ბექა ღვინიაშვილი: გამარჯვებებს მხოლოდ მამას ვუძღვნი!

AutoSharing Option
დოსიე:
ბექა ღვინიაშვილი
დაიბადა 1995 წლის 26 ოქტომბერს, რუისში (ქარელის რ-ნი)
ვარჯიში დაიწყო 2003 წელს და დღემდე ვარჯიშობს გორის გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსურ სპორტულ სკოლაში.
პირადი მწვრთნელი: ანზორ თენაძე
მიღწევები: ძიუდოში - ევროპის (2011) ჩემპიონი კადეტთა შორის, ევროპის ორგზის (2013, 2014) და მსოფლიოს (2013) ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის. ევროპის ორგზის (2011, 2012) პრიზიორი ახალგაზრდებს შორის, მსოფლიოს ორგზის (2011, 2014) პრიზიორი ახალგაზრდებს შორის.
ახალგაზრდებს შორის გუნდურ შეჯიბრებაში ევროპის 2014 წლის ჩემპიონი და მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონი.
საქართველოს ჩემპიონი (2014) და პრიზიორი
(2013) უფროსებს შორის.
ვეროპის ძიუდოს ფედერაციის მიერ დასახელდა ევროპის 2013 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ძიუდოისტად.
საქართველოს 2014 წლის აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში.


19 წლის გორელი მოჭიდავე ბექა ღვინიაშვილი საქართველოს 2014 წლის აბსოლუტური ფალავანი გახდა ქართულ ჭიდაობაში. ეს შეჯიბრება საქართველოში 1928 წლიდან იმართება და აღსანიშნავია, რომ ბექა ყველაზე ახალგაზრდაა მათ შორის, ვინც აბსოლუტური ფალავნის ტიტული მოიპოვა.

მიუხედავად ასაკისა, ღვინიაშვილისთვის ტიტულები უცხო არაა. ძიუდოში მან საერთაშორისო ასპარეზზე უკვე რამდენიმე წელია გაითქვა სახელი და არა მხოლოდ თანატოლებში, დიდებშიც იქცა ყველასთვის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტად წარმატებებისთვის ბრძოლაში.

მისი ტიტულების შესახებ მისივე დოსიეში შეიტყობთ, სხვა საინტერესო თემებზე კი ქვემოთ, ინტერვიუში...

- ბექა, აბსოლუტური ფალავნის ტიტულის მოპოვებით ლეგენდარული მოჭიდავეების - შოთა ჩოჩიშვილის, თემურ ხუბულურის, შოთა ხაბარელის, მალხაზ ბერუაშვილისა და სხვების გვერდით დადექით, რომლებიც ადრე უკვე ფლობდნენ ამ წოდებას...
- მეტად სასიხარულოა, როცა ასეთი სახელოვანი სპორტსმენების გვერდით მახსენებენ. ყველა ქართველი მოჭიდავისთვის სანატრელია აბსოლუტური ფალავნობის ტიტული. ეს ჩემთვისაც სანუკვარი ოცნება იყო და ბედნიერი ვარ, რომ ნატვრა ავისრულე.

მოგეხსენებათ, ახალგაზრდებს შორის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ვარ, მაგრამ ის ყურადღება და სიყვარული საზოგადოებისგან, რასაც ფალავნობის მოპოვების შემდეგ ვგრძნობ, ადრე არასოდეს მიგრძნია. თავად დავინახე, რომ ეს ტიტული სპორტის ქართველი გულშემატკივარისთვის აბსოლუტურად სხვა ფასეულობას წარმოადგენს.

- აბსოლუტურ წონაში ასპარეზობა ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა რამდენიმე ათეული კილოგრამით მძიმე მოწინააღმდეგესთან მოგიწიოს პაექრობამ, როგორც ეს მოხდა კიდეც თქვენს შემთხვევაში...
- ადამ ოქრუაშვილი უდავოდ ძალიან ძლიერი მოჭიდავეა. ძიუდოს მსოფლიო რეიტინგში იგი საუკეთესო ოთხეულში შედის, მის მიერ მოპოვებული ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტული და საქართველოს ოთხგზის აბსოლუტური ფალავანობა ქართულ ჭიდაობაში ძალიან ბევრს მეტყველებს. გასაკვირი არაა, რომ უმთავრეს კონკურენტად, როცა ფალავნობაზე ვფიქრობდი, სწორედ ოქრუაშვილი მიმაჩნდა.

ადამს ჯანიც ჩემზე მეტი აქვს, ამიტომ შეხვედრა ტაქტიკურად ჩემთვის სახეიროდ წავიყვანე და მადლობა ღმერთს, რომ შედეგიანი გდებაც შევასრულე უკანასკნელ წამებზე.

Sportall.Ge

- ბოლო შედეგიანი ილეთი რომ წამოიწყეთ, შეხვედრა შეჩერებული იყო და 4 წამი რჩებოდა. ასეთ დროს, მით უფრო წონაში ესოდენ განსხვავებულ მოჭიდავესთან, ბევრი აღარც კი გადავიდოდა შეტევაზე...
- დიახ, ბევრი მართლაც ხელს ჩაიქნევდა, თუმცა იმხელა მხარდაჭერას ვგრძნობდი დარბაზიდან, კიდეც რომ წამეგო, მაინც ბოლო წამამდე უნდა მებრძოლა.

საერთოდაც, მიმაჩნია, რომ თუ საასპარეზოდ გადიხარ, ბოლომდე უნდა დაიხარჯო. არასოდეს მიცდია დროის გაყვანა და შემართების გარეშეც არასოდეს მიჭიდავია, მიმაჩნია, რომ სპორტსმენმა ყოველთვის ბოლო წამებამდე უნდა იბრძოლოს!

- ბექა, ქართულ ჭიდაობაში ბევრი ისეთი ილეთია, რასაც თქვენ წარმატებით იყენებთ ძიუდოში ასპარეზობისას, თუმცა საკმაოდ ხშირად და ეფექტურად რომ გამოგდით მაგალითად "შებოჭვა" ძიუდოში, ქართულში ამას ვერ მიმართავთ...
- დიახ, ქართულში მხოლოდ დგომში მიმდინარეობს ჭიდაობა. ისე კი ძიუდოში ტატამზე რომ გავდივარ, ყველაზე ნაკლებად სწორედ "პარტერში" ჭიდაობა მიზიდავს, არადა, ყველა მაგას მირჩევს: "პარტერშიც იჭიდავე, ეს აუცილებელიაო". მიუხედავად ამისა, თუ "ვაზარზე" ან "იუკოზე" დავცემ მოწინააღმდეგეს, იქვე ვცდილობ შებოჭვას და ხშირად მართლაც წარმატებით გამომდის.

- წლევანდელ ფალავნობაზე უცხოელებიც ვიხილეთ არენაზე. უცხოეთში ჩვენი ეროვნული საჭიდაო სახეობის გასვლის პერსპექტივას როგორ უყურებთ?
- რა თქმა უნდა, ეს კარგია. დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ჭიდაობა ბევრ უცხოელ სპორტსმენს მოეწონება. წლევანდელი შეჯიბრების სოლიდური საპრიზო ფონდიც, ცხადია, მიმზიდველი იყო მათთვის და ჩამოვიდნენ კიდეც. იმედი მაქვს, გაისად კიდევ უფრო მეტი უცხოელი იჭიდავებს ფალავნობაზე.

- ბექა, ძიუდოში წლევანდელი თქვენი სეზონით რამდენად კმაყოფილი ხართ?
- მიუხედავად იმისა, რომ წლეულს ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი გავხდი და მოვიგე საქართველოს ჩემპიონატი უფროსებს შორის, მაინც უკმაყოფილო დავრჩი, განსაკუთრებით - დიდებში საერთაშორისო ასპარეზზე. გაცილებით უკეთესი შედეგის მიღწევა შემეძლო დიდების მსოფლიოს ჩემპიონატზე, სათანადოდ მობილიზებული რომ გავსულიყავი კირილ ვოპროსოვთან საპაექროდ.

- უნგრელი კრისტიან ტოტი თქვენთვის ტრადიციულ მეტოქედ იქცა. სულ ხუთჯერ შეხვედრილხართ მას და მხოლოდ ერთხელ - ისიც ბოლოს ახალგაზრდების მსოფლიოს ჩემპიონატზე დამარცხდი.
- ტოტი უფრო კარგად იყო მომზადებული ამ შეჯიბრებისთვის და ამით მაჯობა.

- მსოფლიო რეიტინგში ამჟამად მე-9 პოზიციაზე ხართ...
- მოგეხსენებათ, რეიტინგში უფრო ზემოთაც ვიყავი, მაგრამ ცოტა ჩამოვქვეითდი, თუმცა ყველაფერი წინაა. კიდევ ბევრ შეჯიბრებაზე მომეცემა შანსი და აუცილებლად გამოვიყენებ. მთავარია ოლიმპიური თამაშების საგზური მოვიპოვო და იქ მივაღწიო წარმატებას.

Sportall.Ge

- ცოტა ხნის წინ ნაკრებთან ერთად იაპონიაში იყავით შეკრებაზე. რა შთაბეჭდილებით მოიარეთ ძიუდოს სამშობლო?
- იქიდან გამომდინარე, რომ იაპონია ძიუდოს სამშობლოა, განწყობა ამ სახეობის მიმართ განსაკუთრებულია და შეკრებაც მეტად ნაყოფიერი გამოგვივიდა. იქ ბევრი მაღალი კლასის ძიუდოისტია. ისინი ძალიან ბევრს ვარჯიშობენ. ერთი სავარჯიშო დღის განმავლობაში ოცამდე შეხვედრას ვატარებდით, როცა აქ ეს რიცხვი ათს ვერ სცილდება. წარმოიდგინეთ, რომ ამის მიუხედავად, მაინც ვუგებთ იაპონელებს შეჯიბრებებზე და იმავე რეჟიმში მთელი სეზონი რომ ვემზადებოდეთ, წარმოიდგინეთ, კიდევ რამდენს შევძლებდით ქართველი ძიუდოისტები!

- თავად რა მიმართულებით გირჩევენ მწვრთნელები მომატებას?
- მწვრთნელები მირჩევენ, რომ მეტი უნდა ვივარჯიშო. მეც ასე მოვიქცევი, უფრო მეტად მოვინდომებ, რათა შესაძლებლის მაქსიმუმს მივაღწიო.

- და ბოლოს, ბექა, ვის უძღვნით ხოლმე თქვენს გამარჯვებებს?
- მხოლოდ და მხოლოდ მამას, რომელმაც დამაყენა იმ გზაზე, რომელზეც ახლა ვდგავარ და ყოველმხრივ შემიწყო ხელი, რომ წარმატებული მოჭიდავე გავმხდარიყავი.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 5 /
მაგარი კაცი ხარ ბექა! დარწმუნებული ვარ,კიდევ ძალიან ბევრჯერ ასახელებ სამშობლოს.
ფერნანდო
13:13 28-12-2014
0
გენაცვალე ტაისონ,გაგვახარე ყველა.ისე,თუ მაგრად ივარჯიშებ,არ იზარმაცებ,უამრავი ტიტული წინ გაქ!!!რამდენი ნიჭიერი "გაგვიფუჭდა"სიზარმაცისთვის!რამდენი ოლიმპიური და მსოფლიო ვერ მოვიგედ მხოლოდ იმის გამო,რომ დაიზარეს და სათანადოდ არ ივარჯიშეს!!!მიდი მიაწექი რა,გაგვახარე 10-15 წელი საქართველო,შენი ოჯახიც და შენი თავიც,დავიჯერო ცუდი გვინდა ვინც ამას გისურვებთ????!რა ჯობია უამრავი ტიტულით რო გახვალ "პენსიაში"???სახელი,დიდება და სამშობლოს დიდებას რა ჯობია?!!!
davidbe
15:31 28-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული