ესტერ სტამმა ხელზე ოპერაცია გაიკეთა

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტ ქალთა ნაკრების ლიდერმა ესტერ სტამმა (70) ხელზე ოპერაცია გაიკეთა და სეზონის დასაწყისს გამოტოვებს. ჰოლანდიელს მაჯა შარშანაც აწუხებდა, თუმცა სეზონი მაინც ჩაამთავრა და დეკემბერში მშობლიური ქალაქის კლუბს - "ჰაარლემ კანამიუს" "ოქროს ლიგაში" გადასვლაშიც დაეხმარა. იმ ტურნირში ეს კლუბი მესამეზე გავიდა, საბოლოო წარმატებაში კი სტამმა ლომის წილი შეიტანა - ოთხივე შეხვედრაში იჭიდავა და ყველა მოიგო.

ოპერაციაც ამის შემდეგ გაიკეთა ჰოლანდიაში და ახლა სარეაბილიტაციო პერიოდსაც იქ გადის. იქაურ ექიმთა თქმით, ნაოპერაციების მოშუშებას დაახლოებით ერთი თვე კიდევ სჭირდება და მარტის ბოლოს თბილისის
"დიდ პრიზზე" ჭიდაობა უნდა შეძლოს. თუმცა წინასწარ გადაჭრით ვერავინ ვერაფერს იტყვის, მაგრამ ვიქონიოთ იმედი, რომ 20-22 მარტამდე, როცა ჩვენი შეჯიბრება ჩატარდება, მართლაც მოასწრებს გამოჯანმრთელებას. არადა, მის გამოსვლას 20-22 თებერვალს, დიუსელდორფის "დიდ პრიზზე" მოელოდნენ.

შეგახსენებთ, რომ ესტერ სტამი საქართველოდან ჯერჯერობით ერთადერთი ქალია, ვინც სალიცენზიო რეიტინგში საგზურის მომპოვებელთა შორის შედის. ის მსოფლიოს რეიტინგში 425 ქულით 35-ე ადგილზეა, მაგრამ სალიცენზიო რეიტინგი ცოტა განსხვავებულად დაითვლება - იქ სტამის მაჩვენებელი 202 ქულაა, რაც მე-14 ადგილს შეესაბამება. თუმცა ჩვენებურს მარაგში ორი ადგილი აქვს. საქმე ისაა, რომ მას უსწრებს ბრაზილიელი მარია პორტელა, ვისაც მასპინძლის სტატუსით ოლიმპიადაზე ჭიდაობა განაღდებული აქვს.

ჩვენებურს ორი გერმანელიც უსწრებს, თამაშებზე კი ქვეყნიდან წონაში მხოლოდ ერთი წარმომადგენელი დაიშვება, ხოლო მეორე ამოვარდება. სავარაუდოდ, იანა მარზოკი იქნება, თორემ ევროპისა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ლაურა ვარგას-კოჩი ლიცენზიის კანდიდატთა სიას სათავეში უდგას. თუმცა ვინც უნდა აარჩიონ გერმანელებმა, ჩვენებური, რეალურად, ამ სიაში მე-12-ეა, ოღონდ მაროკოელი ასმაა ნიანგი მას მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს.

ამ სიიდან 14 მოწინავე სპორტსმენი პირდაპირ იღებს ლიცენზიას, რასაც ემატება რეგიონული კვოტები, ოღონდ ის კონტინენტებისთვის განსხვავებულია - 1 ან 2 საგზური. ერთი სიტყვით, დარჩენილ 15 თვეში (სალიცენზიო შეჯიბრებები გაისად, მაისის ბოლოს მთავრდება) რა უნდა მოხდეს, რომ სტამი 16-ეულს მიღმა დარჩეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული