ტოკიოს ტურნირი: წლეულს მაინც თუ მოვიგებთ?

AutoSharing Option
5 დეკემბერს ტოკიოში "დიდი სლემის" ბოლო ტურნირი იწყება, რომლითაც საერთაშორისო კალენდარიც იხურება.

ჩვენი ნაკრები ამ მნიშვნელოვან შეჯიბრებაში არასრული შემადგენლობით გამოვა, 8 კაცით; ორ წონაში - 60-100-ში კი საერთოდ არ გვეყოლება მონაწილე.

66 კგ
ამ წონაში ჩვენი მთელი იმედები ახალბედებს - საქართველოს წლევანდელ ჩემპიონ ვაჟა მარგველაშვილსა და ბექა შავდათუაშვილს უკავშირდება.

მარგველაშვილი პირველ წრეში იტალიელ ემანუელ ბრუნოს დაეჭიდება, ამათში მოგებულს კი კანადელი პატრიკ გაგნე ელოდება. თუ ჩვენებური მესამე წრეში, ანუ მერვედფინალში გააღწევს (არადა, არც ჰყავს ძლიერი კონკურენტები), იქ ბრაზილიელ ჩარლეს ჩიბანასა და
სლოვენიელ ადრიან გომბოცს შორის მოგებულს დაეჭიდება.

ჯერჯერობით უტიტულო, თუმცა კი მსოფლიოს რეიტინგის მეორე ნომერი ჩიბანა არაა იოლი მეტოქე, მაგრამ მასზე უფრო საშიში ქვეჯგუფის მეორე მხარეს მყოფი მასპინძელი ტომოფუმი ტაკაჯო გვგონია. ის ნახევარფინალში გასვლის მთავარი პრეტენდენტია, ვინც პირველივე პაექრობას საკმაოდ ძლიერ ებრაელ გოლან პოლაცკისთან ჩაატარებს.

ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილის უმცროსი ძმა ბექა შავდათუაშვილი პირველ ქვეჯგუფში მოხვდა, ანუ იქ, სადაც რეიტინგის ლიდერის, იაპონელთა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ მასაში ებინუმას ადგილია. თუმცა ის ჯგუფის ზედა ნაწილშია და ჩვენებურს მეოთხედფინალამდე არ შეხვდება, კარალეთელ ფალავანს კი იქამდე მისაღწევად დიდი ბატალიები ელოდება, მისი პირველი მეტოქე სამხრეთკორეელი ბაულ ანია მეორე წრეში, რადგან თავიდან ორივე ისვენებს.

73 კგ
პირველსავე ქვეჯგუფში, ანუ მსოფლიოს რეიტინგის ლიდერთან, ჰოლანდიელთა ევროპის ჩემპიონსა და მსოფლიოს ორგზის ვერცხლისმედალოსან დექს ელმონტთან მოხვდა ნუგზარ ტატალაშვილიც.

ოღონდ მეოთხედფინალამდე ვერც ესენი შეხვდებიან ერთმანეთს. ბედის ირონიით, აქვე მოხვდა მასპინძელთა ძალიან ძლიერი განუთესავი, მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონი შოჰეი ონო, ვინც მეორე წრეში ელმონტზე გადის.

ჩვენებურს თავის მხარეს მეოთხედფინალამდეც სოლიდური ფალავნები ჰყავს. მაგალითად, ფრანგთა ოლიმპიური პრიზიორი, მსოფლიოს ვიცე და ევროპის ჩემპიონი უგო ლეგრანი. ტატალაშვილი პირველ წრეში ისვენებს, მეორეში კი სამხრეთკორეელ ჩანგრიმ ანსა და ჩინელ შუაი სუნს შორის მოგებულს შეხვდება.

წილისყრამ დიდად არც ლაშა შავდათუაშვილს გაუმართლა, რადგან მესამე ქვეჯგუფში მოხვდა და არა მეოთხეში. ამით რეიტინგის მეორე ნომერთან, მოლდოვიდან საუდის არაბეთში გაქცეულ ვიქტორ სკვორტოვთან განთავსდა, მეოთხეში კი მას ასცდებოდა.

სკვორტოვს აშკარად მოუხდა კარგი ცხოვრება, ბევრად მოუმატა და წლეულს მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოც მოიპოვა. ამას ისიც დაემატა, რომ მასპინძელთაგან აქვეა იუკი ნიშიამა, ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი (იაპონიას 4-4 კაცი ჰყავს ყოველ წონაში, როგორც მასპინძელს და თითო ჯგუფში თითო იქაურია გადანაწილებული). თუმცა სკვორტოვისა და ნიშიამას გზები მეორე წრეშივე იკვეთება, ჩვენებურს კი მეოთხედფინალამდე არ ხვდებიან.

შავდათუაშვილის მხარესაა აზერბაიჯანელთა ევროპრიზიორი რუსტამ ორუჯოვი, ჩვენებური კი პირველ წრეში გამოცდილ ამერიკელ ნიკოლას დელპოპოლოს ხვდება, ხოლო მასთან წარმატების შემთხვევაში - მონაკოელ სედრიკ ბესის.

81 კგ
ავთანდილ ჭრიკიშვილი თვითონაა რეიტინგის ლიდერი და პირველ წრეში ისვენებს, მეორე წრეში კი აზერბაიჯანელ აბდულაგ რასულისა და ესპანელ დანიელ გონსალესს შორის მოგებულს ხვდება.

მერვედფინალში მონღოლ უუნგანბაატარ ოტგონბაატარის, ტაჯიკ დურდიმურატ ჰოჯაგულიევისა და ჩინელ ჰემუბატუ ერის სამეულში უძლიერესს დაეჭიდება; ქვეჯგუფში კი, ამათ გარდა, ბერძენთა ქართველი რომან მასტოპულოსიცაა, ოღონდ - ქვედა მხარეს.

ჭრიკიშვილი წონის გამოკვეთილი ფავორიტია, თუმცა მაინც გაუმართლა, რომ მასპინძელთაგან მის ქვეჯგუფში შედარებით გამოუცდელი გოკი მარუიამაა და არა უფრო საშიში.

ვფიქრობთ, ჩვენს ლიდერს ნახევარფინალში გასვლა არ უნდა გაუჭირდეს, სამაგიეროდ, იქ ელოდებიან მთავარი კონკურენტები - იაპონელი ტაკანორი ნაგასე და სამხრეთკორეელთა მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიური ჩემპიონი ჯაე ბუმ კიმი.

საინტერესოა ჩვენებურის მათთან ურთიერთობების სტატისტიკა. იგი ორივესთან თანაბარია, მაგრამ გარკვეული უპირატესობა მაინც ჩვენებურის მხარესაა. მაგალითად, კიმს ორჯერ შეხვდა და ერთხელ მოუგო, მაგრამ კორეელმა იმ ერთ პაექრობაში 3 წლის წინ იმარჯვა, როცა ჭრიკიშვილს კრიზისი ჰქონდა, წლეულს კი, როცა ქართველი ფორმის პიკშია, იოლად დაამარცხა პარიზის ტურნირის ნახევარფინალში.

ჩვენებური ნაგასეს 4-ჯერ შეხვდა და ორჯერ იმარჯვა. პირველი პაექრობა მას ნაგასემაც მოუგო - შარშან, თუმცა წლეულს ჩვენებურმა ორჯერ დაამარცხა - პარიზში და მსოფლიოს ჩემპიონატზე პირად პირველობაში.

სამაგიეროდ, იმავე მსოფლიოზე გუნდურში დამარცხდა, ოღონდ მაშინ პიკი უკვე გადავლილი ჰქონდა - ორი დღით ადრე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ეს გასაკვირი არცაა. ვნახოთ, შეაჩერებს თუ ვერა ამჯერად ნაგასე ჭრიკიშვილს, რომელსაც ბოლო წაგებისთვის რევანში აქვს ასაღები...

90 კგ
ჭრიკიშვილის მსგავსად, პირველ ჯგუფშია და პირველ წრეში ისვენებს ამ წონის რეიტინგის ლიდერი ვალერი ლიპარტელიანიც, რომელიც მეორე წრეში, შესაძლოა, ესპანეთის სახელით მოასპარეზე თანამემამულეს, ახალგაზრდებში ევროპის მესამე პრიზიორსა და მსოფლიოს ფინალისტ ნიკოლოზ შერაზადიშვილს შეხვდეს (ეს მანამ პუერტორიკოელ აქსელ რივერას ეჭიდავება). მაინცდამაინც ძლიერი არც ეს ქვეჯგუფია, თუმცა ერთი ტიტულოვანი აქაცაა - ჰოლანდიელი მსოფლიოს ჩემპიონი ხიიომ ელმონტი, მასპინძელთაგან კი კენტა ნაგასავა მოხვდა, ოღონდ ესენი ქვედა მხარეს არიან და ლიპარტელიანს მეოთხედფინალამდე არ ხვდებიან.

ნახევარფინალის სავარაუდო მეტოქეთა შორისაა იაპონელი მასიუ ბაიკერიც, ვისთანაც ჩვენებური ამ შეჯიბრებაზე შარშან დამარცხა.

ბექა ღვინიაშვილი რეიტინგში მე-10 ადგილზეა, თუმცა განთესილთა შორის ვერ მოხვდა და ბევრად ძლიერი ქვეჯგუფი ერგო: ბერძენთა ქართველი ოლიმპიური, ევროპისა და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ილიას ილიადისი და მასპინძელი იუია იოშიდა, თუმცა საჩუქარი არც ფრანგი ალექსანდრ იდირი და ფიზიკურად ძლიერი, ტაქტიკურად კარგად მოჭიდავე შვედი იოახიმ დვარბი იქნებიან.

შეღავათი ისაა, რომ ჯგუფის მთავარ კონკურენტებს - ბერძენსა და იაპონელს, ჩვენებური მეოთხედფინალამდე არ ხვდება, სადაც წაგება სანუგეშოში გადასვლის შანსს მაინც აძლევს.

ღვინიაშვილი პირველ წრეში ისვენებს, თან აზერბაიჯანელი ფირუზ დადაშოვისა და უზბეკი კამოლოდინ ხალმომოტოვის პაექრობას მიადევნებს თვალს მომავალ მეტოქეზე დასაკვირვებლად. იმ ბარიერის გავლის შემთხვევაში ქართველი მერვედფინალში იდირსა და დვარბის შორის მოგებულს შეხვდება.

+100 კგ
ლევან მატიაშვილი და აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე უშანგი კოკაური პირველ ჯგუფში მოხვდნენ ბრაზილიელ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონსა და ოლიმპიურ პრიზიორ რაფაელ სილვასთან ერთად.

მასპინძელთაგან ამ ჯგუფშია ახალბედა კეიტა ივაო. ტრადიციას არ არღვევს და იაპონიაში საჭიდაოდ არც ამჯერად ჩასულა უძლეველი ფრანგი ტედი რინერი (ასეთი გადაწყვეტილება მან 2010 წლის შემდეგ მიიღო, როცა ტოკიოში, მსოფლიოს ჩემპიონატზე აბსოლუტური წონის ფინალი მსაჯებმა წააგებინეს მასპინძელ დაიკი კამიკავასთან), თორემ ამ ჯგუფში სილვას ნაცვლად ის "ჩაჯდებოდა".

ჩვენებურმა ბრაზილიელს წლეულს მოსკოვში მოუგო, როცა ისე გადმოიღო, სერიოზული ტრავმა აჰკიდა და კინაღამ მსოფლიოს პირველობაც გამოატოვებინა.

მატიაშვილი ამჯერად პირველად უკრაინელ სტანისლავ ბონდარენკოს ხვდება. მას თუ გასცდა, მერე კოკაურსა და ჩეხ რადეკ ჰეცლს შორის მოგებულს დაეჭიდება.

მომდევნო მეტოქე უკვე სილვასა და ივაოს წყვილიდან გამოსული იქნება, თუმცა მანამდე იაპონელმა პოლონელი მაციეჟ სარნაცკიც უნდა ჩამოიცილოს გზიდან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მემგონი ლაშა გურული უნდა დაეყენებია 100 კგ სჰი და 66 და 73 დან ერთი გაეყვნა,, აქამდე 66 ვაბსჰე არ ვაყენებდით და ახლა ორი ერთად ზედმეტია.. თანაც გურულმა იმენა საკაიფოდ იჭიდავა საქართველო და უნდა მიეცეს ამ ბიჭს შანსი თორემ ასე დაეკარგება მუღამი... ალბათ ისევ ჭრიკიშვუილი აიღებს პირველს მიაყოელბს ლიპარტელიანი და პაპნიაშვილი ბრინჯაოს,, ასევე მარგველაშვილის იმედი ამქ დანარჩენების რა გითხრათ
bneli
11:12 05-12-2014
0
მარგველაშვილის მე-7 ადგილი ურიგო არაა, მითუმეტეს რომ ამ წონაში (66) ცუდ დღეში ვართ. რამდენი წლისაა ეს ბიჭი?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული