პოსტშეჯიბრული დილემა: მსაჯობით და შეჯიბრებით კმაყოფილი მარიან ჰეპკა

AutoSharing Option
ამ უქმეებზე სპორტკომპლექსმა "არენამ" ძიუდოისტ ვაჟთა ქვეყნის პირველობას უმასპინძლა, რომელმაც საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაიარა.

ამით საქართველოს ნაკრებმა მომავალი სეზონისთვის მზადებაც დაიწყო, რადგან სწორედ ახლა გამოიკვეთა ის ძირითადი ბირთვი, რომელიც გაისად სალიცენზიო ტურნირებში, ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე იჭიდავებს.

თუმცა ტურნირში ზოგიერთ წონაში ისეთი შედეგები მივიღეთ, ვეჭვობ, მწვრთნელები ახლა უფრო თამამად მიმართავენ შემადგენლობის როტაციას და ადრინდელივით შედარებით ხისტი მიდგომა არ ექნებათ - ქვეყნის ჩემპიონატში ამან მედალი მოიპოვა და უცხოეთში შეჯიბრებებზეც ეს უნდა წავიყვანოო.

ალბათ, ყველაზე მოულოდნელი და ყველაზე დიდი დანაკლისიც ლევან მატიაშვილის
(+100) წაგება იყო პირველივე წრეში.

სრულად ვიზიარებ მოსაზრებას, რომ შემთხვევით დაეცა, თუმცა ნურც გიორგი ბოლოთაშვილს დავუკარგავთ თავისას, რომელმაც შედეგიანად გამოჰკრა ფეხი შიგნიდან. თან ეს ბიჭი ნახევარფინალში გავიდა და ბრინჯაოც მოიპოვა, ანუ ხელწამოსაკრავიც არაა, ოღონდ თავისი ჯერ ისევ უნდა დაამტკიცოს. ამჯერად - უცხოეთში, რადგან ძალიან ბევრი მოჭიდავე ვიცით, შინ რომ კარგად ასპარეზობს, საზღვარგარეთ კი თითქოს სულ სხვა სპორტსმენია.

თავის მხრივ, მძიმე წონაში არ გვაქვს იმის ფუფუნება (არც სხვებში), მატიაშვილის დონის ფალავანზე ასე ერთბაშად ვთქვათ უარი, თუმცა ეს სხვების შევიწროების ხარჯზე არ უნდა მოხდეს და იმავე ბოლოთაშვილს თუ დანარჩენებს შანსი სრულად მიეცემათ.

მიეცემა შანსი თუშიშვილს?
დაახლოებით იგივე მდგომარეობაა გურამ თუშიშვილთან (100) დაკავშირებითაც - მასშიც დიდი შესაძლებლობებია ჩაბუდებული, რასაც ჯერ ახალგაზრდული სიჩქარითა თუ არაპროფესიონალიზმით სრულად ვერ იყენებს.

იმედია, წლების მატებასთან ერთად, ისიც დადინჯდება, საქმესაც სხვანაირად მიუდგება და არც ისეთ მიამიტურ შეცდომებს დაუშვებს, რის ხარჯზეც წლეულს წააგო შინ თუ გარეთ, ახალგაზრდულ ნაკრებში გამოსვლისას.

ოღონდ ამ წონასთან დაკავშირებით სასიამოვნო ისაა, რომ სრულიად ახალი სახეები გამოჩნდნენ, რომლებმაც მართლაც ძლიერად იჭიდავეს. უპირველესად, ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი ალექსანდრე ზაალიშვილი გორიდან და მესამე პრიზიორი იასონ ნემსაძე იმერეთიდან.

რაც შეეხება იმერეთის გუნდის კიდევ ერთ წევრს, ამ წონის ჩემპიონ ლაშა გურულს, ისიც იმერეთიდანაა და ახალი სახე ნამდვილად არაა, რადგან აქამდეც ხშირად ასულა კვარცხლბეკზე აქ თუ 90 კილოგრამში, სადაც წინა წლებში ასპარეზობდა, მაგრამ სრული მოულოდნელობა იყო მისი ასეთი კარგი, უდავოდ მაღალი დონის გამოსვლა.

შიდა შეჯიბრებებში ის ყოველთვის კარგად ჭიდაობდა, მაგრამ ასე კარგად მომზადებული ადრე არ გვახსოვს. ოღონდ მას აქამდე ერთი სერიოზული მინუსი ჰქონდა - უცხოეთში ვერ აჩვენებდა იმ დონეს, რასაც ქვეყნის პირველობებზე ავლენდა. ალბათ, ეს უფრო ფსიქოლოგიური პრობლემაა და, ვნახოთ, შეძლებს თუ ვერა ამ ფრონტზე გამარჯვებასაც ეს უდავოდ ნიჭიერი და კარგი მონაცემების მქონე ფალავანი.

ერთი სიტყვით, ამ წონაში კონკურენცია გაიზარდა, მაგრამ ახლა ყველაზე საინტერესო ისაა, რამდენად შეინარჩუნებენ ამას მედალოსნები საზღვარგარეთ - იქ თუ ვერ ივარგეს, მოპოვებული წარმატებაც წყალში ეყრებათ.

თუმცა ახალი სახეების გამოჩენა არ ნიშნავს თუშიშვილის ჩამოწერას. საინტერესოა, რას იზამენ მწვრთნელები იოსებ მსხალაძესთან დაკავშირებით, რომელიც პირველივე წრეში ნემსაძესთან წმინდად დამარცხდა? თუშიშვილთან ერთად, აქამდე ისიც წონის ლიდერად მოიაზრებოდა, თუმცა ახლა ნაკრებში მოხვედრის შანსი მიზერამდე დავიდა.

საბედნიეროდ, სხვა წონებში ასეთი კრიტიკული ვითარება არ შექმნილა, თუმცა რამდენიმეგან შარშანდელი ლიდერები კი დამარცხდნენ და ზოგი სულაც უმედლოდ დარჩა.

მაგალითად, ლუხუმ ჩხვიმიანი (60) ამჯერად მეხუთეზე დარჩა, ტრისტან ფეიქრიშვილი (66) კი - მესამეზე. ესეც ერთგვარი სიურპრიზი იყო, თუმცა არა დიდად მოულოდნელი და უფრო ლოგიკასთან დაახლოებული, რადგან ახალგაზრდები თავისას ითხოვენ. თუმცა მწვრთნელებს სამ წონაში - 60, 81 და 90-ში ისედაც მოუწევთ მედალოსანთა გადაჯგუფება, რადგან აქ ლიდერები დაასვენეს, ისინი კი აუცილებლად უნდა ჩართონ საერთაშორისო შეჯიბრებებში.

ახალი თაობა
ზოგადად, ახალი თაობის კარგი, დამაიმედებელი ჭიდაობა ამ ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ლაიტმოტივი იყო - ბევრმა მათგანმა დაგვამახსოვრა თავი, ხოლო ოთხი - ლაშა გიუნაშვილი (60), ვაჟა მარგველაშვილი (66), უშანგი მარგიანი (81) და ბექა ღვინიაშვილი (90) ჩემპიონიც გახდა.

ამათგან განსაკუთრებით საინტერესო მარგველაშვილის ფაქტორია - რამდენად იტვირთებს ის ლიდერობას, მოერევა თუ არა ამ ტვირთს, თორემ დანარჩენ წონებში კადრების თვალსაზრისით არ გვიჭირს. ცხადია, მეტი კონკურენცია არ გვაწყენს და მივესალმებით, ისინიც თუ შეავიწროებენ ფავორიტებს, მაგრამ აქ კრიზისი არ გვაქვს.

ახალი თაობიდან თავი ისეთებმაც კარგად დაგვამახსოვრეს, რომლებიც საერთოდ ვერ ავიდნენ კვარცხლბეკზე, მაგრამ დამაიმედებლად კი იასპარეზეს. ბევრი მათგანი ჯერ მხოლოდ 18-19 წლისაა (თორნიკე ნაგლიაშვილი (60), კობა მჭედლიშვილი (81), ანუ უახლოეს წლებში კიდევ მოუმატებენ.

განსაკუთრებით სასიხარულო ახალგაზრდული ნაკრების წევრთა კარგი ჭიდაობა იყო, რადგან მათ სექტემბერში თანატოლთა ევროპის ჩემპიონატში იასპარეზეს, ორი კვირის წინ შორეულ მაიამიში უკვე მსოფლიოს პირველობაზე გამოვიდნენ, თუმცა ამჯერად მაინც მოახერხეს კარგად ჭიდაობა.

არადა, ის ნაკრები ლამის სრული შემადგენლობით ჩაება ქვეყნის პირველობაში და უმეტესობამ წარმატებითაც იჭიდავა. თუმცა ერთს მაინც შევნიშნავთ - იქნებ მწვრთნელებმა მოახერხონ და ეს ბიჭები ცოტათი დაასვენონ, ცოტა ამოასუნთქონ, თორემ პარალელურად ორ ნაკრებში უწევთ გამოსვლა. მართალია, წლის დასაწყისში ახალგაზრდებში ნამდვილად არ ექნებათ დატვირთული გრაფიკი, მაგრამ ასეთი რეჟიმის მერე დასვენება მაინც სჭირდებათ. თან ბევრს ტრავმაც აწუხებს და მისი მოშუშებაც არანაკლებ საშურია.

მაგალითად, თუშიშვილის ხელის მდგომარეობა დამაფიქრებელია. ისე, მათ რომ ახალგაზრდებში სეზონის დასაწყისში არ უწევთ ინტენსიური შეჯიბრებები, არც ესაა მთლად კარგი - ვფიქრობთ, უფროსებში ამ დონეზე დატვირთვას აჯობებს, ისინი თანატოლებთან დაიტვირთონ.

დიდი ტურნირის პატარა არენა
საქართველოს ჩემპიონატმა მაყურებლის დიდი ინტერესიც გამოიწვია და "არენა" ორი დღის განმავლობაში გადაჭედილი იყო.

განსაკუთრებით - კვირას, როცა ერთი იმდენი ხალხი ტრიბუნების ირგვლივ, ფეხზე დასადგომ ადგილებზე იდგა.

სამწუხაროდ, მერამდენედ გვიწევს იმაზე წერა, რომ საქართველოში არ გვაქვს შესაფერისი დარბაზი, ხოლო სადაც სათანადო ფართია, იქ იმხელა გადასახადია... "არენა" კარგია, მაგრამ არაა ამ დონის შეჯიბრებისთვის შესაფერისი ბაზა.

საბედნიეროდ, ძიუდოს ფედერაციამ წესრიგის დაცვას კარგად გაართვა თავი - ახლა ბევრად უფრო გაძლიერებულ-გამკაცრებული იყო პოლიციური ძალები და არანაირი ინციდენტი არ მომხდარა.

საბედნიეროდ, ძიუდოს ფედერაცია უკვე ისეთ ორგანიზმად ჩამოყალიბდა, საორგანიზაციო ლაფსუსების არც უნდა გვეშინოდეს. მთავარ მსაჯად ისევ ჩეხი მარიან ჰეპკა მოიწვიეს და აღარც მსაჯებს ეკამათებოდა ვინმე.

მართალია, იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა მათი მისამართით სპორტსმენებმა შეიგინეს, მაგრამ მათ საქციელზე ფედერაცია იმსჯელებს. ერთი მონაწილე - გორელი დავით ჭაბუკაშვილი (81) ამის გამო დაისაჯა კიდეც - შეჯიბრებიდან მოხსნეს და არც ოქმში ჩაწერეს მეხუთეადგილოსანთა შორის.

ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ნაკრების მთავარ მწვრთნელ ირაკლი უზნაძეს და მარიან ჰეპკას გავესაუბრეთ.

ირაკლი უზნაძე: "ზოგიერთ წონაში ასეთ შედეგს ველოდით, ზოგან კი ფავორიტებმა იმედები ვერ გაგვიმართლეს. მაგალითად, 100 კილოგრამში გამოჩნდნენ ახალი სახეები - ალექსანდრე ზაალიშვილი და იასონ ნემსაძე, თუმცა აქცენტს სხვაზე ვაკეთებდით.

60-ში გამოკვეთილი ლიდერი გვყავს - ამირან პაპინაშვილი, თუმცა გიუნაშვილმაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ხოლო შარშანდელი ჩემპიონი პრიზიორებშიც ვერ მოხვდა. ეს შიდა კონკურენციის გაზრდის მაჩვენებელია.

66-ში მარგველაშვილი ახალგაზრდა, პერსპექტიული ბიჭია. ვნახოთ, იჭიდავებს უცხოეთში ტურნირებზე და დავინახავთ, როგორ კონდიციებში იქნება.

73 კილოგრამი ყველაზე კონკურენტული წონაა. აქ ყველაფერი ისევ ლიდერებს შორის განაწილდა, რასაც ველოდით კიდეც. 81-ში მოსალოდნელი იყო მარგიანის გაჩემპიონება და ეს ლოგიკურია. ლევან გუგავასგანაც ველოდი წარმატებას, თუმცა ის ტრავმირებული ჭიდაობდა.

90-ში ბექა ღვინიაშვილმა საკმაოდ კარგად იჭიდავა, მძიმეში კი ამ წონის ლიდერმა გაიმარჯვა. აქ სამწუხარო მარცხი განიცადა მატიაშვილმა. სამაგიეროდ, ცუდად არ უასპარეზია ბუღაძეს. ამ ბიჭებს ჯერ კიდევ დავაკვირდებით.

სავარაუდოდ, გაისად პირველად ბულგარეთში ვიჭიდავებთ და, ალბათ, მარტის დასაწყისში ჩამოვყალიბდებით ევროპის პირველობაზე წასაყვან შემადგენლობაზე.

საქართველოს ჩემპიონატი რთული ტურნირია, რადგან ყველა ერთმანეთს იცნობს. ბიჭების მომზადების დონეს საშუალოდ მივიჩნევ, მაგრამ მთავარია, მათ უცხოეთში აჩვენონ შედეგი. შანსი უმედლოდ დარჩენილ ლიდერებსაც მიეცემათ და ვნახოთ, რამდენად გამოიყენებენ ამას.

ახალგაზრდა თაობიდან გამოვარჩევ ნაგლიაშვილს, რომლის ჭიდაობაც მოგვეწონა. ასევე - კაციაშვილს, კირაკოზაშვილს, თუმცა იყვნენ სხვებიც და არ მინდა, ვინმე გამომრჩეს. უახლოესი გეგმები ასეთია: იაპონიაში მივემგზავრებით ჯერ შეკრებაზე, მერე კი ძიგორო კანოს ტურნირზე. თავიდან პირიქით ვგეგმავდით, მაგრამ 20 დეკემბერს ბიჭებს ევროპის საკლუბო ტურნირი უწევთ და ამიტომ შევცვალეთ გეგმები".

მარიან ჰეპკა: "ბევრი ქვეყნის ეროვნულ ჩემპიონატზე მიწევს დასწრება - პოლონეთი, ავსტრია, უნგრეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი, გერმანია, ხორვატია, მაგრამ თქვენთან შეუდარებლად მაღალი დონეა. უფრო გამოცდილი და მაღალი დონის სპორტსმენები გყავთ. მსაჯობას რაც შეეხება, 3-4 ძალიან ძლიერი არბიტრი გყავთ.

ეროვნული კატეგორიის მსაჯები ჯერჯერობით მათ ჩამორჩებიან, მაგრამ შედარებაც არაა იმასთან, 6-7 წლის წინ რომ ვხედავდი. შედარება ასევე არ შეიძლება საორგანიზაციო საკითხებთან. თქვენი ჩემპიონატი საკმაოდ ძნელია სამსაჯოდ და ეს ჩემთვისაც დიდი გამოცდაა.

ხშირად ვარ ტურნირებზე, სადაც 3-4 საათის განმავლობაში განსაკუთრებული არაფერი ხდება, აქ კი ყველა შეხვედრაში ბრძოლა და დაძაბულობაა. ბუნებრივია, ბევრი იყო ისეთი პაექრობა, სადაც ადგილობრივებს უჭირდათ გადაწყვეტილების მიღება და მე მიწევდა ამის გაკეთება. ყველაფრის მიუხედავად, ყოველთვის სიამოვნებით ჩამოვალ აქ სამსაჯოდ".
მკითხველის კომენტარები / 1 /
Kibordzalidzis pexis travmas rato ar avin ar axsenebs amerikasji ro miigo da am travmit rom ichidava da vice chempioni gaxda.axala gadavida didebshi da es turniric ichidava pirveli shexvedra moigoo magram shemdegi warumatebelii iko am travmis gamoo.operaciaa aucilebeluaa.
nana
18:55 12-11-2014
0

სიახლეები პოპულარული