ირაკლი უზნაძე: რაც უფრო ვუახლოვდებით ევროპის პირველობას, წრეს უფრო ვავიწროებთ

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრებმა უკვე დაიწყო ახალი სეზონი - ამ უქმეებზე სოფიაში გამოვიდა "ღია კონტინენტურ თასზე".

თებერვალში მათ კიდევ ორი შეჯიბრება ელოდებათ - მომავალ შაბათ-კვირას რომში გამოვლენ იმავე რანგის ტურნირზე, ერთი კვირის თავზე კი დიუსელდორფში იასპარეზებენ "დიდ პრიზზე". ჩვენები ამ დილით უკვე გაფრინდნენ იტალიაში, საიდანაც გუნდის ნაწილი გერმანიაში გადაინაცვლებს, ნაწილი კი თბილისში დაბრუნდება.

სოფიაში ჩვენებმა სათადარიგო შემადგენლობით იჭიდავეს და ოქროს ვერ შესწვდნენ, თუმცა 4 მედალი კი მოიპოვეს - 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. ცხადია, ჩვენთვის მთავარი დიუსელდორფისა და მისი მსგავსი
მაღალი რანგის შეჯიბრებებია, თუმცა ბულგარეთის დარი ტურნირებიც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც რეზერვის დათვალიერების, მათი გამოცდის კარგი საშუალება.

ნაკრების მთავარ მწვრთნელ ირაკლი უზნაძესაც ძირითადად ამაზე ვესაუბრეთ, ოღონდ არც მოახლოებული ტურნირებისთვის აგვივლია გვერდი.

- რას იტყვით ბულგარეთში თქვენი გუნდის გამოსვლაზე, რამდენად ხართ კმაყოფილი?

- მოგეხსენებათ, სოფიაში უმეტესად მესამე-მეოთხე, ზოგ წონაში კი მეხუთე ნომრებითაც ვიყავით წარმოდგენილნი. აქედან გამომდინარე, შედეგი ლოგიკურია, თუმცა ზოგიერთ წონაში მეტს ველოდით. ამ ეტაპზე მათ ვერ აჩვენეს შესაძლებლობების მაქსიმუმი. მაგალითად, მეტს ველოდით ზებედა რეხვიაშვილისა და ზვიად გოგოჭურისგან, თუმცა ვიმედოვნებთ, ისინი მომავალში გაგვიმართლებენ იმედებს. ამის საწინააღმდეგოდ, იყვნენ ისეთები, რომლებმაც ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. უპირველესად - მედალოსნები.

- მარგველაშვილისგან არ ელოდით უფრო მეტს იმის გათვალისწინებით, რაც მან ბოლო შეჯიბრებებზე აჩვენა?

- ცხადია, მისგანაც მეტს ველოდით, თუმცა უფრო მეტის იმედი იმათგან გვქონდა, რადგან შარშან ანალოგიურ ტურნირებზე ჩემპიონები გახდნენ. მარგველაშვილი მზარდი სპორტსმენია, მაგრამ მისგან არ გვქონია იმხელა მოლოდინი, როგორც - იმათგან. მას გამორჩეული შედეგისთვის ჯერ არ მიუღწევია, თუმცა იაპონიის შეჯიბრების შემდეგ ვფიქრობდით, რომ მოუმატებდა. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ცოტა შებოჭილი იყო და თავისი მაქსიმუმი ვერ აჩვენა.

- რეხვიაშვილის და გოგოჭურის ასეთ გამოსვლას რით ახსნით?

- მათ ისეთი შეცდომები დაუშვეს, რაც ასეთი დონის სპორტსმენებს არ ეპატიებათ. ორივე შეხვედრის ბოლოს დამარცხდა და ის შესვლა არც სჭირდებოდათ. ძველებური სქემით რომ წაეყვანათ ორთაბრძოლები, საქმეს გამარჯვებამდე მიიყვანდნენ, მაგრამ თავის თავში ზედმეტად დაჯერებულები იყვნენ და ამანაც იმოქმედა. ამიტომ წავიდნენ გდებაზე, შედეგად კი კონტრშეტევაზე მოჰყვნენ.

- ანუ ტაქტიკური შეცდომებით ხსნით?
- კი, რა თქმა უნდა, ტაქტიკური შეცდომა იყო. შეხვედრა ორივეს ძალიან კარგად მიჰყავდა და მოგებამდე ბევრიც არაფერი რჩებოდათ, მაგრამ...

- მარგიანმა რატომ არ იჭიდავა?
- წასვლის წინ სიცხე მისცა - 40-41 გრადუსი ჰქონდა და ვეღარ იჭიდავა.

- ხუთეულში მოხვედრილებიდან რომელს გამოარჩევთ? ან იქნებ უმედლოდ დარჩენილებიდან გამოჰყოფთ ვინმეს?
- ყველამ კარგად იჭიდავა, განსაკუთრებით კი - მედალოსნებმა. ლუხუმ ჩხვიმიანმა დამაჯერებლად იასპარეზა. შარშანდელთან შედარებით, აშკარად ემჩნევა, რომ უფრო მონდომებით და გაწონასწორებული ჭიდაობს. ლილუაშვილმაც საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა - მებრძოლია, ტაქტიკურადაც სწორად წაიყვანა შეხვედრები, ფრიდონ გიგანმა კი რთული ბადე გაიარა. მისი ერთ-ერთი მეტოქე ბელგიელი დირკ ვან ტიხელტი იყო - ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ორგზის მესამე პრიზიორი, წონის ერთ-ერთი ლიდერი, ვინც წინა წლებში ერთი პერიოდი რეიტინგსაც კი ედგა სათავეში.

გიგანმა მას საკმაოდ დაძაბული ბრძოლა მოუგო. მანამდე თურქთა ევროპის პრიზიორი ჰასან ვანლიოღლუც დაამარცხა, ვინც ყველასთვის უხერხული მეტოქეა. იქნებ გიგანი ეფექტური ჭიდაობით არ გამოირჩევა, მაგრამ იბრძოლა ამ ბიჭმა.

საკმაოდ განსხვავებული სტილით იჭიდავა გიორგი პაპუნაშვილმა და ძლიერადაც იასპარეზა. მედალოსნებიდან მისი გამოსვლა განსაკუთრებულია, რადგან ახალი სახით წარმოგვიდგა. ის ამ სტილში ადრეც ჭიდაობდა, მაგრამ ახლა უფრო დახვეწილად, უფრო სრულყოფილად ასრულებდა. მართალია, ცოტა ერთი-ორ მომენტში ზედმეტს იღებდა საკუთარ თავზე, მაგრამ საბოლოოდ მაინც ძლიერად იასპარეზა.

- უახლოეს შაბათ-კვირას, რომის ტურნირზე რა შემადგენლობით იასპარეზებთ?
- რომში შემდეგი ფალავნები იჭიდავებენ: ამირან პაპინაშვილი (60), შალვა ქარდავა, ტრისტან ფეიქრიშვილი, თორნიკე თათარაშვილი (66), ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, ფრიდონ გიგანი (73), თამაზ კირაკოზაშვილი (81), ბექა ღვინიაშვილი (90), რევაზ წულუკიძე, ალექსანდრე მსხალაძე, გიორგი სეტიელი (100), ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (+100).

უკვე გარკვეულია რომის შემდგომ, მომდევნო უქმეებზე, 20-22 თებერვალს დიუსელდორფის "დიდ მუზარადზე" წამსვლელი შემადგენლობაც: პაპინაშვილი და ლაშა გიუნაშვილი (60), ქარდავა და ვაჟა მარგველაშვილი (66), შავდათუაშვილი და ტატალაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი და უშანგი მარგიანი (81), ღვინიაშვილი და ვალერი ლიპარტელიანი (90), ალექსანდრე ზაალიშვილი (100), ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (+100).

გერმანიაში საქართველოს ჩემპიონ ლაშა გურულსაც უნდა ეჭიდავა, მაგრამ ბულგარეთში ტრავმა გაუმიზეზდა. ის იქ ისედაც ტრავმირებული ჭიდაობდა და ექიმებმა ორკვირიანი დასვენება გამოუწერეს. მას საზარდული აწუხებს, ეს კი ისეთი ტრავმაა, წინასწარ ვერაფერს იტყვი.

- საინტერესოა, რომის ტურნირის შემადგენლობის შერჩევისას რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელეთ?

- ჯერ ბულგარეთზე გეტყვით, რომლის შემადგენლობაც საქართველოს ჩემპიონატის შედეგებით შეირჩა. რაც უფრო ვუახლოვდებით ევროპის პირველობას, ამ წრეს უფრო ვავიწროებთ. ამასთან, იტალიაში რამდენიმე წამყვანი სპორტსმენის ჩართვაც გადავწყვიტეთ, დიუსელდორფში კი, ძირითადად, ლიდერები იასპარეზებენ.

- ანუ რომის ტურნირს, ძირითადად, ახალგაზრდების გამოსაცდელად იყენებთ...
- კი, რომის ტურნირს დიდწილად ამისთვის ვიყენებთ და ის ახალგაზრდები მიგვყავს, რომლებიც სოფიაში ვერ გამოვცადეთ. თუმცა ლიდერებისთვის მას სხვა დანიშნულება აქვს - მიგვყავს ისინი, ვისაც დიდი ხანია, არ უჭიდავია და მათთვის ესაა დიუსელდორფის სტარტი. მაგალითად, პაპინაშვილმა ტრავმა მიიღო და კარგა ხანია, არ უჭიდავია. ამიტომ დიუსელდორფამდე შედარებით სუსტ შეჯიბრებაზე გამოგვყავს, თუ შეიძლება ასე ითქვას, "გასახურებლად".

- შავდათუაშვილის შესახებ რა ინფორმაცია გაქვთ, რამდენად კარგად ჩაატარა შეკრება იაპონიაში?

- საკმაოდ კარგად ივარჯიშა და კმაყოფილიც იყო, თუმცა ცოტა გაციებულა და ყელი სტკიოდა. დანარჩენი ყველაფერი ნორმალურად ჩაატარა და დასახული გეგმის მიხედვით ივარჯიშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აშკარააა ქართული ძიუდო აღმავლობის გზას ადგას! ეს პირველ რიგში განპირობებულია პროფესიონალური მიდგომით და მოჭიდავეებით! კარგი იქნებოდა ანალოგიური სიტუაცია გვქონდეს სპორტის სხვა ინდივიდუალურ სახეობებში!
ლაშა
16:41 12-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული