ჩეხი მიხალ კრპალეკი და იაპონელი ტაკეში სუგაჰარა ჩამოიცილა გზიდან.

ჩვენი გუნდის სხვა წევრებიდან მეტ-ნაკლებად დამაიმედებელი ჭიდაობით სამი უნდა გამოვარჩიოთ - ფრიდონ გიგანი, თამაზ კირაკოზაშვილი (ორივე - 73) და გიორგი პაპუნაშვილი (81), რომლებმაც 2-2 შეხვედრა მოიგეს. ისინი უმედლოდ კი დარჩნენ, მაგრამ ასაკისა და გამოცდილების კვალობაზე, მაინც ხარისხიანი ჭიდაობა აჩვენეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია 17 წლის კირაკოზაშვილი, რომელსაც ჯერ ახალგაზრდებშიც არ უჭიდავია, ამჯერად კი უფრო გამოუცდელობით წააგო.

გელა კელიხაშვილმა (66), ზურაბ ნოზაძემ (73) და პაატა ღვინიაშვილმა (90) თითო პაექრობა მოიგეს და მერე წააგეს; გიორგი ბროლაშვილი, პაატა მერებაშვილი (ორივე - 60), გიორგი ქალდანი (66), ლაშა ზურაბიანი (81), დავით ლორიაშვილი, რევაზ ჩიკოიძე (ორივე - 100), გიორგი ზაქარიაძე, როსტომ ხახალეიშვილი, ონისე ბუღაძე და გიგა გელაშვილი (ოთხივე - +100) პირველივე შეხვედრებში დამარცხდნენ.

კვარცხლბეკი, ვაჟები

60 კგ. 1. რიო კავაბატა (იაპონია); 2. ფელიპე კიტადაი; 3. დიეგო სანტოსი (ბრაზილია), ხუან პოსტიგოსი (პერუ).

66 კგ. 1. კენგო ტაკაიჩი (იაპონია); 2. ბატსუური ადიია (მონღოლეთი). 3. იუჰეი როკუგო (იაპონია), რენე შნაიდერი (გერმანია).

73 კგ. 1. ტაკენორი ნაკამურა (იაპონია); 2. ოდბაიარ განბაატარი (მონღოლეთი); 3. ზელიმხან ოზდოევი (რუსეთი), ალექს რომბო და სილვა (ბრაზილია).

81 კგ. 1. ზებედა რეხვიაშვილი (საქართველო); 2. ნატოინ ვალოის-ფორტიერი (კანადა); 3. სრდჯან მრვალჯევიჩი (ჩერნოგორია), მარსელ ოტი (ავსტრია).

90 კგ. 1. ზვიად გოგოჭური (საქართველო); 2. მურატ გასიევი (რუსეთი); 3. ვალტერ ფაკენტი (იტალია), პეტერ პალტჩიკი (ისრაელი).

100 კგ. 1. ლუსიანო კორეა (ბრაზილია); 2. ჩინგიზ მამედოვი (ყირგიზეთი); 3. ივან რემარენკო (არაბთა გაერთიანებული საამიროები), რიოსუკე ტაკაჰაში (იაპონია).

+100 კგ. 1. ბარნა ბორი (უნგრეთი); 2. ტაკეში ოჯიტანი (იაპონია); 3. სოსლან ბოსტანოვი (რუსეთი), მარიუს პასკევიჩიუსი (ლიტვა).
მკითხველის კომენტარები / 2 /
გოგოჭური რა წონაში გახდა ჩემპიონი არ უნდა ეწეროოოოოოოოოს???????
dima
10:12 17-02-2014
0
გუგავა არა გიგანი ჭიდაობდა
Aleqsandre
10:33 17-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული