მათ რადიკალურად განსხვავებული მიზნები აქვთ - ადგილობრივი სპორტსმენები თუ ჯერ ისევ თავის დამკვიდრებისთვის იბრძვიან და ოლიმპიურ ლიცენზიაზე ოცნებობენ, სტამი რეალურად ირჯება ამ საგზურისთვის.
შეგახსენებთ, რომ ის სალიცენზიო რეიტინგში 202 ქულით მე-14 ადგილზეა, საგზურს კი 16 საუკეთესო იღებს. შესაბამისად, მათი მოსამზადებელი გეგმაც რადიკალურად განსხვავებული იქნება - სტამი უფრო პრესტიჟულ და შედარებით მეტ ტურნირში გამოვა, ვიდრე - ადგილობრივები, თუმცა მათი
წლეულს სერიოზულად შეიცვლება სტამისადმი მიდგომა და ახალ მოდელზეც ფიქრობენ, ოღონდ ჯერ კონკრეტული გადაწყვეტილებები არაა მიღებული.
მოგეხსენებათ, ის ძირითადად ჰოლანდიაში, ევროპაში ერთ-ერთ ანგარიშგასაწევ კლუბ "ჰაარლემ კანამიუში" ვარჯიშობს, შარშან კი საქართველოში შეკრებებზე ჩამოდიოდა.
მაშინ ის ვაჟთა ნაკრებთან ერთად ემზადებოდა ირაკლი უზნაძის ხელმძღვანელობით, თუმცა წლეულს ვარაუდობენ, მას საგანგებოდ მიამაგრონ რომელიმე მწვრთნელი ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად.
ფაქტობრივად, აქაც იმავე კურატორზეა ლაპარაკი, ოღონდ, როგორც გითხარით, ეს საკითხი ჯერ ისევ განხილვის პროცესშია.
ცხადია, მისი პირადი მწვრთნელის ფაქტორიც გასათვალისწინებელია, რადგან სტამი აქამდე, ძირითადად, მასთან ვარჯიშობს. არადა, დრო არ ითმენს და უახლოეს დღეებში ყველაფერი უნდა გაირკვეს. ასევე, მაქსიმუმ, ერთ კვირაში საბოლოოდ დადგინდება, რომელ ტურნირებში იჭიდავებს ის.
ფედერაციის პრინციპული მიდგომაა, რომ ევროპის პირველობამდე სამ ტურნირში მაინც გამოვიდეს.
დღეისათვის გადაწყვეტილია, რომ სტამი აუცილებლად იასპარეზებს 20-22 მარტს თბილისში, "დიდ პრიზზე". ის უკვე დარეგისტრირებულია 21-22 თებერვალს დიუსელდორფში, ამავე რანგის შეჯიბრებაზე, თუმცა გერმანიაში მისი წასვლა საბოლოოდ ერთ კვირაში დაზუსტდება - ჯერ მხოლოდ 90 პროცენტია ამის ალბათობა, მესამე სტარტი კი კვლავაც გასარკვევია.
სამაგიეროდ, გადაჭრით შეიძლება იმის თქმა, რომ სტამი გერმანიამდე ჩასატარებელ სოფიისა და რომის "ევროპის ღია თასებზე" არ გამოვა.
სტამის გარდა, ფედერაცია ქალებში აქცენტს წლეულსაც ჭაბუკთა ნაკრებზე გააკეთებს, რომელიც ივლისის ბოლოს თბილისში გასამართავ ევროპის ზაფხულის ბავშვთა ოლიმპიურ ფესტივალზე იჭიდავებს.
ჯერჯერობით ქართველ ქალებს დიდი სტუმრიანობა აქვთ - ერთობლივ შეკრებაზეა ჩამოსული აზერბაიჯანის ნაკრები, ეს წვრთნები კი გორში მიმდინარეობს.
ჩვენი მეზობლები ევროპის თამაშებისთვის ემზადებიან, რომელიც ივნისში ბაქოში ტარდება. მათ თვითონ უთხოვიათ აქ ჩამოსვლა და 25 სპორტსმენითაც გვესტუმრნენ. მათ შორისაა გუნდის ლიდერი, მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი კიფაიატ გასიმოვა (57). გვჯერა, ასეთ გუნდთან სპარინგი ჩვენებს დადებითად წაადგებათ.
ქალთა ნაკრებების მთავარ მწვრთნელ გია თენაძის გადაწყვეტილებით, ჭაბუკთა გუნდი სეზონის პირველ შეჯიბრებას 7-8 მარტს სტამბოლში გამართავს, დანარჩენი სტარტები კი ამის შემდეგ დადგინდება.
რაც შეეხებათ უფროსებს, თენაძის სურვილია, ევროპამდე მათაც სამ ტურნირში იასპარეზონ - მარტში თბილისისა და სამსუნის "დიდ პრიზებზე", აგრეთვე - აზერბაინჯანში ადგილობრივ შეჯიბრებაში, თუმცა სტამის გარდა, 9-12 აპრილს გლაზგოში, ევროპის პირველობაზე რომელიმე ადგილობრივი სპორტსმენის წაყვანა ჯერ გადაწყვეტილი არაა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"